ავტორი:

"ჩვეულებრივი ამბავი გახდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, ვითარებაში რუსების ჩვენს თავზე დასმა" - როგორ ეხმაურებიან The Killers-ის ანტირუსულ აქციად ქცეულ კონცერტს საქართველოში?

"ჩვეულებრივი ამბავი გახდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, ვითარებაში რუსების ჩვენს თავზე დასმა" - როგორ ეხმაურებიან The Killers-ის ანტირუსულ აქციად ქცეულ კონცერტს საქართველოში?

Black Sea Arena-ზე გამართული The Killers-ის კონცერტი სკანდალად მას მერე იქცა, რაც ჯგუფმა სცენაზე დრამერად რუსი ახალგაზრდა აიყვანა.

მსმენელთა თქმით, მუსიკოსმა დრამერს ჰკითხა, საიდან იყო, რაზეც უპასუხა, რომ რუსეთის მოქალაქეა, ამას კი დარბაზიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით The Killers-ის მუსიკოსმა ხალხს მიმართა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ძმები არიან და დრამერს დაკვრის საშუალება მისცა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

მოქალაქეების ნაწილი პროტესტის ნიშნად საკონცერტო დარბაზიდან გავიდა, შეძახილებით: “რუსეთი ოკუპანტია”, “პუტინი მკვლელია”.

მომხდარის შემდეგ განცხადება გავრცელდა The Killers-ის "ფეისბუქის" გვერდზე, რომელშიც წერენ, რომ არ სურდათ ქართველი ხალხის განაწყენება:

"ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია დრამებზე დასაკვრელად ხალხის დაპატიჟების და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ დღეს სცენაზე აუდიტორიიდან ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომლის მიზანიც იყო ეთქვა, რომ The Killers-ის აუდიტორია და ფანები "ძმები და დები არიან", შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ერთად ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდებით“, - წერია განცხადებაში.

მომხდარი ქართულ ინტერნეტსივრცეში განხილვის მთავარი თემაა, გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას:

ეკა აბაშიძე, პროგრამისტი:

"როგორც საკუთარ თავს მოვალედ ვთვლიდი, რომ The Killers | Black Sea Arena კონცერტიდან დასრულებამდე წამოვსულიყავი, ისე რაღაცნაირად მოვალედ ვთვლი, რომ ეს სტატუსი დავწერო, როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ.

აი, ისეთი კონცერტი მიდიოდა, ისე იხარჯებოდა ჯგუფი და იმდენად დიდი მუხტი იგრძნობოდა, არ მეგონა, რომ იქ საერთოდ ვინმეს რამე მოუშხამავდა ხასიათს, მით უმეტეს მე - ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ყველაზე დიდი ტრაგედია მგონი ის კი არაა, რაც მოხდა, არამედ ფაქტობრივად, ემოცია რომ არ გექნება ადამიანს, იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, სივრცეში, ვითარებაში რუსების ჩვენს თავზე დასმა.

ბრენდონ ფლაუერსმა იმ ადამიანს ჰკითხა ეროვნება და მერე დარბაზს - He is Russian, is it ok? უარყოფითი პასუხის მერე რაღაც კონსულტაცია გაიარა, და ცოტა ხანში მაინც (!) ვხედავთ რუსს დრამებთან.

1) უცნაურია - თუ არაფრის აზრზე არ იყო, რატომ იკითხა, ვინმეს აყვანა ეროვნების საფუძველზე not ok ხომ არ იქნებოდა?

2) ცხადია, როცა ქვეყანაში ჩადიხარ ასეთი ჯგუფი, მთელ გამოკვლევას ვერ დაიწყებ, მაგრამ ვინმემ რამე ინფორმაცია, ერთგვარი "მემო" უნდა მოგაწოდოს. თუ იმ ჯგუფს არ ჰყავს მსგავსი არავინ... Well, იდეაში ყველამ ვიცით, ვისი საქმე იყო ეგ, და თუ მაინც არ მიაწოდეს ინფორმაცია, ადამიანმა იკითხა იქვე და რუსზე მწვანე აუნთეს, ისევ ვიცით, სად მიდის ისრები;

3) ძმობაზე საუბრის ამბავში, ჩემი აზრით, ბრენდონზე შედგომა სიგიჟეა, რა სასიამოვნოა ადამიანი გამოდიოდე, ყველა აღფრთოვანებული იყოს და სიტუაცია ასე უცებ ჩამოიშალოს და ამხელა დარბაზი უარყოფითად გეპყრობოდეს - ჯგუფის მიზანიც სავსებით ლეგიტიმურია, რომ ადამიანების გაერთიანება იყოს მთელი მსოფლიოს გარშემო. ეს გაერთიანება ჩვენთვის რას ნიშნავს და რა ნარატივია, მგონი ძნელი დასაჯარებელია, რომ შეიძლება, ბრენდონმა იცოდეს.

4) ჩემდა და თქვენდა სასიხარულოდ, იყო ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ჩემი და უფრო ახალგაზრდა (ე.წ. Gen Z) თაობიდან, ვინც არ იყიდება "კარტოფილზე", უბრალოდ გამოვიდა იქიდან და არ გააგრძელა "ძიგძიგი" და ამა თუ იმ ფორმით გამოხატა პროტესტი. მეორე მხრივ, თან ტრაგედიული და თან სასაცილოცაა, როდესაც ადამიანებს ხედავ, რომლებიც სიმღერებს შორის "ბუუ"-ს ყვირიან, სიმღერების დროს კი ისევ მაგრად ერთობიან. ამათი პოზიციები საერთოდ სად ლაგდება?

კონსპირაციული თეორიები არ მიყვარს, ცოტა უცნაურიცაა ვთქვათ, რომ რაღაც "შეთქმულების" ვარიანტი იყო მაინცდამაინც რუსი დრამერის აყვანა სცენაზე. ზღვისპირეთში იმდენი რუსია (რატომ და რამდენად მწვანე აქვთ ამათ ანთებული საერთოდ ყველაფერში, ეგ ცალკე საკითხია), შეიძლება შემთხვევითაც დაედო ვინმესთვის ხელი, მაგრამ ამის აღკვეთა რომ არ მოხდა, ესაა ამბავი. და კიდევ, მთავარი ამბავი ისაა, რომ ყველგან და ყველანაირად, ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ კი ნაკლებად - იტესტება, რამდენად დიდი დოზით შეგვიძლია რუსების ატანა. სამწუხაროა, რომ ჩემი აზრით - დღევანდელი ტესტი მათ სასარგებლოდ ჩაბარდა. რატომ? იხ. N. 4-ის დასასრული.

P.S. მადლობა LOUDSPEAKERS-ს გამოხატული პოზიციებისთვის ერთი მხრივ, საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობის და ევროპული ორიენტაციის, მეორე მხრივ კი უკრაინის მხარდაჭერის კუთხით!!!"

დავით ზურაბიშვილი, ყოფილი პარლამენტარი:

"რა ბედი აქვს ისე ამ ხელისუფლებას? იფიქრეს, ქილერებს ჩამივიყვანთ, ჯენზი თაობის მომხრობის ამბავში გამოგვადგებაო და მორიგი ანტირუსული აქცია შერჩათ ბოლოს ხელში. #FuckRussia"

მერაბ მეტრეველი, ტელეწამყავნი:

"რა სწორი ყოფილა, ეგეთ სირ მომღერლებს და ჯგუფებს ისედაც რომ არ ვუსმენ..."

გვანცა ჯობავა, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:

"ბიძინა ივანიშვილის ბლექ სი არენაზე, ბიუჯეტის ფულით, ანუ ჩვენი გადასახადებით ჩამოყვანილმა თქვენმა საყვარელმა ვარსკვლავმა რომ გაწყენინათ, რომელთან შესახვედრადაც პლუს რამდენიმე ასეული გადაიხდეთ, მგონი არ უნდა გიკვირდეთ. იქნებ ასეთი ინციდენტების შემდეგ მაინც მივხვდეთ, რატომ არის საჭირო პრინციპულობა".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

"ძმები ხართ…

უბრალოდ, სახლში გივარდება, ოჯახს გიწიოკებს, თავში გირტყამს, ყველაფერი შენი თავისი გონია და რაც მოეწონება, გართმევს, მეგობრებს გიჩაგრავს…რას იზამ, უფროსი ძმაა და შენ მაინც ძმური სიყვარულით უნდა მიიღო ეს ყველაფერი და აიტანო, ასეა წესიო…"

იხილეთ ასევე: