შოვში დაღუპული კიდევ ორი ცხედარია იდენტიფიცირებული. ისინი სოფელ ლაგვანთის მაცხოვრებელი თემურ ჩარკვიანი და დიტო ფირცხალავა არიან. არსებული ინფორმაციით, ისინი ნიკა ჩალაძესთან ერთად შოვში სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად იყვნენ ჩასული, რა დროსაც ბიჭები მეწყერში მოყვნენ.
როგორც ახლობლები ამბობენ, ჩარკვიანი და ფირცხალავა ოჯახმა გუშინ ამოიცნო. რაც შეეხება ნიკა ჩალაძეს მისი ცხედრის ძიება ჯერ კიდევ გრძელდება.
"არ არის ნიკას ცხედარი ნაპოვნი, გუბერნატორმა რომ განაცხადა, ალბათ შეცდომით თქვა. ლაგვანთელი ბიჭები ერთად მოიხსენიებოდნენ და ალბათ ამიტომ შეეშალათ, ბიჭები შოვში სამუშაოდ იყვნენ წასულები. ნიკა ჩალაძის იდენტიფიცირება არ მომხდარა" - აღნიშნა ჩალაძის მეუღლემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის დაკარგულ 7 მოქალაქეს ეძებენ.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია.
"დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარი არის ნაპოვნი. გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. 23 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნისა,“ - განაცხადა პარმენ მარგველიძემ.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.