ავტორი:

"კონტრშეტევა არც ჩავარდა, არც გაჭიანურდა და არც გადაიდო. ის ნელი ტემპით, მაგრამ სრული სვლით მიმდინარეობს... "- "ქართული ლეგიონის" მეთაური ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და მის მიმართ დაწყებულ სამრთლებრივ დევნაზე

"კონტრშეტევა არც ჩავარდა, არც გაჭიანურდა და არც გადაიდო. ის ნელი ტემპით, მაგრამ სრული სვლით მიმდინარეობს... "-  "ქართული ლეგიონის" მეთაური ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და მის მიმართ დაწყებულ სამრთლებრივ დევნაზე

ცოტა ხნის წინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართული ეროვნული ლეგიონის 70-ზე მეტ მებრძოლს უკრაინის მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრეს საქართველოს მოქალაქე უშანგი მამულაშვილსაც, რომელიც მედიასივრცეში მამუკა მამულაშვილის სახელით არის ცნობილი.

"დადგინდა, რომ მამულაშვილმა 2014 წელს შექმნა ქართული ეროვნული ლეგიონი და საქართველოდან დაიქირავეს ხალხი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ხელისუფლების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობაში.

თავად მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ უკვე რვაჯერ აღძრეს მასზე სისხლის სამართლის საქმე, ფულადი ჯილდოებიც არაერთხელ დააწესეს მისი ლიკვიდაციისთვის. "არც მაგათი აღძრული სისხლის სამართლის საქმე მაღელვებს და არც მაგათი გამოგზავნილი მკვლელები. რუსები ძალიან მალე დამარცხდებიან და თავად მოუწევთ სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგომა", - ამბობს მამულაშვილი.

  • რა აძლევს რუსების მალე დამარცხების იმედს "ქართული ლეგიონის" მეთაურს, როგორ აფასებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას და რა გეგმები აქვს, ამის შესახებ ინტერვიუში შეიტყობთ:

- რუსული საგამოძიებო სამსახური და სასამართლო არ არის ჩვენი შფოთვის საგანი, ჩვენ ახლა ძალიან განვიცდით იმას, რაც საქართველოში ხდება. იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რუს აგენტურას და "ტურისტებს" უშვებს საქართველოში, მათი შვილები, მამები და ძმები საქართველოს საუკეთესო ჯარისკაცებს ესვრიან. სულ ახლახან დაჭრეს ჩვენი ბიჭები...

- როგორ ახერხებს "ქართული ლეგიონი" მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოს როგორც დასავლურ, ასევე რუსულ მედიაში და უამრავი მითქმა-მოთქმის მიზეზი ხდებოდეს?

- ეს განპირობებულია ორი ფაქტორით - ჩვენს წინააღმდეგ აქტიურად მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები. ჩვენს გასაშავებლად დოკუმენტური ფილმებიც აქვთ გადაღებული. მეორე მხრივ, საერთაშორისო მასმედიაც ინტერესდება, თუ რატომ არის მაინცდამაინც "ქართულ ლეგიონზე" ასეთი შეტევა. პასუხი ასეთია - ჩვენ ვართ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინულ არმიაში. ჩვენთან ანუ ქართველებთან ერთად სხვა ეროვნების მებრძოლებიც არიან: ამერიკელები, ინგლისელები, მექსიკელები, თუმცა ყველაზე მეტი მაინც ქართველია. დღეისათვის "ქართული ლეგიონის" პირადი შემადგენლობა ორი ათას კაცამდეა. ამ ომში უკრაინელების შემდეგ ყველაზე ბევრი ქართველი იბრძვის. "ქართული ლეგიონი" პირველი ინტეგრირდა უკრაინულ არმიაში. ჩვენ 2016 წელს ოფიციალურად გავხდით უკრაინული შეიარაღებული ძალების კონტრაქტორები და დღეს სპეციალური დანაყოფი ვართ. ჩვენი მიმართულებაა განსაკუთრებით რთული სპეცოპერაციები, რუსი ტერორისტების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სამეთაურო შტაბების განადგურება. ამიტომაც საუკეთესოდ მომზადებული ჯარისკაცები გვყავს. ჩვენ ყურადღებას ვიქცევთ პროფესიონალიზმითა და განადგურებული მტრის სტატისტიკით.

- ფილმის გადაღებას თქვენ შესახებ ამერიკელებიც გეგმავენ. როგორც ვიცით, მთავარი როლი შონ პენმა უნდა ითამაშოს.

- კი ითქვა, მაგრამ როდის რა იქნება ვერ გეტყვით. ჩვენ იმისთვის არ ვაკეთებთ რამეს, რომ მედიის ყურადღება მივიქციოთ და არც იმისთვის, რომ ჩვენ შესახებ ფილმები გადაიღონ. ჯარისკაცები ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.

- გავრცელდა მოსაზრება, რომ ბოლო დროს "ლეგიონს" ხშირად ტოვებენ ქართველები.

- ხანგრძლივი პროცესია გასავლელი იმისთვის, რომ "ქართული ლეგიონის" წევრი გახდე. ინტენსიური გადარჩევა მიმდინარეობს... ჩვენთვის ადამიანების სიცოცხლეა პრიორიტეტი. არაპროფესიონალი ადამიანი საფრთხეა არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ თანამებრძოლებისთვის. ათასგვარ ჭორს ავრცელებენ, მაგრამ ჩვენ არ ვრეაგირებთ, ვიცით, რომ მიზანმიმართული პროვოკაციებია.

- ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტთან ერთ-ერთი შეხვედრისას განაცხადა, რომ "უკრაინული კონტრშეტევა არ არსებობს". "ის არსებობს, მაგრამ ჩავარდა", - ასეთი იყო პუტინის განმარტება. მეორე მხრივ, ანალიტიკოსების აზრით, კონტრშეტევა ძალიან გაჭიანურდა და ომის სურათი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ, კონტრშეტევა ჩავარდა, გადაიდო თუ გაჭიანურდა?

- კონტრშეტევა არც ჩავარდა, არც გაჭიანურდა და არც გადაიდო. ის ნელი ტემპით, მაგრამ სრული სვლით მიმდინარეობს. რატომ? იმიტომ, რომ რუსებისგან განსხვავებით უკრაინის ხელისუფლება საკუთარ ჯარისკაცებს უფრთხილდება. მაინტერესებს, რას გულისხმობენ ანალიტიკოსები, როდესაც გაჭიანურებულ კონტრშეტევაზე ლაპარაკობენ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალების თანაფარდობაც ხომ უნდა გაითვალისწინონ?

მიუხედავად იმისა, რომ საარტილერიო ჭურვი რუსებს ბევრად მეტი აქვთ, უკრაინული ჯარი წინ მიიწევს. სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე დასახლებული პუნქტი ავიღეთ... ბევრი რამ დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ამუნიციას გვაწვდიან. უკრაინელებს იმაზე მეტი საარტილერიო ჭურვის გამოყენებამ მოუწიათ, ვიდრე კონტრშეტევის დაწყებისას ვარაუდობდნენ. შესაბამისად, სხვადასხვა სპეციფიკის შეიარაღების დეფიციტია. უკრაინას არც იმის ფუფუნება აქვს, რომ დანაღმულ ველებზე ატაროს მებრძოლები. ყველაზე მეტად ახლა დანაღმული ველები გვაფერხებს. თუკი რაიმე ნაღმი აწარმოეს რუსებმა, საბჭოთა პერიოდიდან ბოლო დრომდე, ყველაფერი მიწაში ჩადეს. ამიტომ იძულებული ვართ, განსაკუთრებულად ფრთხილად ვიმოქმედოთ. შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინას კონტრშეტევისთვის ჯერ თავისი რესურსების მხოლოდ 20-30% აქვს გამოყენებული.

- სამხედრო ექსპერტების ნაწილის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

- ეს არ იქნება მრავალწლიანი ომი. ასეთი შენელებული ტემპითაც კი უკრაინა ერთ წელიწადში გაათავისუფლებს რუსებისგან ტერიტორიებს. მეტსაც გეტყვით, რუსეთი მანამდე დაიწყებს შიგნიდან დაშლას, ვიდრე უკრაინა დეოკუპაციას დაასრულებს. პრიგოჟინის აჯანყებამ გვაჩვენა, რომ კრემლი შიგნიდან იწყებს რღვევას. პუტინს აღარც ძველებური მხარდაჭერა აქვს და აღარც გავლენა. მან რუსული არმია უკრაინაში დამარხა და ახლა მისი ნარჩენებით ცდილობს ძალაუფლების გახანგრძლივებას. უკრაინა კი ყოველდღიურად უახლესი ტექნოლოგიებითა და იარაღით მარაგდება.

- ბრძოლის ველზე უშუალოდ ხვდებოდით და დღესაც ხვდებით რუს სამხედროებს. როგორი იყო მათი ბრძოლისუნარიანობა ომის დაწყების პირველ დღეებში და როგორია ახლა?

- ადრე უფრო რთული იყო მათთან გამკლავება. ბოლოდროინდელ შეტაკებებში მათი არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობა იგრძნობა. სხვათა შორის, ძალიან ადვილი სამიზნეები არიან.

- ბოლო დროს რუსული ტელეგრამარხები ხშირად იუწყებიან მოსკოვში უკრაინული დრონების გამოჩენის შესახებ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ დრონების არმიის პირველი წლის შედეგები უკვე არსებობს.

- უკრაინული დრონების მოსკოვზე თავდასხმამ აშკარა გახადა, რომ მოსკოვი დაუცველია ისეთი პრიმიტიული დრონებისგანაც კი, რომელსაც უკრაინა უშვებდა. ეს გადაკეთებული სამოქალაქო დრონებია. უკრაინული დრონების არმია ძალიან მალე გაიზრდება, საკმაოდ მარტივი "მავიკებით" დაწყებული, საზღვაო და თავდასხმის დრონებით დამთავრებული, რომლებსაც დიდ მანძილზე მოქმედება შეუძლიათ. შესაბამისად, კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება. განაგრძეთ კითხვა