ავტორი:

"კობახიძის განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა, თურმე ყველაფერი, რაც მოვყევი, ტყუილი იყო - ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ" -  დავით ჯელაძე

"კობახიძის განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა, თურმე ყველაფერი, რაც მოვყევი, ტყუილი იყო - ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ" -  დავით ჯელაძე

ირაკლი კობახიძეს საერთოდ რომ არაფერი გაეკეთებინა და ეთქვა გადარჩენილებზე, შევეშვებოდით, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არასდროს არავის მოუყენებია, კობახიძემ [შეურაცხყოფა] მომაყენა და გადარჩენილი ადამიანები გაგვანადგურა, - ამის შესახებ შოვის სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "საუბარი, რომ ვიღაც სტიქიას 3 საათი ებრძოდა, უბრალოდ ცარიელი ტყუილია“.

კითხვაზე, რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა კობახიძის აღნიშნულ განცხადებას, ჯელაძე ამბობს, რომ "ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა“.

"ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედით ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, ან გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა - "ეს როგორ შეძელი“. დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა. თურმე ყველაფერი, რაც მოვყევი, ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ.

ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე როგორ შეძლო გადასვლა ბავშვით, წარმოუდგენელიაო - მართლა წარმოუდგენელია, როგორ გავაკეთეთ ეს მე და მაშომ. იმ ადგილზე გაჩერება შეუძლებელი იყო, ისეთი ლაფი იყო. მიწის სუსტი მასა იყო. იქ რომ გაჩერებულიყო, წამიერად ჩაიძირებოდი და დაიხრჩობოდი. ვფიქრობდი, რომ მეორე მხარე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა. იმის შიშით გადავდიოდი, რომ მეწყერი არ მოგვეწეოდა, არ გადაგვივლიდა ზემოდან. ვჩქარობდი, არ ვიცი როგორ გავაკეთე. რომ ვიხსენებ, რა ისტორია გადაგვხდა თავს და ამ დროს, ირაკლი კობახიძე გამოდის სიტყვით და ამბობს, ტყუილს იძახიო, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო“,- განაცხადა ჯელაძემ.

მისივე თქმით, სტიქიას გადარჩენილებს ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

"მედიკამენტებიც ჩვენი სახსრებით ვიყიდეთ და ფსიქოლოგიურადაც ჩვენ თვითონ ვუმკლავდებით, არანაირი დახმარება არ მიგვიღია“,- აცხადებს ჯელაძე.

კითხვაზე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მეტი ადამიანების გადარჩენა, სტიქიის ზონაში ვერტმფრენი უფრო ადრე რომ მისულიყო, ჯელაძე ამბობს, რომ მეწყერი ძალიან სწრაფად განვითარდა.

"მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, ქვემოდან ვიღაც ადამიანის ხმა ისმოდა, ეს ადამიანი მიწაში იყო ჩამარხული და ვერავინ ვეხმარებოდით. ეს სტიქია არ უნდა მომხდარიყო და აქამდე არ უნდა მივსულიყავით, თორემ ეს მეწყერი ისე სწრაფად ვითარდებოდა და ისე სწრაფად კლავდა ადამიანებს... გადარჩენილი ადამიანების იმ ადგილიდან გამოყვანა ალბათ, შეიძლებოდა, თუმცა მეწყერი რომ მოდიოდა, ჩემმა დამ 112-ის ნომერი აკრიფა, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ვერავინ დაგვეხმარებოდა, რადგან მეწყერი ერთ წამში გადაგვივლიდა. იმ აზრზე ვარ, რომ ეს მეწყერი არ უნდა მომხდარიყო. შეფასება უნდა ყოფილიყო გაკეთებული. მეწყერი წამოვიდა კოტეჯების თავზე. ის ადგილი მაინც უნდა ყოფილიყო შეფასებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები ისვენებენ იქ“,- განაცხადა დავით ჯელაძემ "ფორმულასთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: