ავტორი:

ყველაზე სასიკვდილო სტიქია ჰავაის ისტორიაში: სრულად განადგურებულია ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქი - ზარალის აღდგენას წლები დასჭირდება (ფოტოები)

ყველაზე სასიკვდილო სტიქია ჰავაის ისტორიაში: სრულად განადგურებულია ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქი - ზარალის აღდგენას წლები დასჭირდება (ფოტოები)

ჰავაის კუნძულ მაუიზე კვლავ ტყის ხანძარს ებრძვიან. დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, რაც მას ყველაზე სასიკვდილო სტიქიად აქცევს კუნძულის ისტორიაში.

კომენდანტის საათი მოქმედებს ყოველდღიურად ადგილობრივი დროით 22:00 საათიდან 06:00 საათამდე, ხოლო ქალაქის ზოგიერთ ნაწილში სამძებრო და სამაშველო პერსონალია მობილიზებული.

დასავლეთ მაუის ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. ტყის ხანძრის შედეგად დაკარგულებს ეძებენ სამძებრო ბრიგადები - ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ამ დრომდე 17 ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს წყლიდან, ქალაქის ნავსადგურთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

ჰავაის გუბერნატორ ჯოშ გრინის განცხადებით, კუნძულ მაუის ტყის ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენას წლები დასჭირდება. 1000-ზე მეტი შენობა განადგურდა ლაჰაინაში, მდიდარი ისტორიის მქონე სანაპირო ქალაქში, რომელიც წელიწადში ორ მილიონ ტურისტს იზიდავს - მოსალოდნელია, რომ ზარალის აღდგენას მილიარდობით დოლარი დასჭირდება.

ხანძარი ჰავაის კუნძულ მაუიზე სამშაბათს ღამით დაიწყო. ქარმა და მშრალმა ამინდმა მისი სწრაფი გავრცელება გამოიწვია. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.