ავტორი:

"ამბობენ, სტალინის ამ საქციელმა მეორე დღეს თავად ლენინიც გააოგნაო" - როგორ მოხვდა თურქეთის მხარეს უძველესი ქართული სოფელი: შვიდკომლიანი თათალეთის ისტორია?

"ამბობენ, სტალინის ამ საქციელმა მეორე დღეს თავად ლენინიც გააოგნაო" - როგორ მოხვდა თურქეთის მხარეს უძველესი ქართული სოფელი: შვიდკომლიანი თათალეთის ისტორია?

"ეს თურქეთის მხარეს დარჩენილი სოფელი თათალეთია, რომელიც გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთრის შედგენის დროს ახალქალაქის ლივის, ნიალისყურის ნაჰიეში შემავალი შვიდკომლიანი სოფელი ყოფილა.

თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილს თათალეთში ორი ეკლესია აქვს დაფიქსირებული... ბატონმა კახა ასპანიძემ მოგვაწოდა თათალეთში მცხოვრები თავისი თურქი მეგობრის ფატიჰ აკჩაის მიერ გადმოგზავნილი თათალეთის ერთი ეკლესიის (ეტყობა მეორე ეკლესია მთლიანადაა განადგურებული) და თათალეთიდან სამხრეთით, კილომეტრ ნახევარში მდებარე ნამოსახლარის და ნატაძრალის ფოტოები" - წერს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი, მკვლევარი კუკური მეტრეველი...

უძველესი სოფლის შესახებ კუკური მეტრეველი ისტორიულ ცნობებს გვაწვდის...

- პირველად თათალეთი მე-16 საუკუნის ბოლოს ოსმალეთის სამხრეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ დაიკარგა. მესხეთის უამრავი სოფლის მსგავსად ისიც ოსმალეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. როდესაც 1595 წელს ოსმალებმა გადასახადების გადამხდელთა და მოცულობის დადგენის მიზნით მესხეთის დაპყრობილ ტერიტორიებზე დასახლებების, სახნავ-სათესი მიწების და სხვა სავარგულების კომპლექსური აღწერა ჩაატარეს, თათალეთი მაშინ შვიდკომლიანი სოფელი ყოფილა...

- ანუ ძალიან პატარა...

- დიახ.. გამოღმა სოფელ ქარზამეთში (ახლა ნასოფლარია) მაშინ 45 კომლს უცხოვრია. თუმცა ეს პირობითია, რადგან მაშინდელი კომლები სულ ცოტა 10-15 სულისგან მაინც შედგებოდა. ძმები, ძმათა შვილები... ოჯახებით ერთად ცხოვრობდნენ. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ ერთი კომლი 30-მდე სულისგანაც შედგებოდა. მიუხედავად ამისა უნდა ჩავთვალოთ, რომ იმხანად თათალეთი მაინც პატარა, საკმაოდ დაცლილი სოფელი ყოფილა.

თათალეთი ჩრდილოეთიდან, ქარზამეტთისწყლის ხევიდან

- სოფელი ორჯერ დაიკარგა...

- არა, თათალეთი ორჯერ კი არა, სამჯერ დაიკარგა! პირველად როგორც უკვე გითხარით მე-16 საუკუნის ბოლოს, სრულიად მესხეთის ოსმალეთის მიერ დაპყრობის შედეგად...მართალია 1828 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ ანდრიაპოლისის ზავით მესხეთის ნაწილი (24 სანჯაყიდან მხოლოდ 10, რაც ისტორიული თორის, სამცხის და ჯავახეთის ტერიტორიების ნაწილს უდრიდა) ოსმალეთის თითქმის სამსაუკუნოვანი ბატონობისგან განთავისუფლდა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადმოვიდა.,მაგრამ- თათალეთი მაინც იქით მხარეს დარჩა. იმ დროს რუსეთ-თურქეთის საზღვარი ზედ ამ სოფელზე გადიოდა.

1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, როცა ისტორიული მესხეთის დანარჩენი ტერიტორიებიც გათავისუფლდა და ფაქტობრივად აღდგა ძველი საქართველო (თუმცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში) თათალეთიც ისევ საქართველოს შემადგენლობაში მოექცა.

პირველ მსოფლიო ომის პერიოდში (1914-1918წწ) გერმანიის მოკავშირე პანთურქული ოსმალეთი კავკასიის ფრონტზე რუსეთთან სასტიკად დამარცხდა და ტერიტორიების 1/3 დაკარგა. რუსები ტრაპიზონამდე ჩავიდნენ. მაგრამ 1917 წელს რუსეთში მომხდარი თებერვლის რევოლუციის შედეგად კავკასიის ფრონტზე მოქმედი რუსული არმია უმართავად დარჩა, უკან დაიხია და დაიშალა. ფრონტის ხაზის მოშიშვლებით ისარგებლა ოსმალეთმა და დაიწყო მოქმედებები ახლა უკვე მთელი კავკასიის ხელში ჩასაგდებად. გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია.

1918 წლის მარტ-აპრილში ოსმალეთმა ბათუმის, არტაანის და ყარსის ოლქების დაკავების მიზნით საომარი მოქმედებები წამოიწყო და მთელი აჭარის გურიის ნაწილის და სამცხე-ჯავახეთის ოკუპაცია მოახდინა. როგორც საყოველთაოდ ცნობილია 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დამოუკიდებლად შეეცადა ოსმალეთის მთავრობასთან ურთიერთობის გარკვევას, დაიწყო მასთან მოლაპარაკება, მაგრამ შექმნილი მძიმე სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა და დათანხმდა ოსმალეთის მთავრობის ბევრ კაბალურ მოთხოვნას. 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში ხელმოწერილი შეთანხმების ძალით ოსმალეთის კუთვნილებაში გადავიდა ბათუმის, ართვინის და არტაანის ოლქები, ახალციხის მაზრის უმეტესი ნაწილი და ახალქალაქის მაზრა მთლიანად. რითაც ფაქტობრივად აღდგა 1828 წლამდე არსებული რუსეთ- ოსმალეთის საზღვარი ოღონდ უკვე საქართველო ოსმალეთის საზღვრის სახით.

საბედნიეროდ სამხრეთ საქართველოს ეს ოკუპაცია ძველებურად დიდხანს არ გაგრძელდა: ანტანტის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ოსმალეთი საბოლოოდ დამარცხდა და 1918 წლის 30 ოქტომბერს ხელი მოაწერა მუდროსის დროებით ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ოსმალეთის მიერ დროებით დაკავებულ კავკასიის ყველა ტერიტორიაზე მოკავშირეთა ჯარებს მიეცათ შესვლის და დაკავების უფლება. თურქებმა დაიწყეს საქართველოს დაკავებული ტერიტორიების დატოვება და მათი ადგილი თანდათანობით საქართველოს სამთავრობო ჯარებმა დაიკავეს. 1918 წლის 9 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების მოსახლეობას მიმართეს და სიხარულით აუწყეს მათი დედასამშობლოში დაბრუნება -თათალეთიც ისევ სამშობლოს დაუბრუნდა.

1921 წელს, თებერვალში, ახლა უკვე საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს სრული ოკუპაცია და გასაბჭოება. მაშინ საბჭოთა რუსეთის და ქემალისტური თურქეთის ინტერესები ბევრ რამეში დაემთხვა და დაიწყეს ერთმანეთისათვის ხელის გამართვა. მათ შორის სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით მოსკოვში 1921 წლის თებერვალში დაწყებული მოლაპარაკება მარტში დასრულდა. დიდხანს მომლოდინე თურქეთის დელეგაციას მოსკოვში დაბრუნებულმა სტალინმა პირველსავე ღამეს მოუწერა ხელი საქართველოსთვის უაღრესად საზიანო ტერიტორიულ პირობებზე. ამბობენ ბევრისთვის დღემდე „ბელადად“ დარჩენილი სტალინის ამ საქციელმა მეორე დღეს თავად ლენინიც გააოგნაო. ამ დოკუმენტში შეთანხმებული დებულებები კიდევ უფრო დაკონკრეტდა და განმტკიცდა ყარსში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებით, რომლის ძალითაც თურქეთს გადაეცა უძველესი ქართული მხარეები: ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი, ფოცხოვის ხეობა... საქართველოს მიღმა დარჩა ისტორიული ჯავახეთის მნიშვნელოვანი ნაწილი- კარწახის ტბის დასავლეთი სანაპიროდან ვიდრე ერუშეთამდე, მათ შორის სოფელი თათალეთიც.

ამის მერე ეს სოფელი საქართველოს შემადგენლობაში აღარ ყოფილა. თურქეთის მხარეს ქარზამეთის წყლის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ თხემზე გაშენებული ამ სოფლის მოპირდაპირედ ქარზამეთის ნამოსახლართან საბჭოთა კავშირის დროს რუსებს მძლავრი სასაზღვრო-საკონტროლო საგუშაგო ჰქონდათ გაშენებული. მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, სათვალთვალო კოშკებით, მძლავრი განათების სისტემებით, ლოკატორული კონტროლით, მავთულხლართების და საგულდაგულოდ დახნული მიწის ზოლებით. ისეთი, რომ იტყვიან „ჩიტი ვერ გადაფრინდებოდაო“.

გაღმა დარჩენილი თათალეთელი ადგილობრივები ყოველ დილით მზის ამოსვლასთან ერთად სევდიანი თვალებით უყურებდნენ ამ ყველაფერს და ვინ იცის რაზე ფიქრობდნენ.

- წერთ , რომ ექვთიმე თაყაიშვილმა სოფელ თათალეთში ორი ეკლესია დააფიქსირა...

- დიახ, ექვთიმე თაყაიშვილმა სოფელ თათალეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში ორი ეკლესია დააფიქსირა. დღეს ერთია შემორჩენილი, ისიც ფოტოზე როგორც ჩანს, სულ შემოძარცვულია (სხვათა შორის ასეთი შემოძარცული ეკლესიები გამოღმაც გვაქვს) ორივე დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა.

- დღეს იქ ქართულად მოსაუბრე არავინ არის?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ ამჟამად ძირითადად წარმოშობის თურქები ცხოვრობენ... რამდენიმე ოჯახია, რომლებიც თავის თავს „იერლებს“- ადგილობრივებს ეძახიან. თუმცა არ იციან მათი წინაპრები ვინ იყვნენ. სხვათა შორის საარქივო მასალებში არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბორჯომის ხეობის ახალდაბის და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობა რუს მოხელეს თათალეთის გაუკაცრიელებულ დაუსახლებელ მიწებზე გადასახლებას სთხოვენ. უცნობია მოახერხეს მათ რუსული ხელისუფლებისგან ამაზე თანხმობის მიღება და თათალეთში გადასახლება.

თათალეთის ეკლესია. ფოტოს ავტორი ფატიჰ აკჩაი

ამ ერთი სოფლის მაგალითზეც კი ძალიან კარგად ჩანს, თუ რატომ და როგორ დავკარგეთ ამდენი ტერიტორიები და ამდენი მკვიდრი მოსახლეობა. სავალალო კიდევ ისაა, რომ სასაზღვრო ზოლში მოხვედრილ იქით მხარეს მყოფ სოფლების თუ პატარა აულების ფორმის დასახლებებს თურქეთის მთავრობის მხრიდან ყურადღება და ხელშეწყობა არ აკლიათ, აქეთ, ჩვენს მხარეს დარჩენილი სასაზღვრო სოფლების უმრავლესობა ნასოფლარებადაა ქცეული.