ავტორი:

რა ხდება გომბორის უღელტეხილზე და რამდენად არსებობს მეწყრისა და ღვარცოფის საფრთხე? - "ისეთი პროცესი, როგორიც შოვში განვითარდა, არ შეიძლება გომბორზე მოხდეს"

რა ხდება გომბორის უღელტეხილზე და რამდენად არსებობს მეწყრისა და ღვარცოფის საფრთხე? - "ისეთი პროცესი, როგორიც შოვში განვითარდა, არ შეიძლება გომბორზე მოხდეს"

3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოებაში გაიზარდა დაინტერესება თუ რა მდგომარეობაშია სხვადასხვა მეწყერსაშიში რეგიონები საქართველოში. ერთ-ერთი ამგვარი ადგილი გომბორის უღელტეხილია, სადაც გზის რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ვაზიანი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზა საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 2 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა. იმხანად გზის რეაბილიტაციაზე 37 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს "გარანტია მისცა“, რომ გზას 10 წელი პრობლემა არ შეექმნებოდა, თუმცა გომბორის გზის მონაკვეთი ჯერ კიდევ გახსნიდან ორ თვეში დაზიანდა. მას შემდეგ, ძველი თუ ახალი მთავრობის პირობებში გომბორის გზაზე თითქმის ყველა სეზონზე სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები ხდება საჭირო.

რამდენად საშიშია გომბორის გზა, რას უნდა ელოდონ მიმდებარე სოფლების მოსახლეობა და მგზავრები, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან თბილისი-თელავის გზაზე, ამ თემაზე კომენტარი გეოლოგ სანდრო თვალჭრელიძეს ვთხოვეთ. სტატიის მომზადებისას ასევე დავუკავშირდით თელავის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ანდრიაშვილს, რომლის თქმითაც, რეაბილიტაცია კიდევ ერთ წელს გაგრძელდება.

სანდრო თვალჭრელიძე:

- გომბორზე არ არის მდინარის ხეობა, რამაც შეიძლება მსგავსი კატასტროფები გამოიწვიოს, თუმცა შეიძლება პერიოდულად პატარ-პატარა მეწყერი ჩამოწვეს. ზოგადად გომბორის გზა არ არის ცუდად გაყვანილი, რადგან მადლობა ღმერთს, ეს გზა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იყო დაგეგმილი. ასე რომ, ისეთი ტიპის პროცესი, როგორიც შოვში განვითარდა, არ შეიძლება გომბორზე მოხდეს. გომბორზე შეიძლება წვიმებმა გამოიწვიოს პატარა მეწყერი, მოხდეს თოვლის ჩამოწოლა, გზის გადაღობვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გომბორზე ღვარცოფი არ შეიძლება განვითარდეს.

- ბატონო სანდრო, ამჟამად გომბორის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თქვენ ხართ საქმის კურსში, რა ტიპის სამუშაოებია?

- ორი წელია ამ გზაზე არ ვყოფილვარ და ახლა არ ვიცი, რას აკეთებენ. ზოგადად გომბორზე მხოლოდ ერთი მეწყრული ადგილია, დაახლოებით 10-15 მეტრი, სადაც ხშირად არ იყო ასფლატი, რადგან სულ ფუჭდებოდა. ახლა როდესაც გააკეთებენ, აუცილებლად ვნახავ და შევაფასებ რა გაკეთდა.

- რამდენიმე წლის წინ, ორივე მთავრობის მიერ განიხილებოდა გომბორზე გვირაბის გაჭრა, თუმცა 2017 წელს, ეს პროექტი შეჩერდა. სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტი, დამღუპველი იქნებოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებული შეიძლება იყოს გომბორზე გვირაბის გაჭრა?

- როკის გვირაბი გააკეთეს და ის არ ინგრევა, 22-კილომეტრიანი გვირაბია ალპების ქვეშ შვეიცარიაში. რატომ იქნება დამღუპველი, ვინ არიან, ვინც ამას ამბობს, მშენებლები არიან? - შეისწავლეს ქანების ფიზიკურ თუ მექანიკური თვისებები ან ქანების სიმაგრე. სად ნახეს საინჟინრო პროექტი? - რატომ იძახიან ასეთ რაღაცებს, რაზეც აზრზე არ არიან.

- მოსახლეობა რომ დავამშვიდოთ, ვისაც კახეთის გზაზე უწევთ გადაადგილება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გომბორზე არანაიარი საფრთხე არ ემუქრებათ?

- ვიდრე რეაბილიტირებულ გზას არ ვნახავ, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ღვარცოფული პროცესები იქ 100%-ით გამორიცხულია. საერთოდ გომბორზე არც ყოფილა არავითარი პრობლემა გარდა დიდთოვლობისა და ამით გამოწვეული პროცესებისა.

- შესაძლოა, ამ პროცესების გამო, თუნდაც რომელიმე სოფელს დაემუქროს საფრთხე?

- არა, რადგან სოფლები გომბორის ქვევით არის, ან უღელტეხილის დასაწყისში. კიდევ ერთხელ გეტყვით, გზის რეაბილიტაცია რომ დასრულდება, გავივლი და გეტყვით, არის თუ არა პრობლემა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იქ კატასტროფულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მდინარეებისა თუ მეწყრული ადგილების შესწავლა მუდმივად მიმდინარეობს. ჩვეთან საუბრისას ასევე შეეხო ვანთის ხევზე გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ შესაძლოა, შოვის მსგავსი რამ კახეთშიც განმეორდეს.

ლევან ანდრიაშვილი:

- გომბორის გზის ეს მონაკვეთი, საქალაქთაშორისო გზაა და არ არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. ჩემი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საშიში მონაკვეთების გაფართოება, ასფალტის საფარის შეცვლა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი მერედან-სიონის გადასახვევამდე. რაც შეეხება დასრულების პერიოდს, შემდეგი წლის ზაფხულის ბოლოს უნდა დამთავრდეს. ეს იყო საკმაოდ ვიწრო და ამორტიზირებული გზა, ახლა ძალიან კარგი საფარი კეთდება.

- მოსახლეობას ავტოტრანსპორტით შეუძლია მშვიდად გადაადგილდეს?

- დიახ, ჩემი ინფორმაციით, მანდ არანაირი საშიში, დამეწყრილი მონაკვეთი არ არის, თუმცა გამორიცხული არაფერია, მთებია, უღელტეხილი, შეიძლება მცირე დაზიანება ოდესმე მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე საშიში არაფერია. შოვის ტრაგედიის შემდეგ ყველამ თავის პრეტენზია გამოთქვა, ნახსენები იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მდებარე ხევიც. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მეორე დღესვე მივედი და ადგილზე ვნახე, რა მდგომარეობა იყო. ეს გახლავთ ბუნებრივი ტბა, ხოლო სურათი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, წლების წინანდელია და დღეს საერთოდ სხვა მდგომარეობაა და არანაირ საშიშრობას არ წარმოადგენს.

როგორც გითხარით, მეორე დღესვე მივედი ადგილზე, მომდევნო დღეს სამინისტროდან ჩამოვიდნენ შესაბამისი სპეციალისტები. ადგილზე შეამოწმეს მონაკვეთი და უახლოეს პერიოდში ველოდებით დასკვნას. ამ დროის ინფორმაციით, არანაირი საფრთხეს არ არსებობს.

თელავის მუნიციპალიტეტში მდინარეები გვაქვს, რომლებიც დიდი წვიმებისა და უამინდობის შემთხვევაში, დიდდებიან ხოლმე, მაგრამ ისეთი კატასრტოფული შედეგები წარმოუდგენელია. ჩვენ მუდმივად ვფლობთ ინფორმაციას, სად რომელი მდინარე შეიძლება იყოს საშიში. 2021 წლიდან ვმუშაობ ამ პოზიციაზე და რაიმე სახის მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა აქ არ ყოფილა. არ ველით, რომ შეიძლება დამეწყრილი მონაკვეთები გაჩნდეს და ღვარცოფი გამოიწვიოს, ყველა მდინარე ჯერჯერობით სტაბილურ მდგომარეობაშია.