გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი. ეს კოტე მაისურაძეა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მარიტა გუტაშვილმა, რომელიც სტიქიას თვითონ გადაურჩა, თუმცა დაკარგა ოჯახის 9 წევრი - და-ძმა, დეიდა 2 შვილით და ბიძაშვილი - ახალგაზრდა ქალი 3 მცირეწლოვანი ბავშვით. კოტე მაისურაძე სწორედ მარიტას დეიდაშვილია.
როგორც მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მის დეიდას - შორენა ბიჭაშვილს, შვილებთან - კოტესა და მარიამთან ერთად, 22 აგვისტოს, რუსთავში დაკრძალავენ.
სტიქიის ზონაში, ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, მათგან ორის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. საგანგებო სამსახურის თანამშრომლები და ჯარისკაცები 6 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.