ავტორი:

ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება - ცეცხლმა ისტორიული ქალაქი ლაჰაინა მთლიანად გაანადგურა

ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება - ცეცხლმა ისტორიული ქალაქი ლაჰაინა მთლიანად გაანადგურა

მძვინვარე ტყის ხანძრებმა და ქარიშხალმა ჰავაის კუნძულ მაუიზე მდებარე ისტორიული ქალაქი ლაჰაინა გაანადგურა. შტატის ამერიკელმა სენატორმა ბრაიან შატმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ "ლაჰაინა თითქმის მთლიანადაა დამწვარი". ოფიციალური ცნობით, მაუის ოლქში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე, 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაშავებულია ათობით ადამიანი.

მაუის საავადმყოფოები დამწვარობითა და კვამლით მოწამვლის დიაგნოზით მიყვანილი პაციენტებითაა გადატვირთული.

"მეხანძრეები კვლავ ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, ჩვენი მაშველები კი სამძებრო-სამაშველო რეჟიმში არიან", - განაცხადა ბრაიან შატმა.

ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სწრაფად მოდებული ცეცხლისგან თავის დასახსნელად ზოგიერთი ადამიანი ოკეანეში გადახტა. აშშ-ს სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მათ წყლიდან ათეულობით ადამიანი ამოიყვანეს. მაუის ოლქის მერმა, რიჩარდ ბისენ უმცროსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბევრი სახლი და ბიზნესსტრუქტურა მთლიანად განადგურდა.

სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ქალაქის მცხოვრებმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ნავსადგურში ყველა ნავი დაიწვა.

"ეს ფილმიდან ომის სცენას ჰგავდა", - ამბობს კრის ლოვიტი.

მაუის ზარალის ზუსტი დათვლა ჯერჯერობით შეუძლებელია და ოფიციალური პირები დაღუპულთა რიცხვის ზრდასაც არ გამორიცხავენ. კუნძულზე მცხოვრები დაახლოებით 2100 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი მდაეტოვებინა. ასევე, ათასობით ადამიანი დღემდე ელექტროენერგიის და სატელეფონო კავშირგაბმულობის გარეშე რჩება. სახელმწიფო ტრანსპორტის წარმომადგენელმა კი პრესასთან თქვა, რომ დაახლოებით 4 000 ვიზიტორი ჯერ კიდევ ცდილობს კუნძულის დატოვებას.

ამ დროისთვის მაუიში სამი დიდი ხანძრის კერა კვლავ აქტიური და კონტროლგარეშეა. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ცეცხლი ქარიშხალმა დორამ გაავრცელა და მას ხელი ტენიანობის დაბალმა დონემ შეუწყო.

აშშ-ის პრეზიდენტნა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფედერალურმა მთავრობამ უკვე გაგზავნა ჰავაიზე დახმარება და დასძინა, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტი მაუიდან ტურისტების ევაკუირებაზე მუშაობს.

ლაჰაინა მაუის დასავლეთით მდებარე ისტორიული ქალაქია. მისი ცენტრი 1700-იანი წლებით თარიღდება და აშშ-ს ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრშია შეტანილი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა