ავტორი:

"თარგმანში დაკარგულები“ - რატომ აღაშფოთა აბიტურიენტთა და პედაგოგთა ნაწილი მათემატიკის გამოცდამ?!

"თარგმანში დაკარგულები“ - რატომ აღაშფოთა აბიტურიენტთა და პედაგოგთა ნაწილი მათემატიკის გამოცდამ?!

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. ყველაზე მეტი უკმაყოფილო აბიტურიენტი მათემატიკის შედეგებით არის. მათი თქმით, უკმაყოფილების მიზეზი ის არის, რომ ამოცანების ტექსტები ლამის "გუგლთრანსლეითით“ იყო ნათარგმნი და მათში გასარკვევად გამოცდისთვის გამოყოფილი დრო არასაკმარისი აღმოჩნდა.

მარიამ ასლანიშვილი, აბიტურიენტის მშობელი: "პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკის გამოცდაში ჩაიჭრა. მე თვითონ მათემატიკოსი ვარ და ვიცი, რომ ამოცანის პირობა მაქსიმალურად მარტივად უნდა იყოს გადმოცემული. ყველაფერი უკუღმა იყო - ბავშვების დიდმა ნაწილმა დროის ძირითადი ნაწილი დავალების შინაარსის გარკვევაში დახარჯა. ვერ გავიგე, სპეციალურად გაართულეს ტექსტები?! იცით ალბათ, რომ ჯართან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოდის, რომ თუ გადავადება გინდა, ათი ათასი ლარი უნდა გადაიხადო. დავიჯერო, ისე გაუჭირდა სახელმწიფოს, რომ ჩაჭრილ აბიტურიენტებზე ფულის კეთება გადაწყვიტა? ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის“.

ქეთო ქიტიაშვილი, მშობელი: " სირცხვილია, როდესაც მათემატიკას, რომელიც ყველაზე რთული საგანია და ამ საგნის რთულად აღიარებულ ვარიანტს, სავარაუდოდ, მხოლოდ 1 ქულას უმატებენ. წელს დასაწევია ბარიერი, რადგან სრულიად გაუგებარი სიტყვათა წყობით იყო გადმოცემული ამოცანების პირობები. ამან იმოქმედა და ბევრმა ვერ დაწერა".

მათე ქისტაური, აბიტურიენტი: "დრო არასაკმარისი იყო და ეს ფსიქოლოგიურადაც გვთრგუნავდა, საკითხების სირთულეზე რომ არაფერი ვთქვა. ყოველ წელს ასე ართულებენ მათემატიკის გამოცდას, ამიტომაც ცდილობს ყველა, რომ ისტორიით გავიდნენ ფონს და საგამოცდო საგნებიდან მათემატიკა არ აირჩიონ. თუ ასე გაგრძელდა, ბოლოს მათემატიკას მხოლოდ კომაროვის და ვეკუას ბავშვები ჩააბარებენ".

ლია კირკიტაშვილი, აბიტურიენტი: "გამოცდის სტრუქტურის საგრძნობლად შეცვლის გამო ბავშვებს გაურთულდათ მოცემული სიტუაციის აღქმა და ამოცანების გაანალიზება. საწერი ამოცანების სტილი სრულიად განსხვავებული იყო წინა წლების საგამოცდო ამოცანებისგან. მათემატიკის ამ გამოცდაზე სკოლაში მიღებული ცოდნით მაღალი ქულის აღების შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობდა იმიტომ, რომ ამოცანები ბევრად რთული იყო, რის გამოც, გამოცდაზე უმეტესობა ჩაიჭრა. რაც არ გვასწავლეთ, რატომ გვთხოვთ?!“

ეკა უგულავა, აბიტურიენტი: “ წინა წლებთან შედარებით, ეს ტესტი იყო ბევრად რთული. იმიტომ, რომ რაც წინა წელს ორქულიანებში იყო, ის საკითხები ახლა ტესტებში, ანუ ერთქულიანებში შევასრულეთ. იყო ისეთი საკითხებიც, რაც წინა წლის არცერთ საგამოცდო პროგრამაში არ ყოფილა. მაგალითად, გეომეტრიული და არითმეტიკული პროგრესიები, წინა წლების საგამოცდო საკითხებიდან ყველა ამოხსნილი მქონდა და ასეთი რთული, წელს რომ მოვიდა, არცერთი არ იყო“.

გია სიხარულიძე; თბილისის #24-ე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი:

"ჩემი აზრით, ძირითადი შეცდომა ისაა, რომ ამ გამოცდისთვის დრო უნდა მიეცათ მეტი. რათა აბიტურიენტებს არ ენერვიულათ. როცა ჩქარობ, შეცდომებს უშვებ. მყავდა რამდენიმე მოსწავლე, რომელთაც ისეთი შეცდომები დაუშვეს, რომელიც არ უნდა დაეშვათ, მაგრამ ეს სიჩქარემ და ნერვიულობამ გამოიწვია. მეტი დრო რომ ჰქონოდათ, დამშვიდდებოდნენ, უკეთ გაიაზრებდნენ, ამომხსნელი - ამოხსნიდა, ხოლო ვინც არ იცის, 2 კვირაც რომ მისცეთ, მაინც ვერაფერს გახდება".

ბიძინა კუკულაძე, პედაგოგი:

"წინა წლების მათემატიკის გამოცდასთან შედარებით, წლევანდელი გამოცდა ცოტა უფრო რთული იყო, თუმცა არაპროგრამული არცერთი საკითხი არ ყოფილა. უბრალოდ, კითხვის დასმის ფორმულირება ძალიან ბევრ ამოცანაში იყო არასტანდარტული, რამაც ბავშვები დააბნია. ყველაზე დიდი მინუსი, რაც ამ გამოცდაში დავინახე, დროის სიმცირე იყო. ნამდვილად არასაკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ბავშვებს ყველა საკითხი ამოეხსნათ. გარდა ამისა, აბიტურიენტის გადმოსახედიდან, ორქულიანი ამოცანების ამოღებამ ტესტი, პრაქტიკულად, გაართულა.

ვფიქრობ, აქ მხოლოდ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დადანაშაულება არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ პედაგოგებმა უნდა გადავხედოთ სწავლების სტილს და შევცვალოთ, ალბათ, სახელმძღვანელოებიც იქნება დასახვეწი. აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსჯელობაზე, დამტკიცებასა და თეორიული მასალის ცოდნაზე. სიღრმისეულად უნდა ვასწავლოთ".