წიგნები, რომლებიც წარდგენილია „საბას“ ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“

წიგნები, რომლებიც წარდგენილია „საბას“ ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“

შემოდგომას წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, „საბას“ ფინალი გაიმართება. ცოტა ხნის წინ ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა.

2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ 12 წიგნი და 12 მთარგმნელია წარდგენილი.

გაგაცნობთ წიგნებს, რომლებიც გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ ეკუთვნის.

„გამქრალი ხეების კუნძული“, ელიფ შაფაქი, მთარგმნელი - ია ქვაჩახია

ეთნიკური შუღლის შედეგად ცეცხლში გახვეული კუნძული, ორად გაყოფილი ქალაქი, გაწყვეტილი ურთიერთობები... სწორედ ამ სისასტიკით სავსე სამყაროში ჩაისახა ორი სხვადასხვა ეროვნების მოზარდის სიყვარული. მათი ჩუმი, დაფარული და ბედნიერი სიყვარულის მოწმეა ლეღვის ხე, რომელიც ქალაქის ფერფლად ქცევისა და შეყვარებულების დაცილების მოწმედაც იქცა. ომმა შეყვარებულები დააშორა, მაგრამ მათ გრძნობას ვერაფერი დააკლო. ათწლეულების შემდეგაც სიყვარული ცოცხლობს და უბიძგებს ადამიანებს, არ გაწყვიტონ კავშირი თავიანთ მღელვარე ისტორიასთან. ელიფ შაფაქის ახალი გულში ჩამწვდომი რომანი სიყვარულზე, ტრავმაზე, განშორებასა და ძიებაზე, რომელიც, ავტორისავე თქმით, ეძღვნება ემიგრანტებსა და დევნილებს მთელ მსოფლიოში.

„იგავი“, უილიამ ფოლკნერი, მთარგმნელი - ზაზა ჭილაძე

„იგავი“ უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთი მთავარი ნაწარმოები და მისი შემოქმედების გვირგვინია. ავტორმა მასზე ათი წლის განმავლობაში იმუშავა და სურდა, მისი „ცხოვრებისა და, შესაძლოა, ეპოქის საუკეთესო ნამუშევარი ყოფილიყო“. ასეც გამოვიდა _ რომანმა 1955 წელს მიიღო როგორც პულიცერის პრემია, ისე წიგნის ეროვნული ჯილდო. მოქმედება ვითარდება საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს, და ეს არის ამბავი ომზე თითქმის საომარი მოქმედებების გარეშე. ამბავი კი ასეთია: კაპრალი სტეფანი ჯარისკაცებს უბრძანებს, არ გადავიდნენ შეტევაზე. მიზეზი? _ ამ უაზრობის – ომის – მოსათავებლად მხოლოდ ერთი სიტყვა _ გვეყოფა! _ უნდა ითქვას და ეს სიტყვა ითქვა. მაგრამ ომში „გვეყოფა“ უკვე ამბოხია... ჭირისუფლებს უმწეობა და უსამართლობის განცდა კი არ უგლეჯდათ გულებს, არამედ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანური ტკივილი... ტკივილსა და სატანჯველს ხომ ერთადერთ საპირწონედ არარა, არაფერი, სრული სიცარიელე მოეძევება, ტკივილსა და არარას შორის უკანასკნელს კი მხოლოდ ლაჩარი თუ აირჩევს. უილიამ ფოლკნერის „იგავი“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.

კლარა და მზე, კაზუო იშიგურო, მთარგმნელი - თამარ ჯაფარიძე

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის მომაჯადოებელი რომანი, რომელიც მწარედ, ტკივილით დაგვაფიქრებს სიყვარულსა და მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში.ეს კლარას ამბავია, რომელსაც ის თავად მოგვითხრობს. კლარა განსაკუთრებული, ყველა ანალოგისგან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ხელოვნური მეგობარია. ის მაღაზიის ვიტრინაში დგას და ყურადღებით ადევნებს თვალს გამვლელებს, აკვირდება მათ და ელის კლიენტს, რომელიც მას ამოირჩევს. ასეთი კლიენტი გამოჩნდება და კლარა ნამდვილ ოჯახს იძენს. მაგრამ რას ნიშნავს „ნამდვილი“ სამყაროში, რომელიც გაჟღენთილია პრაგმატიზმით, რაციონალურობითა და ათასგვარი შიშით? „კლარა და მზე“ არის სულის შემძვრელი, დაუვიწყარი წიგნი, რომელიც, რობოტის გულწრფელი და შეუდარებელი თხრობის მეშვეობით, სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს საკუთარ თავებს, ჩვენს ქცევას და დაგვაფიქრებს მარადიულ კითხვაზე: რა არის სიყვარული?

R