ავტორი:

"თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული, ამიტომ რუსულ მმართველობას, თავის მინისტრებიანად წერტილი უნდა დავუსვათ" - მამუკა ხაზარაძე

"თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული, ამიტომ რუსულ მმართველობას, თავის მინისტრებიანად წერტილი უნდა დავუსვათ" - მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარი "ტიპური რუსული მენტალობის" განცხადება იყო.

როგორც ხაზარაძე "ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საჭიროა შოვში მომხდარი სტიქიის სათანადო გამოძიება და "ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება. "დღეს ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება შოვში, რომელიც იყო ტიპური რუსული მენტალობის, რუსული მმართველის და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მსგავსი განცხადება, ეს იყო ცინიზმით სავსე. ეს იყო პრაქტიკულად მთელი ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა, ადამიანის უგულებელყოფა და ტყუილებით სავსე განცხადება. ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის, ეს საქართველოს მოსახლეობამ და თითქმის ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამავე დროს, თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული. ამიტომ, ამ რუსულ მმართველობას თავის მინისტრებიანად წერტილი უნდა დავუსვათ. ამ საქმეს, რაც შოვში მოხდა, სჭირდება საკმაოდ სერიოზული გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი ამ რუსული მენტალობის მატარებელი მმართველობის ჩამოშორება ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან“,-განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში, სტიქიის ზონაში, ღამით ვერტმფრენების ფრენის შეჩერებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ ვერტმფრენის ფრენა მთებში რისკთან არის დაკავშირებული."რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ავიაციაში ერკვევა, ყველას კარგად ესმით, ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული, არ შეიძლება, უბრალოდ. შეიძლება დილით გამოვიყვანოთ სამ საათში ადამიანები, გავრისკოთ და ვერტმფრენის დაღუპვას ან პილოტების დაღუპვას“, - განაცხადა გომელაურმა.