კატალონიელი ნუდისტები მათთვის გამოყოფილ სანაპიროებზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ხალხის მომრავლებას აპროტესტებენ - "ეს ჩვენი უპატივცემულობაა"

კატალონიელი ნუდისტები მათთვის გამოყოფილ სანაპიროებზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ხალხის მომრავლებას აპროტესტებენ - "ეს ჩვენი უპატივცემულობაა"

კატალონიაში ნუდისტური სანაპიროს სიშიშვლის მოყვარული სტუმრები პროტესტმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ხალხი მომრავლდა. 56 წლის სეგიმონ როვირას, რაც თავი ახსოვს, ამ კონკრეტულ სანაპიროზე სულ ნუდისტები დადიოდნენ, ახლა კი აღშფოთებულია დამსვენებლების ქცევით, რომლებიც პლაჟს საცურაო კოსტიუმებით სტუმრობენ.

როვირას აზრით, ასეთი დამსვენებლები ნუდისტებს თავს არაკომფორტულად აგრძნობინებენ.

"ისინი ვერც კი აცნობიერებენ, რომ თავს არაკომფორტულად გვაგრძნობინებენ. ეს უპატივცემულობაა", - ამბობს მამაკაცი.

შედეგად, როვირამ და სხვა ნუდუსტებმა კამპანია წამოიწყეს, რომელიც რეგიონის დაახლოებით 50 პლაჟზე ათწლეულების ტრადიციის დაცვას ისახავს მიზნად. "ნუდიზმი ესპანეთში აკრძალული არაა და ამის გაკეთება მაშინ ნებისმიერ სანაპიროზე შეგიძლიათ", - ამბობს როვირა, რომელიც კატალონიის ნატურისტ-ნუდისტთა ფედერაციის ხელმძღვანელია.

"იმის გამო, რომ არ გვსურს ხალხი შევაწუხოთ, ტრადიციულად ნუდისტურ პლაჟებს ვსტუმრობთ. გვინდა, რომ ხალხმა ამას პატივი სცეს."

ამ ცოტა ხნის წინ, ასოციაციამ კატალონიის მთავრობას წერილი მისწერა, რომელშიც ითხოვენ "განიხილონ ის დისკრიმინაცია, რომელსაც ნუდისტები კატალონიის სანაპიროებზე აწყდებიან". მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ ამ მოთხოვნაზე ოფიციალური პასუხი.

"არიან ნუდისტები, რომლებმაც ზოგიერთ პლაჟზე სიარული საერთოდ შეწყვიტეს, რადგან ისინი ხალხმრავალია და ბევრ ადამიანს აცვია საცურაო კოსტიუმი, ამის გამო ისინი დისკომფორტს განიცდიან".

ზოგმა ვიზიტორმა იმიტომ გადაწყვიტა პლაჟზე ჩაცმული სიარული, რომ სმარტფონიანი დამსვენებლები ხშირად იღებდნენ სანაპიროზე ფოტოებს სოციალურ ქსელში გასაზიარებლად. "შიშველ ადამიანებს არ სურთ თავიანთი ფოტოები სოციალურ მედიაში მოხვდეს", - აკონკრეტებს როვირა.

ზოგიერთი ნუდისტი კი დაცინვის და შევიწროვების მსხვერპლი გახდა და ამიტომ შეწყვიტა პლაჟზე შიშველი სიარული.

"სამწუხაროდ, ქალებს, როგორც წესი, უფრო მეტად აყოლებენ თვალს და ავიწროვებენ. ასე რომ, ისინი ორჯერ უფრო მეტად არიან დისკრიმინირებულნი", - ამბობს ნუდისტთა ფედერაციის უფროსი. მამაკაცი იმედოვნებს, რომ მათი კამპანია დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ გარკვეული პლაჟები ნუდისტებისთვის უსაფრთხო სივრცედ დარჩეს და ტრადიცია შენარჩუნდეს".

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა