დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა გამოცემა "მედუზამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 - ლი სექტემბრიდან რუსეთში ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც ეფ-ეს-ბეს ექნება წვდომა იმ მომხმარებლების მონაცემებზე, რომლებიც საზღვარგარეთ სარგებლობენ რუსული კომპანია Yandex Taxi-ის სერვისით. მათივე ინფორმაციით, კანონს ხელი პრემიერმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. ლაპარაკია ისეთ მონაცემებზე, როგორიცაა ადამიანის სახელი და გვარი, საბანკო ინფორმაცია, ლოკაცია, სატელეფონო კონტაქტები და ა.შ. ამ ინფორმაციებს მათ შორის, ქართველი მომხმარებლების, "იანდექსი“ ამჟამადაც აგროვებს და ამუშავებს, თუმცა ოფიციალურად ამ მონაცემებზე ეფ-ეს-ბეს აქამდე წვდომა არ ჰქონია. "მედუზის“ თანახმად, საქმე შეეხება "იანდექსის“ შემადგენლობაში შემავალ მგზავრთა გადამყვან კომპანიებს - Yango და Yandex Go. კომპანია "იანდექსი" საქართველოში სწორედ Yandex Go-ს სახელით ოპერირებს.
თავად Yandex-ი ამ ინფორმაციას უარყოფს. კომპანიის პრესსამსახურმა გამოცემა "მედუზას" განუცხადა, რომ ტაქსით მგზავრობის შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ იმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ, სადაც ტაქსის სერვისით სარგებლობენ.
როგორც გამოცემა იტყობინება, დაახლოებით ერთი წლის წინ, Yandex Go-ს თანამშრომლები დაინტერესდნენ, კონკრეტულად სად ინახება ტაქსით მგზავრობის მონაცემები. მათ ამ კითხვით ხელმძღვანელობას მიმართეს. მიუხედავად ომისა, სერვისი 20-მდე ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის: საქართველოში, ისრაელში, სომხეთში, ნორვეგიაში, ფინეთში და სხვა.
თანამშრომლები მას შემდეგ დაინტერესდნენ მონაცემების შენახვის საკითხით, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ეფ-ეს-ბეს მუდმივად ექნებოდა წვდომა ტაქსის იმ სერვისებთან, რომლებიც "ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორების“ რეესტრშია. როგორც ირკვევა, ყველა რუსული სერვისიდან რეესტრში ჯერჯერობით მხოლოდ "Yandex Go” არის შეტანილი.
Meduza-ს ამ სკანდალური სტატიის შემდეგ, განცხადება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა:
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია "Yandex.Go“-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის".
ოფიციალური განცხადება გაავრცელა Yandex Go - მაც, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ FSB მიიღებს წვდომას სერვისის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში განხორციელებული მგზავრობის მონაცემებზე.
Yandex Go-ს პრესსამსახურის ოფიციალური კომენტარი:
"რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება საქართველოში წარმოდგენილ სერვისზე და არც ამ სერვისის მომხმარებლებზე, ვინაიდან ისინი ახორციელებენ მგზავრობას და იყენებენ აპლიკაციას რუსეთის ფედერაციის საზღვებს გარეთ. ეს არ შეცვლება არც 1 -ლი სექტემბრის შემდეგ.
ნიდერლანდური კომპანია Ridetech International B.V., რომელიც ახორციელებს Yandex Go-ს სერვისს საქართველლოში, მომხმარებლების პერსონალური მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და GDPR-ს სტანდარტების მიხედვით, ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების ყველა გათვალისწინებულ უფლებას.
ისევე როგორც ადრე, მონაცემების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ სერვისის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნით და მხოლოდ დადგენილი საერთაშორისო პროცედურების ფარგლებში.
ჩვენი კომპანია იცავს უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალ სტანდარტებს, რასაც ადასტურებს საერთაშორისო საჯარო ანგარიში SOC2/3“.
ავტორი: ანრი კურტანიძე