ავტორი:

"გამაყრუებელი ქარი ამოვარდა, ნომერში კოჭებამდე წყალი იყო... მორჩა, ვერ გადავრჩები-მეთქი და ტრაპში წყლის ჩასხმა დავიწყე"- როგორ აღმოჩნდა გოგა ჩანადირი სტიქიების პირისპირ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში?

"გამაყრუებელი ქარი ამოვარდა, ნომერში კოჭებამდე წყალი იყო... მორჩა, ვერ გადავრჩები-მეთქი და ტრაპში წყლის ჩასხმა დავიწყე"- როგორ აღმოჩნდა გოგა ჩანადირი სტიქიების პირისპირ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში?

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 130-მდე ქვეყანაშია ნამყოფი და მათგან ზოგიერთში რამდენჯერმე. მოგზაურობისადმი ინტერესი 16 წლის ასაკიდან გაუჩნდა და მისი პირველი სერიოზული მოგზაურობაც მაშინ შედგა. წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნისას გოგა სხვადასხვა სახის სტიქიის პირისპირ რამდენჯერმე აღმოჩნდა.

როგორ გადაურჩა თითოეულ მათგანს, რას გრძნობდა უცხო ქვეყნებში უმძიმეს წუთებში, როგორ ემზადებიან სხვა ქვეყნები მოსალონელი სტიქიის დროს და რა საპრევენციო ღონისძიებებს მიმართავენ. ამ თემაზე გოგა ჩანადირი ექიმ გიორგი ღოღობერიძეს გადაცემაში „როგორ გადავრჩი“ ცოტა ხნის წინ, ივლისში ესაუბრა.

2018 წელი ინდონეზია - მიწისძვრა

- სტიქია ალბათ ის მოვლენაა, რომლის წინაშეც ადამიანი უძლურია. 4 ამბავს გავიხსენებ და გამოვყოფ, რომელთა წინაშეც როგორც ადამიანი სუსტი ვიყავი. პირველი ეს იყო მიწისძვრა 2018 წელს ინდონეზიაში, რაც მე იქ გადავიტანე, ამის გახსენება ახლა მზარავს... მიწისძვრის სიმძლავრე 7-ნახევარი ბალი გახლდათ. კონკრეტულად ბალიზე სასტუმროს ნომერში ვიყავი, საწოლზე ვიწექი და ბასილაშვილის ჰამბურგის ფინალს ტელეფონში ვუყურებდი. უცებ გრუხუნი გავიგონე, მერე რაღაცა ძალამ ქვემოდან ამომარტყა და მაღლა ავხტი - არ ვაჭარბებ, შეიძლება ნახევარ მეტრზეც კი.

მიწისძვრა საქართველოში კი გადამიტანია, მაგრამ ვერ მივხვდი, ის რა იყო, მერე წამის მეასედებში გავაცნობიერე, რაომ მიწისქვეშა ბიძგები უნდა ყოფილიყო. წამოვდექი და კარის ჩარჩოს ქვეშ დავდექი. იმ წუთებში თავში რა არ დატრიალდა, ძალიან მძიმე განცდები მქონდა...

ბალიზე ასეთი სტანდარტი და ტრადიცია აქვთ - არ შეიძლება მაღალი შენობების აგება, ამიტომ, განივი, გრძელი შენობებია, მატარებლის ვაგონის სიგრძისაც კი. ეს იმის გამო, რომ ინდონეზიაში 100-მდე მოქმედი ვულკანია, სეისმურად აქტიური ქვეყანა და კუნძულებია. ამის გარდა აქვთ ღვთაება გარუდას ქანდაკება და ვერც ერთი შენობა მასზე მაღალი ვერ ვერ იქნება. ასეთი მიდგომა შველის კიდეც ქვეყანას და კუნძულებს იმაში, რომ მიწისძვრა დამანგრეველი არ იყოს. მოკლედ, პირველი რაც მოხდა, ტელეფონზე შეტყობინება მივიღე, - უსაფრთხოდ ხარ? - მივხვდი, რომ საშინელება მოხდა. „ფეისბუქმაც“ ამომიგდო ასეთი ტექსტი - „მონიშნე თავი, თუ უსაფრთხოდ ხარ“. საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც მომიკითხეს... შემდეგ ჩავთვალე, რომ სულ ეს იყო და ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ საღამოს მითხრეს, რომ სასტუმრო უნდა დამეტოვებინა, რადგანაც მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე არსებობდა. ვიფიქრე, კარგი, მიწისძვრას გადავურჩი, მაგრამ ცუნამის როგორ გადავურჩე, სად წავიდე?! მით უფრო, რომ 2004 წელს უკვე ვიცოდი, რა იყო ცუნამი. მაშინ ცუნამის ინდონეზიაში მძიმე შედეგები ჰქონდა, - 300 000-მდე ადამიანი დააზარალა და იქ ვმუშაობდი, იმ მოვლენებს ვიღებდი...

ამჯერად თავი ღმერთს, განგებას მივანდვე და სტრესის ფონზე ფეხების მასაჟზე დავჯექი, მაგრამ ვერ ვიტყვი, სტრესმა და შიშმა გამიარა-მეთქი... მერე ისე მოხდა, რომ ცუნამის საფრთხე გაუქმდა. ეს რომ გამოაცხადეს, მშვიდად წამოვედი, ჩავთვალე, რომ აღარაფერი მოხდებოდა. მაგრამ ამას ყველაზე მთავარი მოჰყვა. როგორც წესი, მიწისძვრას განმეორებითი ბიძგები ახასიათებს. ოღონდ, უფრო დაბალი სიმძლავრის. დილის 10-ის ნახევარზე გავიღვიძე, საუზმეზე უნდა ჩავსულიყავი და უარესი სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. შენობაში დიდი ბზარები გაჩნდა, ცუდად გავხდი. მივხვდი, რომ ქვეყანა უნდა დამეტოვებინა, არადა, გამოსაფრენად კიდევ 2 დღე მქონდა დარჩენილი. მოკლედ, რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადავლახე და საუზმეზე ჩავედი, მაგრამ ვხდები, რომ ჩემს ორგანიზმში რაღაც ხდება, რაღაც პროცესი მიდის და დავიწყე საკუთარი ორგანიზმის მოსმენა. მივხვდი, რომ თავში რაღაც მიტრიალებდა. ეს „ტრიალი“ სამი თვე გაგრძელდა. მოგვიანებით როდესაც ინფორმაციებში ჩავიხედე, ბალის აეროპორტი, საიდანაც უნდა გამოვფრენილიყავი, მიწისძვრის მერე დაინგრა...

2008 წელი - გრიგალი კუბასა და იამაიკაზე

- პირველი გრიგალი იამაიკაზე გადავიტანე, „გუსტავი“ ერქვა (გრიგალებს იცით, რომ სახელები კაცის და ქალის სახელები ჰქვიათ. ისე მოხდა, რომ ჯერ „კაცი“ დამესხა თავს, მერე - „ქალი“). წინა დღეს ვნახე, რომ ხალხი ფარდულებიან მაღაზიებს კარებს დაზოლილად აჭედებდნენ. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, თუმცა მათთვის გრიგალი ჩვეულებრივი მოვლენაა. დედაქალაქი სტიქიისთვის ემზადებოდა. ვიყავი ყველაზე მაღალსართულიან სასტუმროში, რომ ავხედე, რა არის აქ ასაჭედი-მეთქი?! 12 სართულზე ვცხოვრობდი. უცებ სასტუმროს მეგაფონში ხმა გაისმა, - იყავით ფრთხილად, გვიკითხავდნენ ინსტრუქციებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ოღონდ, ვერ ვხდებოდი, რა მზადყოფნაზე იყო საუბარი. გრიგალის დროს რატომ იყო ასეთი სიფრთხილე საჭირო. უცებ ატყდა ლეწა-ლუწის ხმა, გავხედე, ცა ჩაშავდა, ყველაფერი დანისლიანდა, მინებს ტოტების ფრაგმენტები ხვდებოდა და შეგრძნება იყო, რომ ყველაფერი უნდა დამტვრეულიყო... სასტუმროს დერეფანში გავედი, საიდანაც ეზო ჩანდა, დავინახე, სასტუმროს ეზოში წყალი ამოდიოდა. ახლა თუ ჩავიძირე-მეთქი - გავიფიქრე, მაგრამ თავი დავიიმედე, რადგან მე-12 სართულზე ვცხოვრობ და განა რამდენად უნდა ჩაიძიროს შენობა, რომ წყალმა ასე ზემოთ ამოაღწიოს-მეთქი. მოკლედ, მძიმე ღამე იყო...

დილით საუზმეზე რომ ჩავედი, ყველაფერი გათიშული დამხვდა, მოგვიტანეს მხოლოდ პური, ძეხვი და თვითმფრინავში პატარა ჯემებს რომ არიგებენ ხოლმე ასეთი სახით ჯემი. მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო... შემდეგ კუბაზე თავს გრიგალი ქალი „აიკი“ დამესხა... მოვიდა, სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელი და მითხრა, რომ დღეს სხვა, შედარებით უსაფრთხო სასტუმროში უნდა გადაგიყვანოთ, რადგან ჩვენი სასტუმრო იმ გრიგალს ვერ გაუძლებს, რაც მოსალოდნელია. ექსპერტებმა მძიმე დასკვნა დადესო. საღამოს 5 საათი იყო.

სადაც გადამიყვანეს, იქ მაჭამეს, დამაბინავეს და მითხრეს, რა უნდა გამეკეთებინა - რომ სტიქია 8 საათზე დაიწყებოდა, ნომერში უნდა ვმჯდარიყავი, ფეხი არსად უნდა გამედგა, მაგრამ მაინც ავდექი და სადილის მერე სანაპიროზე გავედი. ყველაფერი მწვანე და ხასხასა იყო, უბრალოდ ქარი ქროდა. ეს თუა გრიგალი, ამას გავუძლებთ-მეთქი. მერე ვიგრძენი, რომ ქარი გაძლიერდა. ნომერში დავბრუნდი. უცებ შემოვიდა სასტუმროს თანამშრომელი და ჩემი ნომრის აივნის სარკმელის დანომვრა დაიწყო, X დააწერა. ეს იმისთვის, რამე რომ დაგემართოთ, ადვილად გიპოვოთო. რა უნდა დამემართოს-მეთქი?! - გავიოცე. საშინელი გრიგალი მოდის, მისგან დაზღვეული არავინააო. გული გამისკდა, ახლა უფრო დაბალ სართულიან შენობაში ვიყავი. ბარგი კარადაზე ზემოთ შემოდეთო. ასეთმა გაფრთხილებამ ცუდად იმოქმედა.

ყველაფერი მართლაც ზუსტად იყო გათვლილი, დადგა თუ არა 8 საათი, დედამიწამ იხუვლა, გამაყრუებელი ქარი ამოვარდა. თან მოჰყვა წვიმა, მესამე სართულზე ვიყავი და ნომერში კოჭებამდე წყალი მომწვდა. მივხვდი, რაც ხდებოდა, შევამოწმე პასპორტი ხომ თან მქონდა და გულთან ახლოს ჯიბეში ჩავიდე, რამე რომ მოხდეს, მიპოვიან, ვინ ვარ-მეთქი. ბარგიც შევამოწმე, თუ რაღაც, დავავლებ ხელს და გავვარდები-მეთქი, მაგრამ სად უნდა გავვარდნილიყავი, უკვე ღამე იყო.

ერთადერთი რაც მოვიფიქრე, აბაზანაში ჩავიკეტე, სარკმლები არ აქვს-მეთქი, დაცულ ადგილად მივიჩნიე. შუქიც ჩაქრა, მობილურზე ფანარი ჩავრთე (ფარნიანი ნოკიების პერიოდი იყო). წყალი აბაზანაშიც შემოვიდა. მორჩა, ვერ გადავრჩები-მეთქი და ტრაპში ფეხით ჩასხმა დავიწყე, რომ ცოტა გაეწოვა. წყალს ფოთლები მოჰყვებოდა და ტრაპიც გაჭედა, ხელით ვცდილობდი, ამომეღო, რომ წყალი ადვილად გასულიყო. წყალი შეფერხებით, მაგრამ მაინც გადიოდა და ეს მამშვიდებდა, არ დავიხრჩობი-მეთქი. ნახევარი საათი ვიბრძოლე.

მერე როგორღაც გამოვედი, რადგანაც წყალმა იკლო, მაგრამ ნომერი სულ სველი იყო, თუმცა წყალი ლოგინამდე არ იყო მისული, რაც იმის საშუალებას მაძლევდა, რომ დავწოლილიყავი. ვაი, იმ დაძინებას, თან ქარის ხმა მესმოდა. მაინტერესებდა, გარეთ რა ხდებოდა... დილას წყლის დონემ დაიკო და როგორღაც გავედი, ვხედავ, სახურავები გადახდილია, ხეებს არც ერთი ფოთოლი არ აქვს... ვიკითხე, იყო თუ არა მსხვერპლი-მეთქი? მითხრეს, მხოლოდ 2 ადამიანი დაშავდაო და გამიხადა, რადგან ისეთი უმძიმესი, შიშისმომგვრელი ღამე იყო და არ მეგონა, თუ ვინმე გადარჩებოდა. 4 დღე იმ სასტუმროში მამყოფეს, ხოლო საიდანაც გადმომიყვანეს ისიც და სხვაც ბევრი, მთლიანად დაინგრა. არ იყო შუქი, წყალი, მაგრამ სასტუმრო რაღაცნაირად ახერხებდა ჩაით გამასპინძლებას... ვერსად მოვდიოდი, ერთადერთი გარეთ გამოვდიოდი და ფოტოებს ვიღებდი.

2004 წელი - შრი-ლანკა ცუნამის შემდეგ

- იქ რომ ჩავედი, ცუნამი უკვე მომხდარი იყო, უმძიმესი ამბები მოხდა, 35.000 ადამიანი დაიღუპა, უდიდესი მსხვერპლი იყო, იმიტომ, რომ ხალხს ამ ყველაფერთან გამკლავების გამოცდილება არ ჰქონდა. მანამე სადაც ვიყავი, იქ იცოდნენ, თავი როგორ დაეცვათ, იმიტომაც გადარჩნენ. მოკლედ, შრი-ლანკაში რომ ჩავედი, მითხრეს, ხალხი როგორ დაიღუპა...

თავიდან ოკეანემ უკან დაიწია, ფსკერი გამოჩნდა და ხალხმა იქ შესვლა დაიწყო, ბავშვებმა თამაში, თუმცა უეცრად 18-მეტრიანი ტალღა დაიძრა, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა. ცუნამისაც აქვს გამეორებების რისკი, ერთი, როცა დიდი ტალღით მოდის, მეორე - ნელ-ნელა მოდის და ზემოთ იწევა. ამბობენ, ეს მეორე "ნელი სიკვდილიაო“. ყველაფერი უცებ მიაქვს.

მე დეკემბერში ჩავედი, საშინელება ხდებოდა, იყო როგორც გამეორების საფრთხე, ასევე ეპიდემიის, რადგანნ ცხელოდა... იქ როგორც რეპორტიორი ისე ვიყავი, რომ ყველაფერი გადამეღო, აღმებეჭდა და მსოფლიოსთვის მეთქვა... ასეც მოხდა, მერე გამოფენაც მოვაწყვე, ბრიტანეთის საბჭო დამეხმარა და მაშინ ერთი მილიონი დოლარის მობილიზება შევძელით და მარტში გადავურიცხეთ. ასეთი ტიპის გამოფენები და რეპორტაჟები ცნობიერებას ამაღლებს, ადამიანებს ეუბნები, რომ სულმცირე მაღალი სტანდარტებით უნდა ააგო შენობები, შრი-ლანკასა და ინდონეზიაში ცუდი შენობები ჰქონდათ, უხარისხოდ აშენებული. მოკლედ, ბევრი მძიმე ეპიზოდი მაქვს გამოვლილი.