შოვის სტიქიისას დაკარგული 4 წლის გიორგი ხორბალაძე ჯერ კიდევ ვერ იპოვეს.
გიორგისთან ერთად ოჯახი კიდევ ორ ადამიანს ეძებდა - ბიჭუნას დედას მანანა ჯაჭვაძეს და მამიდას მარინა ხორბალაძეს. ორივე დაკარგული ამ დროისთვის ნაპოვნია, მათგან მანანა ჯაჭვაძე 10-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ამის შესახებ მათი ოჯახის ახლობელი გიორგი ხორბალაძე სოციალურ ქსელში წერს. ოჯახი რუსთავში ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მყინვარზე კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, რის შემდეგაც, შესაძლოა, მყინვარის ქვეშ დაგუბებულმა წყლებმა გამოხეთქა. ნაკადი დიდი სიჩქარით დაიძრა, მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს გამორეცხა ფერდობების ძირი და შეიერთა დამატებითი მეწყრული სხეულები. მასა მძლავრ ტალახ-ქვიან ღვარცოფულ ნაკადად იქცა და ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, ასე 8-10 წუთში, დაახლოებით 15:15 საათზე, მან დაარტყა შოვს. მომხდარმა სტიქიამ 26 ჰექტარი ტერიტორია დაფარა.