ავტორი:

"ახლა ყურადღება გასამახვილებელია ტეტანუსზე, მაღალი რისკის ქვეშ არიან სტიქიის ზონაში მომუშავეები... თუ დაზიანებაზე მოგხვდებათ მიწა ან ტალახი, უნდა დამუშავდეს" - რას ამბობენ ეპიდემიოლოგები შოვში არსებულ მდგომარეობაზე

"ახლა ყურადღება გასამახვილებელია ტეტანუსზე, მაღალი რისკის ქვეშ არიან სტიქიის ზონაში მომუშავეები... თუ დაზიანებაზე მოგხვდებათ მიწა ან ტალახი, უნდა დამუშავდეს" - რას ამბობენ ეპიდემიოლოგები შოვში არსებულ მდგომარეობაზე

არსებობს თუ არა საფრთხე შოვში ეპიდემიის გაჩენისა? - აღნიშნული კითხვა არაერთხელ დაიბადა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიგებთ, რომ სტიქიამ შოვის მიმდებარე სოფლების პირუტყვიც იმსხვერპლა. მაღალი ტემპერატურა და ტალახის ფენის ქვეშ მოყოლილი ლეში კი, რასაც შოვის ნამეწყრალზე მაშველებიც ხშირად პოულობენ, ამაზე დაფიქრების საბაბს ნამდვილად იძლევა. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ Ambebi.ge ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას დაუკავშირდა.

ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი: გეტყვით თუ რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ეს საკითხი საპრობლემო და რა დროს იზრდება ეპიდემიის გაჩენის რისკები. ზოგადად, მკვდარი ცხოველებისგან, ლეშისგან შეიძლება ინფექციები გავრცელდეს, თუმცა მისი ფართომასშტაბიანი გავრცელების რისკი მაღალია მაშინ, თუ ინფიცირებული და დიდი ხნის მკვდარი ცხოველი მოხვდება სასმელი წყლის სისტემაში, ან იმ რეზერვუართან, რომელიც სისტემაში მიედინება და შესაძლოა, ვინმემ გამოიყენოს ეს წყალი სასმელად ან გარკვეული ტექნიკური მოხმარების მიზნით. წყლის დაბინძურების შემთხვევაში, არსებობს ისეთი ბაქტერიების გავრცელების რისკი, რომლებიც იწვევენ ნაწლავურ ინფექციებს. თუმცა, როგორც ვიცი, მკაცრად კონტროლდება და დამეწყრილ ტერიტორიას არ აქვს კავშირი იმ წყლებთან, რომლებსაც მოსახლეობა სხვადასხვა საჭიროებისთვის იყენებს. ასე რომ, იმის ალბათობა, რომ რაიმე ნაწლავური ინფექცია გავრცელდეს, თუნდაც რეგიონული მასშტაბით, არის მინიმალური.

ყველაზე მეტად ინფექციებიდან, ახლა ყურადღება გასამახვილებელია ტეტანუსზე. მაღალი რისკის ქვეშაა ის ადამიანები, ვინც უშუალოდ მუშაობენ დამეწყრილ ზონაში. ვგულისხმობ: მაშველებს, მოხალისეებს, პოლიციელებს და.ა.შ. მოგეხსენებათ, იმ ტერიტორიაზე არის ნიადაგი, სილა, შლამი, ტალახი და მუშაობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური აღჭურვილობით და დამცავი საშუალებებით მუშაობენ, მაინც არსებობს ალბათობა, რომ ეს ნიადაგი მოხვდეს ჭრილობაში, ან დაზიანებულ კანზე და ასეთ შემთხვევაში თეორიულად იზრდება ტეტანუსის განვითარების რისკი. ამიტომ, პირველ რიგში უნდა მოხდეს ამ ჭრილობების დროულად დამუშავება გამდინარე წყლით, ანტისეპტიკური საშუალებებით, შემდეგ კი მედ.პუნქტში სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, სჭირდება თუ არა ამ ადამიანს ტეტანუსის ვაქცინის გაკეთება.

ტეტანუსი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც მეორენაირად ჭრილობის ინფექციას უწოდებენ. ძირითადად ინფიცირება ხდება, როდესაც ადამიანს უკბენს ცხოველი, ამიტომაა ძაღლის ან რომელიმე ცხოველის კბენის შემდეგ ცოფზე აცრასთან ერთად, აკეთებენ ტეტანუსზე ვაქცინაციასაც. იმიტომ, რომ ცხოველის პირის ღრუში შესაძლოა, იყოს ეს მიკრობი. ასევე შეიძლება დაინფიცირება მოხდეს ნიადაგში ლაფში არსებული, რომელიმე ბასრი საგნით ჭრილობის მიღების შედეგად. ეს შესაძლოა იყოს ჟანგიანი ლურსმანი, ხის ტოტი და ა.შ.

- მიმდინარეობა როგორი აქვს ამ ინფექციას?

- საკმაოდ მძიმე, სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს, თუ დროულად არ მოხდა პრევენცია და არ ჩატარდა შესაბამისი ვაქცინაცია. რაც შეეხება სიმპტომებს, აქვს მრავალფეროვანი, თუმცა ყველაზე დამახასიათებელია კუნთების კრუნჩხვა, რომელიც იწყება ე.წ. ტრიზმით, რაც ნიშნავს ყბის და საღეჭი კუნთების ტკივილის და მოძრაობის შეზღუდვით მიმდინარებს. ამას ერთვის მაღალი ტემპერატურა და შემდეგ მთელ სხეულის დაჭიმულობა, რამაც იმ დონემდე შეიძლება მოიმატოს, რომ განვითარდეს ძვლების, სახსრების დაზიანება და მათ შორის სასუნთქი კუნთების ისეთი დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუსაბამოა. თუმცა, ამ დაავადების კარგი პრევენცია არსებობს დღესდღეობით, ეს არის ვაქცინა.

იქ ისეთ რთულ პირობებში მუშაობენ, რომ პატარა ნაკაწრს არავინ მიაქცევს ყურადღებას, მაგრამ თუ დაზიანებაზე მოგხვდებათ მიწა ან ტალახი, უნდა დამუშავდეს. ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ არ შეიძლება ჭრილობა დავფაროთ მჭიდრო ნახვევით, იმიტომ, რომ თუ არის ტეტანუსზე ეჭვი, პირიქით, უჰაერო გარემო ხელს უწყობს ამ მიკრობის გამრავლებას. ამიტომაა რომ ე.წ. „პლასტირის" დაკვრაც არ არის რეკომენდებული. ჭრილობა პირველ რიგში უნდა დამუშავდეს გამდინარე წყლით, ამის მერე ანტისეპტიკური საშუალებით, შემდეგ კი ვაჩვენოთ სპეციალისტს მედ.პუნქტში, რომელიც შეაფასებს ვაქცინაციის საჭიროების საკითხს.

- რა შემთხვევაში იცრებიან ტეტანუსზე?

- თუ ადამიანი უახლოესი 2-3 წლის წლის განმავლობაში არის ვაქცინირებული, მაშინ შეიძლება არ გაკეთდეს ვაქცინა. მაგრამ ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 90%-ს ტეტანუსზე არ აქვს ჩატარებული ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე, თუ ანამნეზურად გიყვება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ტეტანუსის ვაქცინა არ გაუკეთებია, მას ხელახალი ვაქცინაცია ეკუთვნის, რაც რეკომენდებულია, რომ არ გადადოს.

ნატო დვალი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახური, ეპიდემიოლოგი: ინფექციის გავრცელების საშიშროება ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ „წითელი ჯვარი" ძალიან კარგად კურირებს და მასთან ერთად პროცესის მართვაში ჩართული ვართ ყველა. მალფუჭებადი პროდუქტები არ მიეწოდებათ აქ მყოფებს, ყველაფერი ახალია, რაც ზონაში შედის. ამ ყველაფრის განაწილებასაც ახდენენ „წითელი ჯვრის" მოხალისეები. მარაგს მაცივრებში ათავსებენ. წყალი მიეწოდებათ მხოლოდ ბოთლებით, ამიტომ გამორიცხულია, რომ ინფექციამ იჩინოს თავი. ამ წუთში ასეთი მოცემულობა გვაქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ექსტრემალურ საველე პირობებშიც, მაქსიმალურად დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, რომ არ მოხდეს ნაწლავური ინფექციის გავრცელება.

სამუშაოების გამო, რომელიც მიწასთან და ლაფთანაა კავშირში, ტეტანუსის გავრცელების საშიშროება იყო და ქუთაისის სამმართველომ გამოაგზავნა მანქანა აცრებისთვის, რომელიც აღჭურვილია ყველანაირად და შესაძლებელი არის აცრა ადგილზევე ჩაუტარდეს მსურველს. მანქანა "წითელი ჯვრის" კარვებთან დგას, შოვის შესავლელთან, სადაც ყოველთვის მორიგეობს ექიმი და ექთანი. მანქანაში აცრა შეუძლია 13 წლიდან მოსახლეობას, ხოლო ბავშვებს დახმარება გაეწევათ ონისა და ამბროლაურის საავადმყოფოებში ასაკის შესაბამისი ვაქცინით.

ტეტანუსის ბაქტერია მიწაში წლების განმავლობაში ძლებს, ამიტომ როცა მიწასთან ვმუშაობთ, შესაძლოა, უბრალო ნაკაწრითაც შეაღწიოს ბაქტერიამ ორგანიზმში. პროფილაქტიკის მიზნით, მოზრდილი მოსახლეობა ყოველ 10 წელიწადში უნდა იცრებოდეს, ვისაც არ აქვს ტეტანუსის ვაქცინა გაკეთებული, სჯობს არ გადადოს და დროულად აიცრას.