ავტორი:

ნეიმარიც საუდის არაბეთში - ბრაზილიელი ფეხბურთელის პარიზული თავგდასავალი სრულდება

ნეიმარიც საუდის არაბეთში - ბრაზილიელი ფეხბურთელის პარიზული თავგდასავალი სრულდება

ნეიმარი ფეხბურთის კიდევ ერთი სუპერვარსკვლავია, რომელიც კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი არაბული ფეხბურთის ისტორიის ახალი თავის დაწერას სულ მალე დაიწყებს. ინფორმაცია თავდაპირველად იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. რომანოს ცნობით, ის "ალ ჰილალს" შეუერთდება.

მოგვიანებით კი, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე აღნიშნულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადიოდა.

ფეხბურთელში "ალ ჰილალი" 86-მილიონ ფუნტს იხდის. კონტრაქტი ორწლიანი იქნება და ამ პერიოდში ბრაზილიელ სპორტსმენს 180-მილიონ ევროს გადაუხდიან.

ამით ნეიმარის ექვსწლიანი პარიზული თავგადასავალი სრულდება. მართალია მან პსჟ-ს რიგებში 118 გოლი გაიტანა, თუმცა გუნდს საბოლოო ჯამში, მთავარი მიზნის მიღწევაში, ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ვერ დაეხმარა.

ნეიმარის წასვლა ნიშნავს, რომ პსჟ-ში გასული სეზონის "დიდი სამეულიდან" მხოლოდ კილიან მბაპე რჩება. როგორც იცით პარიზი მესიმაც დატოვა.

რაც შეეხება მბაპეს, მისი მომავალი ცნობილი არ იყო. მას ხან რეალს, ზოგჯერ კი არაბულ კლუბებს უკავშირებენ, თუმცა ბოლო ცნობების მიხედვით, მბაპე პსჟ-ში რჩება და გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ცნობისთვის, ნეიმარმა კარიერა სანტოსში დაიწყო. 2013 წელს ბარსელონაში გადავიდა, შემდეგი გაჩერება კი პარიზი იყო - პსჟ-ს 2017 წლიდან შეუერთდა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე