ავტორი:

მორიგი შეტევა მოსკოვზე: რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - "აღიკვეთა კიევის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა"

მორიგი შეტევა მოსკოვზე: რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - "აღიკვეთა კიევის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა"

მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში დრონით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"21 აგვისტოს, მოსკოვის დროით, დაახლოებით, 06:50 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით. საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, დრონი, რომელმაც კონტროლი დაკარგა, პოკროვსკოეს დასახლების მიდამოში ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტმა თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დააწესა. აეროპორტში აცხადებენ, რომ დროებითი შეზღუდვები აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უსაფრთხოების მიზნით დაწესდა.