ავტორი:

მძღოლი, ლაბორანტი, ტექნიკოსი - ვინ არიან ბულგარეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, დიდ ბრიტანეთში დააკავეს

მძღოლი, ლაბორანტი, ტექნიკოსი - ვინ არიან ბულგარეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, დიდ ბრიტანეთში დააკავეს

დიდ ბრიტანეთში რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბულგარეთის სამი მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილების დაკავება ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებული დიდი გამოძიების შედეგად მოხდა.

"დაკავებულები ბულგარეთის მოქალაქეები არიან და მათ ბრალად ჯაშუშური საქმიანობა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ედებათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვარაუდობენ, რომ ისინი რუსეთის სპეცსამსახურში მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მფლობელობაში აღმოაჩინეს ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთის და ჩეხეთის პასპორტები.

ცოტა ხნის წინ, მათი ვინაობა გახდა ცნობილი:

• ორლინ რუსევი, 45 წლის

• ბიზერ ჯამბაზოვი, 41 წლის

• კატრინ ივანოვა, 31 წლის

სამივე მათგანი მრავალი წელია დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. BBC-ის ინფორმაციით, ორლინ რუსევი ინგლისში საცხოვრებლად 2009 წელს გადავიდა და სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკურ პოზიციაზე ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. ცნობილია, რომ ის რუსეთში მცირე ბიზნესსაც ფლობდა, რომელიც კომუნიკაციების ან ელექტრონული სიგნალების თვალყურის დევნებასთანაა დაკავშირებული.

ჯამბაზოვი და ივანოვა ლონდონის გარეუბანში ერთად ცხოვრობდნენ. როგორც მეზობლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ისინი ცოლ-ქმარი ეგონათ. წყვილი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად 10 წლის წინ გადავიდა.

ჯამბაზოვი საავადმყოფოში მძღოლად მუშაობდა, ივანოვა კი კერძო სამედიცინო კომპანიაში ლაბორანტი იყო.

ბრალდებულების სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება. მათ დანაშაულის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.