ავტორი:

"ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების მიმდებარედ ვიპოვეთ" - რას ამბობს მღებრიშვილი დაკარგულთა სიაზე და როდემდე გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები შოვში?

"ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების მიმდებარედ ვიპოვეთ" - რას ამბობს მღებრიშვილი დაკარგულთა სიაზე და როდემდე გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები შოვში?

"პრემიერის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი", - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როდის დასრულდება შოვში სამძებრო სამუშაოები.

"ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები, იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს სტიქიური უბედურების ზონებში. თუმცა, პრემიერის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.

გარდა ამისა, მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ცხედარი, დაახლოებით 12, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მისი თქმით, ამჟამად ინტენსიური სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, თემურ მღებრიშვილი განმარტავს, რომ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში, სამძებრო ღონისძიებებში 800-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სტიქიის მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდა.

"უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა საგამოძიებო და ოპერატიული სამუშაოები. დაიდენტიფიცირდა შეტყობინებებში მყოფი პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე და საბოლოოდ სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უკრაინის რესპუბლიკის ორი და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, საიდანაც 2 პირთან მალევე მოხდა დაკავშირება. დაკარგული 34 პირიდან, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის - ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად, მოხდა შეტყობინების ინიციატორთან ინფორმაციის გადაზუსტება და ამ მონაცემების მქონე პირის დაკარგულთა სიიდან ამოღება მოხდა“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.