ავტორი:

ჰუმანიტარული კატასტროფა და დიდი არეულობა ყარაბაღში: მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ გამოდის - "თუ ვითარება არ გამოსწორდა, ერთ კვირაში შიმშილით გარდაცვლილი ათობით ადამიანი გვეყოლება"

ჰუმანიტარული კატასტროფა და დიდი არეულობა ყარაბაღში: მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ გამოდის - "თუ ვითარება არ გამოსწორდა, ერთ კვირაში შიმშილით გარდაცვლილი ათობით ადამიანი გვეყოლება"

ბოლო თვეებში უკვე მერამდენედ, მთიან ყარაბაღში ვითარება იძაბება. სომხური მხარის ცნობით, რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფაა, რასაც ადგილობრივები გამუდმებით აპროტესტებენ სტეფანაკერტში. დემონსტრანტებმა რუსი ე.წ. სამშვიდობოების ბაზას ალყა შემოარტყეს. მათ გასასვლელები დაუბლოკეს და პლაკატები აღუმართეს, შინაარსით: "პუტინი თავის სიტყვაზე პასუხს არ აგებს!"

  • აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა, რამაც ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, რაც ბოლო თვეებში განსაკუთრებით გამწვავდა, რადგან აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს, ისიც დიდი ძალისხმევისა და ზეწოლის შემდეგ, რაც საკმარისი არ არის.

სომხური საინიციატივო ჯგუფი "ბაცუმი" მიიჩნევს, რომ ყარაბაღის მოსახლეობის ბლოკადაში რუსული მხარეა დამნაშავე. მათ რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს და რუსებს მატყუარები უწოდეს.

ყარაბაღელების პრობლემის მოგვარებას სომხები ერევანში ადგილობრივ მოსახლეობასაც სთხოვენ. უკვე რამდენიმე დღეა სომხეთის დედაქალაქში დემონსტრანტები ქუჩაში გამოვიდნენ. პარალელურად, მიმდინარეობს დაკავებები...

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მთიანი ყარაბაღის რეგიონში ომბუდსმენმა ადგილობრივის შიმშილით გარდაცვალებაზე გაავრცელა განცხადება. მისივე თქმით, 1983 წელს დაბადებულ პირს, ქრონიკული დაავადების გამო, სპეციალიზებული კვება სჭირდებოდა, რაც რეგიონში აღარ იშოვებოდა.

როგორც სომხური მედია იუწყება, მთიან ყარაბაღში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სურსათის, პურის ფქვილის, შაქრისა და სხვა პროდუქტის, ასევე მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების მწვავე დეფიციტია. დახმარებისთვის გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასაც მიმართეს, თუმცა, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა.

"1780 ადამიანს გეგმიური ოპერაცია სჭირდება, თუმცა აზერბაიჯანული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვის გამო, ერევანში ჩასვლას ვერ ახერხებენ. საკვები უკმარისობის, შეზღუდული რაციონის გამო, ყველაზე მეტად ბავშვები და მოხუცები ზარალდებიან... თუ ვითარება არ გამოსწორდა, დარწმუნებული ვარ, ერთ კვირაში შიმშილით გარდაცვლილი ერთი კი არა, ათობით გვეყოლება" - ამბობს ომბუდსმენი გეგამა სტეპანიანი.

"ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტს, მათ შორის, თირკმლის პრობლემების მქონეთ, პირდაპირ სიკვდილი ემუქრებათ... ამ ბლოკადას უკვე ერთი ადამიანის სიცოცხლეს შეეწირა, დანარჩენები ღვთის ანაბარად არიან. თუ დროულად არ მოხდება მათი ერევანში ევაკუაცია, დანარჩენებსაც იგივე ბედი ელით - მედიკამენტების არქონის გამო, რამდენიმე დღეში დაიღუპებიან. ოფიციალურად, 41 პაციენტია რეგისტრირებული, ვინც ჰემოდიალიზზეა, მათგან ნახევარი ევაკუირებული, სხვების ბედი კი, უცნობია" - წერს სომხური მედია.

ამასთანავე, kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, სომხები რუსული ე.წ. სამშვიდობო ძალებისგან აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას ითხოვენ. დემონსტრანტების თქმით, რუს სამხედროებს ტყუილად აქვთ იქ ბაზა დაკავებული, მათი იქ ყოფნა, პირიქით, ბაქოს ინტერესებს ემსახურება და ევროკავშირის შემოსვლას აფერხებს.

სომეხი პოლიტოლოგის, რიუბენ მეჰრაბიანის თქმით, ის, რაც ახლა მთიან ყარაბაღსა და სომხეთში ხდება, უკვალოდ ვერ ჩაივლის. პროტესტი, რომელსაც ახლა მოსახლეობა გამოხატავს, სინამდვილეში იკითხება ასე - პუტინ, წადი აქედან ან ჩვენ გაგიშვებთ!

ერთ-ერთი აქტივისტის, საინიციატივო ჯგუფ "ბარცუმის" წარმომადგენლის, ნარეკ აივაზიანის თქმით, ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის ავტორი და მთავარი შემოქმედი არის რუსეთი, რომელსაც აწყობს მუდმივი რყევა მთიანი ყარაბაღის გარშემო, მოსახლეობის უკმაყოფილება, კრიტიკა და პროტესტი...

სომეხი პუბლიცისტი გორ არმათუნი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რუსული ბაზების გაყვანა, როგორც მთიანი ყარაბაღიდან, ასევე, მთლიანად სომხეთიდან, გიუმრის ბაზიდან, სადაც უკრაინის ომის ფონზე, ფაქტობრივად, რამდენიმე ასეული სამხედრო დარჩა.

"რეგიონში უნდა შემოვიდეს ევროკავშირი და მისი ეგიდით უნდა მოხდეს ლაჩინის დერეფნის გაკონტროლება, სადაც კონტროლის უფლება სომხურ მხარეს ექნება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რაც კატეგორიულად არ უნდა რუსეთსა და აზერბაიჯანს... თუმცა, ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, დასავლეთი, ამერიკა აქტიურად არიან ჩართული კონფლიქტის მოგვარების საკითხში, აშკარაა ჩვენი პროდასავლური კურსი და ვფიქრობ, ეს პროცესში გარდატეხას შეიტანს. ვიდრე რუსეთი თავს არ დაგვანებებს, სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში ჩვენს სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, შიმშილით სიკვდილიც იქნება, ომიც და სხვა უბედურებაც" - ამბობს ის.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ვერც ერთი მხარის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკას ვერ მიიღებს.

"ეს უსამართლობაა, სომხეთი, სწორედ ლაჩინის დერეფნის გავლით, ყარაბაღის რეგიონს იარაღსა და საბრძოლო მასალებს აწვდიდა. ჩვენ კი, საგუშაგოზე მოსახლეობის გადასაადგილებლად ყველა პირობა შევქმენით, მაგრამ ვიღაცებს სიტუაციის ხელოვნური გამწვავება აწყობთ, რაც არ გამოუვათ" - წერს აზერბაიჯანული მხარე.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხებისგან შედგება. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს, თუმცა 2020 წლის ომის შემდეგ, მან გარკვეულ ნაწილზე, მათ შორის ლაჩინის დერეფანზე კონტროლი დაიბრუნა.