ავტორი:

"ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ კოტემ და მისმა მეუღლემ გააფერადეს, როდესაც დევნილები გავხდით…" - როგორ იხსენებენ მეგობრები და სტუდენტები კოტე კუბლაშვილს?

"ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ კოტემ და მისმა მეუღლემ გააფერადეს, როდესაც დევნილები გავხდით…" - როგორ იხსენებენ მეგობრები და სტუდენტები კოტე კუბლაშვილს?

15 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 50 წლის ასაკში გარდაიცვალა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე (კოტე) კუბლაშვილი. ახლობლების თქმით, ბოლო წლებში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 2005-2015 წლებში მუშაობდა. უფლებამოსილება 10-წლიანი ვადის ამოწურვის გამო შეუწყდა, რის შემდეგაც მუშაობა ილიაუნის უნივერსიტეტში გააგრძელა. იგი გახლდათ პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით. ჰყავს მეუღლე მარი მესხი და ქალიშვილი, ანა-მარია მესხი.

2013 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.

კოტე კუბლაშვილს ახლობლები, სტუდენტები და მეგობრები სოციალურ ქსელში იხსენებენ.

"ოთხმოცდაათიან წლებში ჩემი ოჯახის წევრი ჰანოვერის კლინიკაში აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით. არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა. კოტე მაშინ ჰანოვერის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო. არ მოგვშორებია ბოლომდე. ძალიან გვეხმარებოდა. ღვთის მადლით, გერმანელმა ექიმებმა სასწაული ჩაიდინეს და ოჯახის წევრი გადამირჩინეს. კოტეს თანადგომა კი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. ნათელში იყოს მისი სული !“ - წერს იურისტი თენგიზ შარმანაშვილი.

ქალიშვილთან ერთად

"ადამიანი-კეთილშობილება, ჩვენი თაობის ვარსკვლავი, კოტე კუბლაშვილი უსაშველოდ მენანება. მშვიდად განისვენე, მეგობარო“, - ნონა წოწორია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

"კვირა არ გავიდოდა არ მოგეკითხე:

- რას შვებით გია, ხო ხართ მაგრად?

- რას შვებით გია, გადახვედით ხო უკვე შეტევაზე?

- როგორ ხარ გია, რამე ხო არ გჭირდება?

კიდე შევხვდებით ძმა“ - გია გეწაძე, უკრაინაში მცხოვრები ქართველი პოლიტიკოსი.

მეუღლესთან ერთად

"მადლობა, ბატონო კოტე, ყველაფრისთვის! თქვენი დამსახურებაა საჯარო სამართალი ძირითად პროფესიად რომ ავირჩიე. კონსტანტინე კუბლაშვილი ჩემთვის გამორჩეული ლექტორი იყო, რომელიც 4 საგანს მასწავლიდა. უნივერსიტეტში შესვლის პირველივე დღიდან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. აკადემიური მიმართულებით მის ცენტრში ბევრი კარგი საქმე ვაკეთეთ. მისი წიგნები მუდამ განსაკუთრებულ ადგილზე იქნება ჩემს ბიბლიოთეკაში. ბოლოს რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე. მისი გარდაცვალება წარმოუდგენლად დიდი დანაკარგია როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ისე მთელი აკადემიური სფეროსთვის. მშვიდად განისვენეთ პროფესორო!“ - ნიკა გურინი.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ილიაუნის ოჯახის წევრი და ურთიერთობა მქონოდა თავისი საქმის უბადლო პროფესიონალთან ბატონ კონსტანტინე კუბლაშვილთან, რომელმაც გვაზიარა ადამიანის უფლებების მიმართულებით არაერთ თეორიულ, თუ პრაქტიკულ ცოდნას… სანამ სემესტრი ფრიადზე არ დავასრულე მერიდებოდა მეთქვა მისთვის თუ ვინ ვიყავი, ბოლოს კი არასოდეს დამავიწყდება მისი მზერა: "… ამას ახლა უნდა ვიგებდე, გოგოო” და ჩვეულად ჩაიხითხითა. განისვენე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, საოცარი გულისა და ადამიანობის მატარებელო… ეს საოცარი ადამიანი მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განვითარების ცენტრით არაერთ სტუდენტს დაგვეხმარა ჩვენი ცოდნა პრაქტიკულადაც გამოგვეყენებინა და მუდმივად ცდილობდა სტუდენტებისთვის თავისი ცოდნის მაქსიმუმი გადაეცა… ძალიან სამწუხაროა, ასეთი ადამიანები ასე ნაადრევად არ უნდა გვტოვებდნენ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს, ის ყველასთვის უდიდესი დანაკლისია“, - თამარ ჟვანია.

"ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო… ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ კოტემ და მისმა ძვირფასმა მეუღლემ გააფერადეს, როდესაც დევნილები გავხდით… ყოველთვის ტკბილად გამახსენდებით, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი", - მარიამ ღაბაშიძე.