ავტორი:

ყურანის დაწვისთვის დაკავებული ამბობს, რომ კადიროვის 15 წლის ვაჟმა სცემა

ყურანის დაწვისთვის დაკავებული ამბობს, რომ კადიროვის 15 წლის ვაჟმა სცემა

ვოლგოგრადში ყურანის დაწვისთვის დაკავებული ნიკიტა ჟურაველი ამბობს, რომ გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა ადამ კადიროვმა სცემა.

"შესაბამისი მიმართვა შემოვიდა და მე პირადად მივედი წინასწარი დაკავების იზოლატორში... საუბრისას ნიკიტამ თქვა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელთან შეხვედრის დღეს, რამზან ახმატოვიჩის საკნიდან გასვლის შემდეგ, ადამ კადიროვმა სცემა“, - "კავკაზ.რეალიის" ცნობით, რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა კომისარმა მანსურ სოლტაევმა ჟურაველისგან მსგავსი საჩივრის მიღება დაადასტურა.

მედიის ინფორმაციით, რამზან კადიროვი დაკავებულს "ისლამის მიღების საკითხზე" შეხვდა.

ნიკიტა ჟურაველის ცემის წინა დღეს პროსახელისუფლებო საზოგადოება „ჩპ/ვაინახ“ და „ჩპ/გროზნი“ ავრცელებდა ინფორმაციას, სადაც ეწერა:

"რაც მოხდა, მხოლოდ რამზან კადიროვის სანქციით შეიძლებოდა მომხდარიყო. მანამდე ის არაერთხელ დაემუქრა ანგარიშსწორებით მათ, ვინც ყურანს დაწვავდა. როგორც ჩანს, რუსეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ჩათვალა, რომ დრო იყო სიტყვებიდან მოქმედებაზე გადასულიყო" - აღნიშნულია გამოცემაში.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რამზან კადიროვს შვილის მიერ დაკავებულის ცემის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

19 მაისს სოციალურ ქსელში ვოლგოგრადში ყურანის დაწვის ვიდეო გამოჩნდა. ორი დღის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს ეჭვმიტანილი ადგილობრივი მკვიდრის, წარმოშობით უკრაინელი ნიკიტა ჟურაველის დაკავების შესახებ, რომელიც კურიერად მუშაობდა. ცნობილია, რომ იგი ვოლგოგრადში ანექსირებული ყირიმიდან გადავიდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა ბრძანა, რომ ჟურაველის საქმე ჩეჩნეთში განეხილათ. მალე 19 წლის მოზარდი გროზნოში გადაიყვანეს, სადაც მას "სახალხო სასამართლოს" მოწოდებით დახვდნენ.

რამზან კადიროვმა გასულ ოქტომბერში განაცხადა, რომ მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი - ახმადი, ელი და ადამი - მონაწილეობდნენ უკრაინაში ბრძოლებში. თავისი სიტყვების დასამტკიცებლად მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ვაჟები ავტომატიდან და ყუმბარმტყორცნიდან ისვრიან.

მარტში ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟებმა, 17 წლის ახმატმა და 15 წლის ადამმა მიიღეს სამკერდე ნიშნები "ტერორიზმთან ბრძოლაში გამორჩევისთვის". ამის შესახებ ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის რესპუბლიკის მინისტრმა ახმედ დუდაევმა განაცხადა.

ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის უფროსის ვაჟები, ასევე მისი ქალიშვილები და „ოჯახის სხვა წევრები“ სამხედრო მომზადებას გადიოდნენ. უფლებადამცველებმა კადიროვის შვილების სამხედრო მზადებას ომის პროპაგანდის შოუ უწოდეს, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის მაცხოვრებლებისთვის აგიტაციას, რათა ისინიც დარეგისტრირდნენ "მოხალისეებად".

ჩეჩნეთის ლიდერის არასრულწლოვანი შვილები უკვე წლებია, რაც ქვეყანაში დემონსტრაციულად მართავდნენ მანქანებს. ეს ყველაზე უბრალო მაგალითია იმისა, რის უფლებას ქვეყანაში კადიროვის შვილებს აძლევენ.