ავტორი:

"უყვარდათ ყველგან, სამშობლოს გარდა" - გარდაიცვალა საოცარი ისტორიის მუსიკოსი, რომელიც თავს მშენებლობაზე მუშაობით ირჩენდა, სამხრეთ აფრიკაში კი მუსიკის ღმერთად ჰყავდათ გამოცხადებული

"უყვარდათ ყველგან, სამშობლოს გარდა" - გარდაიცვალა საოცარი ისტორიის მუსიკოსი, რომელიც თავს მშენებლობაზე მუშაობით ირჩენდა, სამხრეთ აფრიკაში კი მუსიკის ღმერთად ჰყავდათ გამოცხადებული

81 წლის ასაკში ამერიკელი მუსიკოსი სიქსტო როდრიგესი გარდაიცვალა. როდრიგესის ხანმოკლე კარიერა 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 70-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მუსიკალური ინდუსტრიის აღიარება ვერ მოიპოვა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნამდვილ სუპერვარსკვლავად იქცა.

  • ადრეული ცხოვრება და კარიერა

სიქსტო როდრიგესი მექსიკელი ემიგრანტების ოჯახში მეექვსე შვილი იყო. მშობლებმა სახელი დაბადების რიგის მიხედვით დაარქვეს - "Sixto“ ესპანურად მეექვსეს ნიშნავს. 16 წლის ასაკში როდრიგესმა გიტარაზე დაკვრა დაიწყო და საშუალო სკოლა მიატოვა.

1970 და 1971 წლებში ორი ალბომი გამოუშვა - სახელწოდებით Cold Fact და Coming From Reality - ორივე მათგანი კომერციულად წარუმატებელი გამოდგა და ჩამწერმა კომპანიამ როდრიგესთან კონტრაქტი შეწყვიტა. ამის მიუხედავად, ჩანაწერებმა საკულტო სტატუსი მოიპოვა სხვა ქვეყნებში, კერძოდ, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში - იქ მისი სიმღერები ხშირად ისმოდა რადიოში და დიდი რაოდენობითაც იყიდებოდა.

სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდობისთვის როდრიგესის სიმღერები ანტი-აპარტეიდის მოძრაობის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა. თავად მომღერალს კი ისეთ როკ-ვარსკვლავებს ადარებდნენ, როგორებიც ბობ დილანი და ჯიმი ჰენდრიქსი იყვნენ.

როდრიგესმა მუსიკალური კარიერა 1976 წელს დაასრულა, დეტროიტში მიტოვებული სახლი იყიდა და წლების განმავლობაში თავს მშენებლობებზე მუშაობით ირჩენდა, პარალელურად კი სამ ქალიშვილს ზრდიდა. მიუხედავად ამისა, დაკვრა არასდროს შეუწყვეტია და ადგილობრივებისთვის კონცერტებს მართავდა.

  • ხელახალი აღმოჩენა და პოპულარობა სამხრეთ აფრიკაში

წლების განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში როდრიგესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი დადიოდა - ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მომღერალმა თითქოს თავი სცენაზე მოიკლა, ზოგი ამბობდა, რომ ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალაო, ზოგიც კი ამტკიცებდა, რომ როდრიგესი ცოცხალი იყო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

1996 წელს ჩანაწერების მაღაზიის მფლობელმა სტეფან სეგერმანმა და ჟურნალისტმა კრეიგ ბართლომეომ როდრიგესის ძებნა დაიწყეს. მათ შექმნეს ვებგვერდი სახელწოდებით Great Rodriguez Hunt და აღმოაჩინეს, რომ მომღერალი დეტროიტში ცხოვრობდა.

1998 წელს მისთვის სამხრეთ აფრიკის ტური მოეწყო, რომელსაც მოჰყვა გასტროლები ნამიბიაში, ინგლისში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში.

2012 წელს როდრიგესს პოპულარობის მორიგი ტალღა ეწვია - ამჯერად მთელ მსოფლიოში. ის მალიქ ბენჯელულის დოკუმენტური ფილმის “Searching for Sugar Man”- ის მთავარი გმირი გახდა. ფილმი სამხრეთ კეიპთაუნში მცხოვრებ ორ ადამიანზე გვიყვება, რომლებიც სიქსტო როდრიგესის პოვნას ცდილობენ.

2013 წლის 10 თებერვალს ფილმმა BAFTA-ს ჯილდო მოიპოვა, ორი კვირის შემდეგ კი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში, "ოსკარის" გამარჯვებული გახდა.

პირველი ალბომის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ, როდრიგესმა აღიარება სამშობლოშიც მოიპოვა - 2018 წელს გასტროლები აშშ-სა და კანადაში გამართა.

სიქსტო როდრიგესი 2023 წლის 8 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ის იყო ლეგენდა საოცარი ცხოვრებისეული ისტორიით. აშშ-ში არ აფასებდნენ, მაგრამ აქ, სამხრეთ აფრიკაში ყველას ძალიან უყვარდა. მის მსგავსს ვეღარასდროს ვიხილავთ“, - ასე გამოეხმაურა მის გარდაცვალებას სამხრეთ აფრიკელი მუსიკოსი დევიდ სკოტი.