ავტორი:

"რომ ვამბობ 58 წლის ვარ-მეთქი, ძალიან უკვირთ... ერთ დღეს ფოტოგრაფს ხუმრობით მივწერე და აქედან დაიწყო კონკიას ისტორიაც" - ქართველი ქალის გზა სამოდელო ინდუსტრიაში: როგორ მოხვდა ელენე "ვოგში"?

"რომ ვამბობ 58 წლის ვარ-მეთქი, ძალიან უკვირთ... ერთ დღეს ფოტოგრაფს ხუმრობით მივწერე და აქედან დაიწყო კონკიას ისტორიაც" - ქართველი ქალის გზა სამოდელო ინდუსტრიაში: როგორ მოხვდა ელენე "ვოგში"?

58 წლის დამწყები მოდელი ელენე ჭანიშვილი, რომელიც ჭაღარა თმას უწევს პოპულარიზაციას და ამ მიზნით "ინსტაგრამ" გვერდიც შექმნა, "ვოგში“ აღმოჩნდა... დღეს მის მიმართ მრავალი უცხოელი ფოტოგრაფის ყურადღებაა მიმართული და ფოტოსესიებიც ხშირად აქვს... თუ როგორ დაიწყო კონკიას ისტორია, ამის შესახებ თავად ელენე ჭანიშვილი გვესაუბრება...

- ქალბატონო ელენე, რომ გაიხსენოთ, როგორ დაიწყო თქვენი პირველი ნაბიჯები მოდის სფეროში?

- გახსენება არც ჭირდება, რადგან ის მომენტი სულ მახსოვს... მოდის სფეროში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი: განცხადება იყო ინსტაგრამზე, სადაც ფოტოგრაფი ოლგა კალაბინა მოდელს ეძებდა, ასაკი კი 40-45 წლამდე იყო მითითებული. ოლგას ხუმრობით მივწერე, ყველა რომ ახალგაზრდებს ეძებთ-მეთქი...

- თქვენ ჭაღარა თმის ერთგვარი პოპულარიზაციით მიიპყარით ყურადღება...

- სულ მქონდა პროტესტი ჭაღარის დისკრიმინაციის გამო. ეს პროტესტი მომყვებოდა, რადგან არაერთი უსიამოვნება შემხვედრია. ამიტომაც ვცდილობდი, ადამიანებამდე სათქმელი მიმეტანა და "ინსტაგრამის" გვერდიც მაგ მიზნით შევქმენი. შეღებილ და ჭაღარა თმას შორის განსხვავება არის თუ არა, როგორ უნდა ჭაღარა თმას მოვლა და ასე შემდეგ... ჭაღარა თმა სირცხვილად არ უნდა ითვლებოდეს, სტიგმა არ უნდა იყოს... ფოტოგრაფის განცხადება რომ ვნახე, გულში გამკრა, რომ კარგი საშუალება იქნებოდა, ჭაღარა თმის შესახებ განაცხადი გამეკეთებინა. თეთრი თმა რომ არ აბერებს და მთლიანი ანტურაჟია გადამწყვეტი.

- როგორც ახსენეთ ფოტოგრაფს პირველმა თქვენ მიწერეთ...

- დიახ, ხუმრობით რომ ყველა ახალგაზრდებს ეძებთ-მეთქი... მიპასუხა, მშვენიერი ასაკია 40 წელი, მაგრამ აღარც ისეთი ახალგაზრდაო... ამაზე მივუგე, ჩემი 58 წლის გადმოსახედიდან რა თქმა უნდა, ახალგაზრდაა-მეთქი... ეტყობა 58 წელი საინტერესოდ ჟღერდა, იფიქრა, ვინ არის ეს „თავხედიო“ და ჩემით დაინტერესდა... დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მომწერა, ჭაღარათმიანს მრავალი წლები ვეძებდიო და მთხოვა, რომ ჩემთვის ფოტოები გადაეღო... ფოტოსესიას დავთანხმდი, მაგრამ იმის იქით რა იქნებოდა, ნამდვილად არ ვიცოდი. შემდეგ კი კონკიას ისტორია დაიწყო... ფოტოგრაფი სახლში მეწვია, ჯავახიშვილზე, თბილისურ ეზოში ვცხოვრობ. ამბობენ, რომ ეს სახლი 180 წლისაა და ეს გარემო ძალიან მოეწონა. ფოტოები გადაიღო, კონტრასტი შექმნა, მე ძალიან პატივს ვცემ შანელის სტილს და ოლგასაც ძალიან მოეწონა. მინიმალური მაკიაჟი მქონდა...

ოლგას "ინსტაგრამზე" თავისი გვერდი აქვს, ფოტოები უდევს, ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს. ოლგამ ჩემი ფოტოები თავის გვერდზე განათავსა და ჩემი ისტორიაც მოჰყვა. აქედან დაიწყო ის, რომ სხვა ფოტოგრაფებმაც მიპოვეს.

- ცოტა გადაჭარბებული ხომ არ ჟღერს თქვენზე ასაკოვანი?

- ყველაფერი შედარებითია. მე რომ 20 წლის ვიყავი, ვფიქრობდი 2000 წელს უკვე 35 წლის ვიქნები და ვაიმე, რა დიდი ასაკია-მეთქი და აჰა 58 წლის ვარ... ახლა კი სიტყვას - ვბერდები, ძალიან მშვიდად ვიღებ და ვუყურებ! ჩემთვის ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. ამას ხომ ვერცერთი ვერ გავექცევით... ასაკის დამალვას ხომ ჯობია ადამიანები გავაკვირვო, კარგი განწყობით ვიცხოვრო და ცხოვრების საუკეთესო ხარისხი შევიქმნა?! რომ ვამბობ 58 წლის ვარ-მეთქი და ამ დროს ველოსიპედზე წამოსკუპებული ვარ, ეს ძალიან უკვირთ.

- ისევ ფოტოსესიას რომ დავუბრუნდეთ, როგორ აღმოჩნდით იტალიურ "ვოგში"...

- ოლგას შესახებ ორიოდე სიტყვით რომ მოგახსენოთ, იგი ქართველების რძალია, მეხუთე წელია საქართველოში ცხოვრობს და მაღალი დონის ფოტოგრაფია. გარდა პროფესიონალიზმისა, არაჩვეულებრივი პიროვნებაა...მთელი ცხოვრება კამერას გავურბოდი, მაგრამ ოლგასთან ფოტოსესიის შემდეგ დავრწმუნდი, რომ არაფოტოგენური ქალბატონები არ არსებობენ.

ნებისმიერი მოდელისთვის, ფოტოგრაფისთვის „ვოგში" მოხვედრა ძალიან ბევრს ნიშნავს. ოლგაც ამბობდა, მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს ჟურნალში ჩემი ფოტოების მოხვედრის მიზანი მქონდაო და შეიძლება ითქვას, რომ მე და ოლგას ერთად გაგვიმართლა. ამ ფოტოსესიით დაიწყო ჩემი ისტორია როგორც მოდელის და 58 წლის პოდიუმზეც აღმოვჩნდი... სილამაზის შესახებ ყველაფერი აღქმაზეა და ზოგადად, სილამაზის ინდუსტრია დღეს ძალიან მკვეთრად ცდილობს გავლენას და გვარწმუნებენ, გინდა თუ არა თმა შეიღებო და ასე შემდეგ...

- რა პროფესიის ბრძანდებით?

- საფეიქრო მაქვს დამთავრებული, შემდეგ თბილისში პროდიუსერის ფაკულტეტი... ძირფესვიანად შევისწავლე კოლორისტიკის კურსი. ძალიან მიყვარს ეს სამყარო. თუმცა ჩემი გარდერობი ფერადი არ არის.

- თქვენს გარდერობში რომელი ფერებია?

- მიუხედავად იმისა, რომ ფერებს კარგად ვიცნობ და ვერკვევი, ჩემი გარდერობი შავი, თეთრი, ჩალისფერი და ნაცრისფერი სამოსისგან შედგება. ასეთია ჩემი ფილოსოფია, რადგან ეს ფერები ვიზუალურ ხმაურს არ მიქმნის. სხვაზე ფერადები ძალიან მომწონს. ჩაცმულობაში რაღაც კონტრასტული ნოტა ყოველთვის შემაქვს. ვთქვათ, წითელი ტუჩსაცხი, რაც ჭაღარებს ძალიან გვიხდება.

- სრულიად ნატურალური ხართ, ბოტოქსიც კი არ გაქვთ გაკეთებული?

- დიახ, სრულიად ნატურალური. ბოტოქსი და ინექციები ჯერ არ გამიკეთებია. თუმცა ვფიქრობ ბლეფაროპლასტიკის გაკეთებას, რადგან გენეტიკურად დაშვებული ქუთუთოები გვაქვს. როდესაც თავს ვხრი, დისკომფორტს მიქმნის, ეს მაწუხებს, თორემ ესთეტიკური თვალსაზრისით არ ვფიქრობ ჩავიტარო...

- თქვენი ჭაღარა თმით უკვე ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვეთ...

- დიახ, ბუნებრიობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. როდესაც ამბობენ, მოდაშია, ტრენდიაო, ამას ვეწინააღმდეგები. მე არ ვთვლი, რომ ჭაღარა თმა მოდაა... ჭაღარა ჩემთვის მხოლოდ თმის ფერია!

- თმა არასოდეს შეგიღებავთ?

- ადრე ვიღებავდი, რადგან სამსახურში ითხოვდნენ... 30 წლის განმავლობაში გარკვეულ სფეროში ვმუშაობდი.

- დღესაც მუშაობთ?

- არა, რადგან ჩემმა შვილმა მთხოვა, დედა დაისვენე, აღარ იმუშაოო... ბოლო პერიოდში ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ამიტომ უნდოდა სამსახურიდან წამოვსულიყავი. ჩემი ვაჟი 35 წლისაა, თავის საქმეში წარმატებულია, მისით ძალიან ვამაყობ! ვთვლი, რომ ღმერთის, ბუნების საჩუქარია...

- დღეს თქვენი ცხოვრება მშვიდი და ვარსკვლავურია?

- დიახ, ძალიან მშვიდია, მაგრამ ვარსკვლავური არა! მე ასე არ ვუყურებ. მიუხედავად ამხელა ყურადღებისა, ვერანაირ ვარსკვლავობას ვერ ვხედავ. ჩემთვის ძალიან მშვიდი პერიოდია, ეგოსთან ძალიან ჰარმონიულად ვარ.

- მოგზაურობებზე არ გიფიქრიათ?

- არის ადგილები, სადაც მინდა წავიდე. ალბათ მალე ავისრულებ. ფოტოსესიებზე უცხოეთში მაქვს მიწვევები, მაგრამ ზაფხულის პერიოდში თავად არ ვისურვე და სექტემბრის ბოლოსკენ დავგეგმეთ. საბედნიეროდ, ფოტოსესიებზე ყველგან კომფორტულ და კარგ გარემოს მიქმნიან.

მასალაში გამოყენებულია ფოტომასალა პირადი და კომერციული არქივებიდან. "ინსტაგრამ" გვერდების მისამართები: მოდელი: elene_tchanishvili; olgakalabina_photo ; vidali.vidali ; nini_ninuca_photography ; darisa.store ; makeup_rusudan