ავტორი:

"მწერალთა სახლში "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული..." - როგორ ეხმაურებიან ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი ქეთის დუმბაძის ახალ თანამდებობას?

"მწერალთა სახლში "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული..." - როგორ ეხმაურებიან ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი ქეთის დუმბაძის ახალ თანამდებობას?

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

გადაწყვეტილებას კრიტიკული პოსტებით გამოეხმაურნენ მწერალი ლაშა ბუღაძე და პოეტი რატი ამაღლობელი:

ლაშა ბუღაძე: მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული... "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს. ვიდრე "ოცნება" იქნება ხელისუფლებაში - ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება... თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს "ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე" პოსტების მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური "კულტურის მუშაკების" გულის მოგებას... რომელიმე რუსულ კანონ 2-ს ალბათ უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს "ძველ და საყვარელ" საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!

რატი ამაღლობელი: ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებილია, ყველგან ვიწრო პარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვალა აქამდე არსებული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა.

ვფიქრობ დღეს ცალ-ცალე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო დაგვაცალკევებს. გამოსავალი ამ 12 წლიანი ერთპარტიული მონოპოლიის შეცვლა იქნებოდა. ძირეული ცვლილებების გარეშე არათუ დამოუკიდებელი ინსტიტუციებს, არამედ მთლიანად საქართველოს, როგორც სახელემწიფოსაც დავკარგავთ. უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვისაუბროთ ახალ ალტერნატივებზე კულტურაში, განათლებაში, ეკონომიკაში. შევქმნათ ახალი დღის წესრიგი, ახალი გაერთიანებები, სადაც საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მკაფიოდ დაინახავენ. ასეთი გაერთიანებებისაა მომავალი.