ავტორი:

"კოტეს სახით სტიქიამ კიდევ ერთი ნიჭიერი ადამიანი წაგვართვა... ამ ამბით სულით-ხორცამდე შეძრულები ვართ" - საქართველოს უნივერსიტეტი

"კოტეს სახით სტიქიამ კიდევ ერთი ნიჭიერი ადამიანი წაგვართვა... ამ ამბით სულით-ხორცამდე შეძრულები ვართ" - საქართველოს უნივერსიტეტი

გუშინ ცნობილი გახდა, რომ იდენტიფიცირებულია შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი. ეს კოტე მაისურაძეა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მარიტა გუტაშვილმა, რომელიც სტიქიას თვითონ გადაურჩა, თუმცა დაკარგა ოჯახის 9 წევრი - და-ძმა, დეიდა 2 შვილით და ბიძაშვილი - ახალგაზრდა ქალი 3 მცირეწლოვანი ბავშვით. კოტე მაისურაძე სწორედ მარიტას დეიდაშვილია.

კოტესთან ერთად სტიქიას მისი და, მარიამი და დედა, შორენა ბიჭაშვილი ემსხვერპლნენ. კოტე მაისურაძის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს უნივერსიტეტი:

"საქართველოს უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კურსდამთავრებულის, კოტე მაისურაძის გარდაცვალების გამო. შოვის სტიქიამ, კოტეს სახით, კიდევ ერთი ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე და ნიჭიერი ადამიანი წაგვართვა.

ამ ამბით სულით-ხორცამდე შეძრულები ვართ. ყველა ჩვენგანი, სტუდენტები, ლექტორები და თანამშრომლები დიდი თანაგრძნობით ვუსამძიმრებთ კოტეს ოჯახსა და ახლობლებს ამ უდიდესი დანაკარგის გამო" - წერია ინფორმაციაში.

სტიქიის ზონაში, ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, მათგან ორის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. საგანგებო სამსახურის თანამშრომლები და ჯარისკაცები 6 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.