ავტორი:

"1991 წლის რაჭის მიწისძვრამაც განსაზღვრა ჩემი გზა... მაშინ 15 წლის ვიყავი, დედამ თქვა, რაჭაში უნდა წავიდეო და გავყევი" - თეა გოდოლაძე სხვა რაკურსით: ქვეყნის მთავარი სეისმოლოგი ოჯახსა და კარიერაზე

"1991 წლის რაჭის მიწისძვრამაც განსაზღვრა ჩემი გზა... მაშინ 15 წლის ვიყავი, დედამ თქვა, რაჭაში უნდა წავიდეო და გავყევი" - თეა გოდოლაძე სხვა რაკურსით: ქვეყნის მთავარი სეისმოლოგი ოჯახსა და კარიერაზე

საზოგადოებას მუდმივად სიფრთხილისკენ მოუწოდებს, არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა, თამამად და დაუფარავად ესაუბრება. ამბობს, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ განადგურებულია.

"ეს საშინელება რომ გავიგე, მოვკვდი... ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ყოველი მძიმე შემთხვევისას თვითგვემა მეწყება. ხომ არ დავაკელი რამე, იქნებ უფრო ხმამაღლა უნდა მეყვირა... ახლაც სულ შიში მაქვს, რადგან ვიცი, ეს მშენებლობები ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სამწუხაროდ, იმ მძიმე შედეგებისთვის მზად არ ვართ... რაც აქ ხდება, ამას პირად პასუხისმგებლობადაც მივიჩნევ" - გვეუბნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე.

მისი სატელევიზიო გამოსვლები საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ზოგჯერ გამაღიზიანებელიც კია. არადა, ადამიანს, პროფესიონალს, რომელიც სფეროს ბავშვობიდან კარგად იცნობს, კრიტიკულ სიტუაციაში გაჩუმება დანაშაულად მიაჩნია.

ვინ არის მართლაც თეა გოდოლაძე, რა გზა აქვს გავლილი და როგორ მოვიდა დღემდე, - ასეთი ინტერვიუ მას აქამდე არავისთვის მიუცია.

ის ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და ამ ყველაფერზე თავად გვიყვება.

მშობლები

- მამა ბიო-ქიმიკოსი იყო, მუშაობდა ხორბლის სასუქის ქიმიურ შემცველობაზე, ქართული ხორბლის ჯიშებზე და მუდმივად ცდებს ატარებდა. მახსოვს, სულ საცდელ მეურნეობაში იყო, წერდა და ბევრს კითხულობდა... სამწუხაროდ, 22 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა... დედა სეისმოლოგია და წლები გეოფიზიკის ინსტიტუტში საქმიანობდა. იქ ენგურჰესის სეისმოლოგთა ჯგუფი იყო, რომელიც ენგურჰესს აკვირდებოდა. დედას განყოფილების უფროსი სეისმოლოგი გიორგი მურუსიძე გახლდათ. დისერტაცია რომ დავიცავი, სწორედ ბატონი გიორგის ერთ-ერთი წიგნი გამოვიყენე...

ბავშვობა და მოსწავლეობა

- გამოდის, ბავშვობიდან ამ სფეროსთან მჭიდრო შეხება გქონიათ და თან დედის საქმიანობა გაგიგრძელებიათ... აქტიური ბავშვი იყავით?

- კი, ასე გამოვიდა, დედის საქმე გავაგრძელე... რაც შეეხება იმას, როგორი ბავშვი ვიყავი, დედა მეუბნება, რომ აქტიური და თამამი ვიყავი. მორიდებული არ ვყოფილვარ, მაღიზიანებდა უსამართლობა, მახსოვს, პროტესტს რომ გამოვთქვამდი ხოლმე... ბაღში წასაყვანად ყველას დედა და მამა გვაკითხავდა. ამიტომ ყველას დედებს და მამებს ვიცნობდი. ერთ-ერთ ჩვენს ჯგუფელს წასაყვანად სხვა ადამიანმა მოაკითხა. ეს არასწორად მივიჩნიე და ბუნტი მოვაწყვე - ეს ვინ არის? დედამისი სად არის? ამას რატომ მიჰყავს-მეთქი?! მერე დედაჩემს ამის გამო მასწავლებლებმა საყვედური უთხრეს... ჯერ 24-ე სკოლაში ვსწავლობდი და მერე გრიგოლ კობახიძის 77-ე მათემატიკურ სკოლა-გიმნაზიაში გადავედი... მე და ჩემი ძმა აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვიყავით. მშობლის კალთას ამოფარებული არასდროს ვყოფილვარ. დედას არაფერში შევუზღუდივარ. განსაკუთრებით სწავლის კუთხით. კოდივით მქონდა ჩადებული, მამისგანაც ასე იყო, რომ უნდა მესწავლა. ჩემი ძმა ბიზნესის კუთხით წავიდა, მე - აკადემიური. ამას თავიდანვე ჰქონდა საფუძველი ჩაყრილი, გრიგოლ კობახიძის სკოლა-გიმნაზია ხუთებზე დავამთავრე. სკოლაში ფრიადოსანი სტიპენდიატი ვიყავი. მათემატიკას საქართველოს დამსახურებული პედაგოგი დავით გონდაური მასწავლიდა. პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანი. მის საყვარელ მოსწავლედ მივიჩნეოდი. დავით მასწავლებელს დიდი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში და მისი მადლიერი ვარ.

დედასთან ერთად

"მიწისძვრები ბავშვობიდან მაინტერესებდა"

- დედას დამხმარე არავინ ჰყავდა, ამიტომ, სკოლიდან რომ გამომიყვანდა, სამსახურში მივყავდი. საწყობში სეისმური მაგიდები ჰქონდათ, სპეციალურ პლანშეტს ეძახდნენ, მიწისძვრა მაშინ ხელით ისაზღვრებოდა - მთელი ტექნოლოგია იყო და დედას მეგობრები მასზე მაძინებდნენ... ერთხელაც ინსტიტუტში შემოწმება იყო, უფროსი თავის მოადგილეებით შემოვლაზე იყო. დედას არ უნდოდა, რომ მათ იქ ვენახე და მაგიდის ქვეშ დამმალა. ამაზე გავბრაზდი, რატომ უნდა ვიყო მაგიდის ქვეშ. შენ ვინ ხარ-მეთქი? - ოთახში შემოსულ უფროსს ვუთხარი და თავი ამოვყავი. ასე გავაპროტესტე. ბატონი ბალავაძე სიცილით ოთახიდან გავიდა. თან სასაცილო გარეგნობა მქონდა - წითელი თმა და ბევრი ჭორფლი სახეზე. ამიტომ, დედამ სულ იცოდა, რომ ჩემთვის რამის აკრძალვა არ შეიძლებოდა... მოკლედ, სულ პატარაობიდან, იმ სამსახურში სეისმოგრამებზე ვიჯექი, იმ მოწყობილობაზე, რომლითაც დედა ანგარიშობდა მიწისძვრის ეპიცენტრს და იმ ყველაფერს ვუყურებდი.

სეისმოლოგი ბაბუა

- ბაბუა, დედის მამა კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, პენსიაზე საკმაოდ ახალგაზრდა გავიდა და სოფელში, თავის სახლში სეისმური სადგური გახსნა. ახლა სეისმურ სადგურს ხელით ატარებ, მაშინ მთელი თავისი მოწყობილობით სახლის 4 ოთახი ეთმობოდა და იქიდან ხდებოდა ენგურჰესის მონიტორინგი. ფაქტობრივად, ჰესს ასეთი ლოკალური ქსელი მიეძღვნა. ჩემზე რომ ამბობენ, ამ ქალმა ენგურჰესზე რა იცისო? იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. წარმოიდგინეთ, ბაბუასთან ერთად ვცვლიდი ლენტებს. ახლა ელექტრონულად ხდება ყველაფერი, მაშინ ქაღალდზე იწერებოდა. სადგური 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. სკრუპულოზური საქმე იყო, რომელსაც მუდმივად შემმოწმებელი ჰყავდა.

„1991 წლის რაჭის მიწისძვრამაც ბევრი რამ განსაზღვრა“

- კი, ფაქტობრივად, მაინც ამან განსაზღვრა ჩემი გზა. მიწისძვრა რომ მოხდა, დედამ თქვა, ზურაბ ჯავახიშვილი ჯგუფს ქმნის, რაჭაში უნდა წავიდე და დავაკვირდეთო. ის იყო კავკასიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კი მომხდარა. მაშინ 15 წლის ვიყავი და დედას მეც წავყევი. იქ საერთაშორისო ექსპედიცია იყო, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ამერიკელი, ინგლისელი, გერმანელი წამყვანი მეცნიერები... მაშინ ინგლისური წიგნებიდან ვიცოდი, კომუნიკაცია უცხოელებთან იქამდე არ მქონია და უცხოელებიც პირველად ვნახე. იმ პერიოდში აფტერშოკების, მომყოლი მიწისძვრების რეგისტრაცია იწარმოებოდა. ელექტრონულად ამუშავებდნენ. ის ტექნოლოგიები და კომპიუტერიც მანამდე არ მენახა.

ქართული ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ზურა ჯავახიშვილმა მითხრა, დაჯექი კომპიუტერთან და ჩემთან ერთად დაიწყე მიწისძვრების დამუშავებაო. მათემატიკა ხომ ვიცოდი, ფიზიკას კარგად ვსწავლობდი და ყველაფერს ადვილად ავუღე ალღო. დავიწყე ჩვეულებრივად ეპიცენტრების დასმა. ზურამ ბევრი რამ მასწავლა და ისიც ის ადამიანია, ვინც ჩემი ცხოვრების გზა განსაზღვრა...

მძიმე 90-იანები და შემდგომ...

- ისეთი რთული სიტუაცია იყო, გეოფიზიკის ინსტიტუტი კი არა, სეისმური სადგურები აღარ არსებობდა. ინსტიტუტში 700 კაციდან 5 კაცი დადიოდა. მამა მაგ პერიოდში გახდა ავად და დედას სხვა სახსრების ძებნა მოუწია, რომ ოჯახი შეენახა. სამსახურიდან თვითონ წამოვიდა... ზურა ჯავახიშვილმა რეგიონული სეისმოლოგიის განყოფილების გამგე გახდა, დედას უთხრა, შენ ნაცვლად თეა მოიყვანეო. უკვე სტუდენტი ვიყავი, 19 წლის... მოკლედ, დავიწყე მუშაობა. ახალგაზრდული ჯგუფი შევქმენით - მეგობარი სტუდენტებიც მივიყვანე. შემდეგ ზურა სეისმოლოგიური ცენტრის უფროსად დაინიშნა და დაიწყო საერთაშორისო პროექტები. რეფორმა ჩატარდა, გამოვეყავით მეცნიერებათა აკადემიას და ახალგაზრდული გუნდით სეისმური მონიტორინგის ცენტრი გავაკეთეთ. ჩვენით ამერიკელი კოლეგები დაინტერესდნენ...

იმ დროს იაპონიაში ვსწავლობდი და "მასტერს" ვაკეთებდი. ასევე იქ გავიარე არაერთი ტრენინგი, შევისწავლე ადამიანის ქცევა ძლიერი მიწისძვრის დროს. ყველაფერი უკვე ფსიქოლოგიურად გამომუშავებული მაქვს. შემდეგ აქ დისერტაცია ამერიკელებთან ერთად დავიცავი. დაიწყო ჩვენი დიდი მეგობრობა ბერკლის უნივერსიტეტის ლოურენს ლივერმოლის ნაციონალურ ლაბორატორიასთან. პროექტებს ერთობლივად ვაკეთებდით. წელიწადში რამდენჯერმე ჩავდიოდი ამერიკაში, ვსწავლობდი. საერთოდ, დღემდე ყოველწლიურ მუშაობასა და განვითარებაში ვარ, სულ სწავლის პროცესია, არ ვთვლი, რომ ყველაფერი ვიცი, თვითგანვითარება და სწავლა ჩემთვის უწყვეტი პროცესია.

საყვარელი საქმე

- პროფესიული არჩევანით კმაყოფილი ხართ?

- რა თქმა უნდა. ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს, მაინტერესებს. ვერ წარმოიდგენთ, რა საინტერესოა დედამიწის აგებულება და ის, თუ როგორ იქცევა დედამიწა. ყველაფერზე გვაფრთხილებს - გეუბნება, დამაკვირდით და მიცანით. ჩვენ არ ვაკვირდებით, არ ვსწავლობთ. არ ვიცით გარემოსთან ურთიერთობა. ეს არის ჩვენი პრობლემა. სულ ვამბობ, ნუ მოექცევით მას ცუდად, რადგან ის ხელს შემოგიბრუნებთ და იცოდეთ, რომ თქვენზე ძლიერია...

- არაერთი ადამიანი ახსენეთ, რომლებსაც თქვენთვის გაწეულ ღვაწლს არ უკარგავთ...

- სხვანაირად, როგორ იქნება... მათ გარდა კიდევ არიან მნიშვნელოვანი პერსონებიც, აილინ შაფერ ვერჯინო უნდა დავასახელო. დიდი ადამიანია, რომელიც ლოურენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიიდანაა. მან მითხრა, სეისმოლოგად უნდა გაგზარდოო. ცოდნა კი მქონდა, მაგრამ ამერიკა სხვა გაქანების სახელმწიფოა და ასეთივე სამეცნიერო სივრცე აქვს. მიმაბარეს უძლიერეს სპეციალისტებს. მიწისძვრის კერის ფიზიკა მაშინ ვისწავლე. ყველა ტექნოლოგია, რასაც იქ დავეუფლე, აქ ჩამოვიტანე. იქ დარჩენა არ იყო არც ჩემი და არც ჩემი მასწავლებლების მიზანი. მოგვიანებით კიდევ რენგენ გოკი, უმაგრესი ადამიანი გავიცანი. აილინი კი ორივეს ჩვენ ამერიკელ დედად მიგვაჩნია... პოსტდოქორატურა დაგთან ერთად ბერკლის უნივერსიტეტში გავაკეთე და იქიდან რომ ჩამოვედი, ზურა ჯავახიშვილი შევცვალე. 2013 წლის 28 ოქტომბერს ამ ინსტიტუტში დირექტორად დავინიშნე. აქ ყველა ჩვენი სტუდენტი მუშაობს, რომლებიც უზომოდ მიყვარს.

თეა გოდოლაძე პროფესიის მიღმა

- მიყვარს მოგზაურობა და ჩვენი პროფესიის დამსახურებით მთელი საქართველო გვაქვს მოვლილი... საშუალება მქონდა, მემოგზაურა და მენახა ჩემთვის საინტერესო ადგილები, როგორც ისტორიულად, ისე გეოლოგიურად. პროფესიული კუთხითაც მაინტერესებდა და მოგზაურობა ისეც მიყვარს. ძალიან მიყვარს ასევე კითხვა. ბოლო დროს მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად კი ვერ ვიცლი, ძირითადად პროფესიულ ლიტერატურას ვეცნობი, რომლიც მჭირდება... მიზიდავს ასტროლოგია. ჩემი სერიოზული ჰობია, მაგრამ ეს დარგი ცუდ დონეზე არ ვიცი, ჩემი მათემატიკის და ასტრონომიის ცოდნიდან გამომდინარე, ბევრ რამეს ჩავწვდი. რაღაცები ამ კუთხით ჩემმა დეიდაშვილმაც განსაზღვრა, რომელიც პროფესიონალი ასტროლოგია. 2009 წლიდან შესაბამის ლიტერატურას აქტიურად ვკითხულობ. ჩვეულებრივი მეცნიერებაა და ეს არის ასტრონომია-ფსიქოლოგიის კავშირი.

- თქვენი ოჯახიც გაგვაცანით.

- მყავს დედა, ძმა, სამი ძმისშვილი და რძალი. ჩემი არაჩვეულებრივი ძმისშვილების მეტად განვითარებაში მინდა მონაწილეობა მივიღო, თუმცა უდროობის გამო ყველაფერი ერთად აღარ გამოდის... თან მე ცალკე ვცხოვრობ, მაგრამ ცხადია, ჩემი ოჯახის წევრებთან მუდმივად მივდივარ. დედა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ძალიან ნერვიულობს, რომ საკუთარი შვილები არ მყავს, ამაზე მეც ვნერვიულობ. წესით, ძალიან კარგი დედა უნდა ვყოფილიყავი. არ გამოვიდა, სამაგიეროდ, ბევრი სტუდენტი მყავს, ბედნიერი ვარ, ვთვლი, რომ ჩემი თანამშრომლებისთვის ცხოვრებაში რაღაც ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ვითამაშე... როცა საკუთარი არ გყავს, სულ ვცდილობ, ახალგაზრდებს დავეხმარო.

- შვებულებით სარგებლობთ?

- რაც დირექტორი ვარ, 2019 წელს პირველად ავიღე შვებულება და ერთი კვირით და დასასვენებლად წავედი. შვებულება არ ვიცი, რა არის, სადმე 2 დღით თუ გავალ, რა ვქნათ, სამუშაოა ასეთი... ხანდახან ვფიქრობ, კაფე გავხსნა და ხაჭაპური გამოვაცხო, ყავა მოვადუღო. ჩემი სურვილია, მქონდეს კაფე და კრუასანებით, ხაჭაპურებით ადამიანებს ვუმასპინძლდებოდე...