ავტორი:

უნიკალური ფოტოს ისტორია - საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჯაზ-კონცერტი 1940 წელს, შოვში ჩატარებულა

უნიკალური ფოტოს ისტორია - საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჯაზ-კონცერტი 1940 წელს, შოვში ჩატარებულა

"თბილისში ან ბათუმში ვინ იცოდა ჯაზი, (ან ვინ გაბედავდა) რაჭაში რომ ვგუგუნებდით... ფოტოზე 1940 წელია, ჯაზ-ბენდის რეპეტიცია შოვში. გადმოცემით ვიცი, რომ სადირიჟორო პულტთან, უფროსი ჯანო ბაგრატიონი იყო...“ - უნიკალური ფოტო "ფეისბუქჯგუფში" "რაჭა და რაჭის პეიზაჟები“ გამოჩნდა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ფონდის დირექტორმა მამუკა ბიჭაშვილმა გააზიარა.

მამუკა ბიჭაშვილი წარმოშობით გლოლადან არის და გლოლასა და შოვის მდიდარი კულტურული ცხოვრების შესახებ გვიამბობს...

- ბატონო მამუკა, უნიკალური ფოტო მოწმობს, რომ შოვი მხოლოდ ცნობილი კურორტი კი არა, ერთგვარი კულტურული ცენტრიც ყოფილა...

- საუბარი იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ შოვის საკურორტო სივრცე მოწყობილია ისტორიული სოფლის, გლოლის ტერიტორიაზე. ხსენებულ სოფელს ხელოვნებაში, განსაკუთრებით ფოლკლორში მრავალსაუკუნოვანი კვალი აქვს დატოვებული საქართველოს ისტორიისთვის. სოფელში ახლაც არსებობს რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლი. ძველი ქართული მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით დღესაც იმართება მთის რაჭაში მათი შემოქმედებითი ღონისძიებები... შოვში მომხდარ სტიქიურ მოვლენამდე, კურორტის დამსვენებლებსაც არაერთხელ მოუსმენიათ მათთვის. რადგან შოვს და კურორტს შევეხეთ, აქვე გეტყვით, რომ გასული საუკუნის დასაწყისში, შოვში მუსიკალური ცხოვრება ნამდვილად ყვაოდა. ჯაზის მოყვარულთათვის ცნობილია ის ფოტო მასალა, რომელიც მე-20 საუკუნის პირველი ნახევრითაა დათარიღებული... ჯაზ-ბენდი მუსიკოსებითა და ვოკალისტებით, სადირიჟორო პულტთან კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს უფროსი ჯანო ბაგრატიონია. ადგილობრივთა გადმოცემით (ძირითადად ხანდაზმულები იხსენებენ), კურორტის ტერიტორიაზე არაერთხელ ჩატარებულა კონცერტი, უცხოელ მუსიკოსთა ცოცხალი შესრულებით. ვიცი, რომ შოვის დამაარსებლის შამშე ლეჟავას შთამომავლების ოჯახში დღესაც ინახება ერთ-ერთი ასეთი კონცერტის, ჯაზის საღამოს აუდიოჩანაწერი.

- რა არის ცნობილი ამ ღონისძიებაზე, რატომ გადაწყდა შოვში ჩატარებულიყო?

- შოვი ზაფხულობით არამხოლოდ ჩვეულებრივ დამსვენებელს იზიდავდა, არამედ სხვა და სხვა პროფესიის ჯგუფებიც ხშირად სტუმრობდნენ კურორტს. იყო სპორტული შეკრებების, სამეცნიერო შეხვედრების და ასევე როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მუსიკოსთა თავშეყრის ადგილიც. შესაბამისად, მოსალოდნელიც იყო, რომ ამ მდებარეობაზე დაგეგმილ ღონისძიებებს მნახველის თუ მსმენელის დეფიციტი ნამდვილად არ ექნებოდა, ამიტომაც სავარაუდოა, რომ შოვისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ არაერთ ხელოვანს გაუჩინა იდეა შოვში თავისი შემოქმედებითი პროექტი განეხორციელებინა და განახორციელა კიდეც.

- შემდგომ წლებშიც გაგრძელდა კულტურული მოვლენები?

- მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ მთელ იმჟამინდელ საბჭოთა იმპერიაში უამრავი რამ შეცვალა. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები ყველას მძიმედ დაეტყო, მათ შორის მთის რაჭის კურორტსაც.. 40-60-იანი წლების პერიოდი ნაკლებად ცნობილია, თუ რამე კულტურული ხდებოდა ამ კუთხეში.

- თუ არის ცნობილი, ადგილობრივი მოსახლეობა როგორ შეხვდა ჯაზის საღამოს?

- ზემოხსნებულ ტერიტორიას, სოფელ გლოლას თუ დავუბრუნდებით, ხაზგასმით შეიძლება კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ ამ სოფელში ხელოვნებას და განსაკუთრებით მუსიკას დიდი ადგილი ეჭირა ადგილობრივ მაცხოვრებელთა ყოველდღიურობაში... მუსიკასთან ერთად გვერდს ვერ ავუვლით ქართული პოეზიის ღმერთის გალაკტიონ ტაბიძის შოვისადმი დამოკიდებულებას. ჭორებს რომ არ ავყვეთ (ცნობილი ვერსიაა, რომ ტაბიძემ "ნიკორწმინდა“ შოვში დაწერაო და ამ ვერსიას საკმაოდ საფუძვლიანი მტკიცებულებებიც გააჩნია), გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსს გავიხსენებ:

"ცხოვრებამ თუმც ბევრი ცრემლი დამადინა,

შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!

ჩემთვის იმ ხვამლიდან სხივმა მოადინა,

შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!

რის ვენა, პარიზი, ლონდონი, ათინა -

შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!

გულს ოდეს სამშობლო მოეთინათინა,

შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა!

სხეპა მოადინა, სხეპა მოადინა,

მტერს და მოღალატეს ბოლი აადინა..."