presa.ge ჟურნალისტების მთელმა შემადგენლობამ დატოვა

presa.ge ჟურნალისტების მთელმა შემადგენლობამ დატოვა

presa.ge ჟურნალისტების მთელმა შემადგენლობამ დატოვა. ამის მიზეზად ისინი ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლას ასახელებენ.

presa.ge-ს ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, "კავკასუს ონლაინის" მედიაჯგუფის ხელმძღვანელობა შეიცვალა, რომლის შემდეგაც, მათ მიმართ ზეწოლა ხორციელდება. როგორც ისინი აცხადებენ, ჰოლდინგის გენერალურ დირექტორად გიორგი კაპანაძე Real-Tv-დან გადმოიყვანეს, სადაც პრესის მიმომხილველად მუშაობდა.

presa.ge-ს ყოფილმა ჟურნალისტმა როზი ჯღამაიამ კაპანაძის მხრიდან ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა. კერძოდ, ჟურნალისტის ცნობით, კაპანაძე ეუბნებოდა, რომ ხელშეკრულებები მალე უმთავრდებათ, სამსახურიდან კი ვერ გაათავისუფლებს, ვინაიდან ისინი presa.ge-ს დამფუძნებლები არიან.

ჯღამაიას განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ ზეწოლები გაგრძელდებოდა, აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ საიტი მედიაჯგუფისაგან გამოეყოთ. ამაზე ჰოლდინგის ხელმძღვანელებთან ჰქონდათ საუბარი, თუმცა მათ საიტის დათმობაზე უარი განუცხადეს. საიტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გია იაკობაშვილის განცხადებით, presa.ge მათ 2007 წელს დააფუძნეს, 2008 წელს კი, როდესაც საიტი ძალიან პოპულარული იყო, "კავკასუს ონლაინის" მედიაჯგუფის შემადგენლობაში შევიდა. იაკობაშვილის განმარტებით, "კავკასუსის" მაშინდელი ერთპიროვნული მფლობელი მამია სანადირაძე ინტერნეტ მედიაჯგუფს ქმნიდა და ჰოლდინგის გასაძლიერებლად სჭირდებოდა presa.ge, რაზეც საიტის დამფუძნებლებს უარი არ უთქვამთ, ვინაიდან მათ გარანტირებული ხელფასები ექნებოდათ. იაკობაშვილის ცნობით, სარეკლამო სივრცე მთლიანად მიქონდა მედიაჯგუფს.

მისი განმარტებით, საიტის დამფუძნებლებსა და "კავკასუსს" შორის არანაირი იურიდიული დოკუმენტი არ გაფორმებულა, მოხდა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, რის საფუძველზეც შევიდნენ ჰოლდინგის შემადგენლობაში. ახლა კი, როდესაც სანადირაძეს "კავკასუსის" წილის 30% დარჩა, ჰოლდინგის დირექტორად presa.ge-ს ყოფილი თანამრომელი გიორგი კაპანაძე გადაიყვანეს.

presa.ge-ს ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, კაპანაძის დირექტორად დანიშვნას მხარი არ დაუჭირა არც მამია სანადირაძემ და არც უცხოელმა ინვესტორმა, რომელიც 20%-ის მფლობელია.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ კაპანაძის დანიშვნის შემდეგ ჰოლდინგის მიმართულებაც შეიცვალა და I-TV, Real-Tv-ს დაემსგავსა. მათი განცხადებით, I-TV-ს და Real-Tv-ს ჟურნალისტები ერთად დადიან კონკრეტულ დავალებებზე. ჟურნალისტებმა, რომლებმაც presa.ge დატოვეს, შექმნეს ახალი საიტი, რომლის მისამართია presage.tv. ამ საიტზე შესაძლებელია ყველა იმ მასალის წაკითხვა, რომელიც აქამდე presa.ge-ზე იდებოდა. ამასთან, presa.ge-ს ყოფილი ჟურნალისტები აგრძელებენ ბრძოლას სამართლებრივად საიტის დასაბრუნებლად.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები