ავტორი:

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი?.." - როგორ ეხმაურება შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე კობახიძის განცხადებას

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი?.." - როგორ ეხმაურება  შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე კობახიძის განცხადებას

მარიამ ბერიანიძე, რომელიც 3 აგვისტოს შოვში, სტიქიის ზონაში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მეწყერში მოჰყვა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა. იქნებ, ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე", - წერს ბერიანიძე "ფეისბუქში".

ცნობისთვის, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, 3 აგვისტოს "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი, უბრალოდ, არ ჰქონდათ".

"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა მეწყერში დისშვილთან ერთად მოყოლილ დავით ჯელაძის შესახებ და განაცხადა, რომ ეეჭვება, რეალურად გადალახა თუ არა ჯელაძემ გზა, სასტუმროს "სანსეთ შოვში" საპირისპირო მხარეს გადასვლის მიზნით.

აღნიშნულ განცხადებას "ფეისბუქში" გამოეხმაურა დავით ჯელაძე: "ვაიმეე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი", - დაწერა მან.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა.

ბოლო ინფორმაციით, მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ათამდე დაკარგულს ეძებენ.

ასევე იხილეთ: