ავტორი:

რუსი მომღერალი ამბობს, რომ ყაზბეგში ნასვამმა ქართველებმა ქორწილი "მოჰპარეს": "გავბრაზდი, ვცდილობდი არ შემემჩნია მათი "დამეგობრების“ მცდელობა"

რუსი მომღერალი ამბობს, რომ ყაზბეგში ნასვამმა ქართველებმა ქორწილი "მოჰპარეს": "გავბრაზდი, ვცდილობდი არ შემემჩნია მათი "დამეგობრების“ მცდელობა"

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ქორწილის გადახდის არცთუ ისე სასიამოვნო გამოცდილება აქვთ, ისინი დღემდე ჩამოდიან ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად.

რუსი მომღერალი რიტა დაკოტა სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ გაუფუჭეს ქორწილი საქართველოში ნასვამმა ადამიანებმა. მისი თქმით, ოჯახური დღესასწაული საქართველოს მოსახლეობამ ჩაშალა. დაკოტას თქმით, მან ვერ შეძლო ახლობლებთან დროის გატარება ადგილობრივი მოსახლეობის "სტუმართმოყვარეობის“ გამო.

"ფოტოზეა ჩემი და ფედიას სახეები, როდესაც მეათე ქართულ სადღეგრძელოს ვუსმენთ. საქორწინო სუფრაზე მოვიდნენ მთვრალი ქართველები, რომლებიც არ ასრულებდნენ თავიანთ გამოსვლებს. გავბრაზდი, ვცდილობდი არ შემემჩნია მათი "დამეგობრების“ მცდელობა, როდესაც დავინახე, რომ ოჯახის სხვა წევრები კმაყოფილი იყვნენ ასეთი კომუნიკაციით. ასევე გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ რაც არ უნდა ვისწავლო, მაინც არ ვიცი, როგორ ავაშენო პირადი საზღვრები, ”- აღიარა შემსრულებელმა.

"შემეძლო ავმდგარიყავი და მეთქვა, რომ თავს ასე არაკომფორტულად ვგრძნობდი და მეთხოვა უცნობებისთვის, წასულიყვნენ. მაგრამ ჩემს ოჯახს რომ ვუყურებდი, მათ სახეებზე ვკითხულობდი, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო. ვიღაც ამ ხალხს ესაუბრებოდა, ეწეოდნენ, ხუმრობდნენ, საუბრობდნენ. ქართული სტუმართმოყვარეობა, გიტარით სიმღერა და ა.შ.. მე კი არაფერი მითქვამს, გავჩუმდი, ბოლოს და ბოლოს, დღესასწაული არა მარტო ჩემთვის, პირველ რიგში ჩემი ოჯახისთვის გავაკეთე. ახლა არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა...“ - წერს სოციალურ ქსელში.

მომღერლის კომენტარებიდან ირკვევა, რომ ყაზბეგში გადახდილი ქორწილისას, სუფრასთან ნასვამი ქართველები მივიდნენ და ფაქტობრივად, ქორწილი "მოპარეს...“ ამით კმაყოფილი კი მხოლოდ დაუპატიჟებელი სტუმრები და რუსი მექორწილეები დარჩნენ. თავად პატარძალმა ძალიან მოიწყინა ქართული სადღეგრძელოებით.

რიტას თქმით, ქორწილთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მესაზღვრეებმა მათი სტუმრის ფიოდორ ბელოგაის ცოლი და მისი ძმა დააკავეს, თუმცა, როდესაც შეიტყვეს მათი ჩამოსვლის მიზანი, „შეიწყალეს“ და ისინი გაუშვეს.

ყაზბეგში გამართულ რუსულ ქორწილს წინ უძღოდა ჯვრისწერა თბილისში, ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, როგორ პოზირებს პატარძალი ტაძარში ქართული გალობის ფონზე.

„გუშინ ჩვენ დავქორწინდით საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძარში. ეს დღე ჩვენმა მშობლებმა, ძმებმა და ქალიშვილმა ჩვენთან ერთად გაიზიარეს. ისინი შეესწრნენ უმნიშვნელოვანეს ზიარებას და დაგვლოცეს, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გვისურვეს.“ - წერს ქალი.

რიტა დაკოტამ და ფიოდორ ბელოგაიმ ოფიციალურად 2023 წლის 24 მაისს იქორწინეს. წყვილმა ხელი მოსკოვში მოაწერა, ცერემონიაზე ისინი სკუტერებით მივიდნენ.