ავტორი:

"მოუმატეთ ქულები! მშობლები არ გავჩერდებით!“ - რატომ არიან აღშფოთებულები მათემატიკის გამოცდით აბიტურიენტები და მშობლები?!

"მოუმატეთ ქულები! მშობლები არ გავჩერდებით!“ - რატომ არიან აღშფოთებულები მათემატიკის გამოცდით აბიტურიენტები და მშობლები?!

მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე დაიდო, აბიტურიენტები კვლავ მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან, რადგან 23 აგვისტოდან ნებისმიერ დღეს გამოქვეყნდება აპელაციის შედეგები, სკალირებული და გათანაბრებული ქულები. ყველაზე მეტად მათემატიკის გამოცდის გამო ნერვიულობენ და ელიან, რომ სხვა საგნებთან შედარებით ჩაჭრილთა რაოდენობაც ამ საგანში გაცილებით მეტი იქნება, ფიქრობენ რეკორდულიცო. ამის მიზეზად კი გართულებულ საკითხებს, არასაკმარის დროსა და ამოცანის პირობის არაპროფესიულ თარგმნას ასახელებენ.

"მათემატიკის საგამოცდო საკითხები მტრულად იყო შედგენილი“, - პირდაპირ ამბობენ მშობლები.

ანა დადვანი, მშობელი: "მართლა ძალიან მაინტერესებს, მათემატიკის ტესტების შემდგენელთ საერთოდ თუ აქვთ წარმოდგენა, როგორ ისწავლება სკოლებში ეს საგანი?! არავინ ითხოვს უცოდინარობაზე თვალის დახუჭვას, მაგრამ მხოლოდ მათემატიკური სკოლების მოსწავლეებზე არ უნდა გათვალოთ საკითხები! ჩვენც ვიცით კომაროვის და ვეკუას მისამართი და რომ გვდომოდა, თავის დროზე იქით ავიღებდით გეზს.... ბალანსი დასაცავია და თუ ამ ბალანსს ხელოვნურად არღვევენ, მაშინ ახადონ ფარდა სიმართლეს და თქვან რატომ! მოუმატეთ ქულები! მშობლები ასე არ გავჩერდებით! "

თამარ ხაჭაპურიძე, მშობელი: ჩემი შვილი არქიტექტურულზე აბარებს.1 ქულა დაგვაკლდა ბარიერის გადალახად. გაოცებული ვარ, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში მეცადინეობდა კეთილსინდისიერად, საერთოდ ძალიან მოწესრიგებული ბიჭია. მერჩია ისტორიით ჩაებარებინა, მაგრამ თვითონ მოინდომა მათემატიკა. მე ქვეცნობიერად მქონდა მათემატიკის შიში, იმიტომ რომ გასული წლის ცუდი გამოცდილება მახსოვდა ძმისშვილთან დაკავშირებით, ისიც მაინცდამაინც მათემატიკაში ჩაიჭრა, ისიც კეთილსინდისიერად ემზადებოდა მთელი წელი, თუმცა ბოლოს 1 ქულა დაემატა და გახდა სტუდენტი. წელსაც და გასულ წელსაც ისმის, რომ ეს არის ძალიან რთული ტესტები. ამას ვერ უარყოფენ თვითონ გამოცდების ეროვნულ ცენტრშიც, რადგან ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ბავშვი იჭრება მათემატიკის გამოცდაში. ალბათ უნდა გაითვალისწინონ ეს იმ ადამიანებმა, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ და მოსთხოვონ იმდენი, რამდენსაც ასწავლიან, არც მეტი, არც ნაკლები! დარწმუნებული ვარ სკალირების შემდეგ ეს ბავშვები მაინც გახდებიან სტუდენტები, მაგრამ ეს სტრესი დიდხანს გაჰყვებათ. საინტერესოა, რატომ არ ისმება კითხვა: რატომ არის ასეთი მაღალი ჩაჭრის მაჩვენებელი მოსწავლეებში, რომლებიც ყოველწლიურად ემზადებიან ?! დიდი ეჭვი მაქვს, ხელოვნურად ამღვრევენ წყალს და ამ კითხვაზე პასუხიც მათემატიკას სცდება!!!"

იზაბელა ამაშუკელი, მშობელი: წელს ითქვა, რომ თანაბრად არ იყო გადანაწილებული ტიპობრივი დავალებები - გეომეტრიული ნაწილი ჭარბობდა, რომ დრო არ მისცეს ადეკვატურად საჭირო დავალებების შესასრულებლად, რომ ამოცანების ტექსტი ისე რთულად იყო გადმოცემული, რას გვეკითხებოდა, იმის გასაგებად ნახევარი საათი დაგვეკარგაო, რომ ერთქულიანი საკითხები შარშანდელი ორქულიანების სირთულის იყოო.... ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მათემატიკა ეროვნული გამოცდების სუსტი წერტილი და აქილევსის ქუსლია. მათემატიკაზე დიდი სტრესი აქვთ ბავშვს. ფაქტია, სკოლებში მათემატიკის სწავლების მეთოდები უნდა შეიცვალოს. გადაიხედოს სტრატეგია, რადგან ბოლო წლები აჩვენებს, რომ უფრო და უფრო უჭირთ აბიტურიენტებს მათემატიკის ჩაბარება და ეს საგანი რჩება ეროვნული გამოცდების სისუსტედ. ფაქტია, რომ სკოლაში გასაუმჯობესებელია მათემატიკის სწავლება, მაგრამ ისე მიდის ყველაფერი, რომ მალე სკოლაში მათემატიკის მასწავლებლები აღარ გვეყოლება, იმდენად გაურბიან ამ საგანს. ეს პრობლემა კი ბევრად უფრო გლობალურია, ვიდრე ეროვნული გამოცდები".

ლაშა გალდავა, აბიტურიენტი: "წელს დასაწევია ბარიერი, რადგან რაც არ უსწავლებიათ, იმას გვთხოვდნენ! გარდა ამისა, სრულიად გაუგებარი სიტყვათა წყობით იყო გადმოცემული ამოცანების პირობები. ამის გამო ბევრს ტექსტის გაანალიზება გაუჭირდა და ჩაიჭრა. ამასთან, ვფიქრობ 41 საკითხის დასაწერად 3 საათი არასაკმარისი დროა".

ლიკა ჯინჭველაძე; აბიტურიენტი: "გეფიცებით, არასდროს ვითვლებოდი ცუდ მოსწავლედ, მაგრამ ისეთ დღეში ჩამაგდო ამ მათემატიკის გამოცდამ, რომ გონზე ვერ მოვსულვარ... რაც წინა წელს ორქულიანებში იყო, ის საკითხები ახლა ტესტებში შევასრულეთ როგორც ერთქულიანი საკითხები. ამ საკითხებს რომ მოვრჩი როგორც იქნა, მერე კილომეტრიანი ამოცანა უნდა ამომეხსნა, რომლის შინაარსის გასაგებად 5-ჯერ დამჭირდა წაკითხვა. მაქვს ეჭვი, რომ პირდაპირ გუგლიდან იყო გადმოთარგმნილი. ამიტომაც იყო, რომ უმრავლესობამ ვერ მოასწრო სრულყოფილად მისი ამოხსნა".

სოსო ტუღუში, მათემატიკოსი: ზუსტად ახლა შარშანდელი და წლევანდელი ვარიანტები შევადარე სირთულის თვალსაზრისით. შარშანდელთან შედარებით, წელს საკითხების რაოდენობა გაზრდილია. 35 დავალება იყო შარშან, წელს - 41. ამოსახსნელი დრო კი ორივე შემთხვევაში - 3 საათი. ჩემი აბიტურიენტები შარშანდელი და წლევანდელი საშუალო ქულა რომ შევადარე, დაახლოებით 3 ქულით ნაკლები აქვთ აღებული, ვიდრე - შარშან...

შარშან 13% ჩაიჭრა მათემატიკის გამოცდაზე. წელს - თვის ბოლოს დაიდება სტატისტიკა. მაღალი ქულის მიღება ძალიან გართულდა. ასე მცირე დროში ამდენი რაღაცის გაკეთება, წარმოუდგენელია. მე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში სულ 5 მაგალითი მოდიოდა და ამის ამოსახსნელად ეძლეოდათ 4 საათი, ახლა კი ასეთი 5 მაგალითიც აქვთ ბავშვებს და ამის გარდა, კიდევ 37 ტესტი დამატებული. 3 საათში ამდენი რამის გამოყვანა, რა ვიცი, რამდენადაა შესაძლებელი... ძალიან რთული იყო ამ მხრივ, საკითხების რაოდენობა იყო ბევრი, დრო არასაკმარისი.

- ბევრი მშობელი მოითხოვს, რომ აუცილებლად დაემატოთ ქულები.

- რომელი ვარიანტიც რთულად შეფასდება, იმას მოემატება, ზოგს 1 ქულა, ზოგს - 2, ზოგს - 3 ქულა, დაახლოებით ასე ხდება ხოლმე სტატისტიკით.

- კიდევ ერთი პრეტენზია ჰქონდათ ბავშვებს ამოცანის ტექსტთან დაკავშირებით.

- პირველი ვარიანტის და მეორე ვარიანტის ამოცანები აშკარად განსხვავდებოდა. დიდი ტექსტობრივი ამოცანა იყო. ჯერ შინაარსი რომ გაგეგო, ამაზე უნდოდა დიდი ყურადღების კონცენტრირება და ამდენად, მართლაც ძალიან ძლიერი უნდა იყო, პირველი კლასიდან კარგად უნდა სწავლობდე, ფილოლოგიური უნარებიც საჭიროა წაკითხულის გასააზრებლად. ეს გაუჭირდათ განსაკუთრებით. შარშან დაახლოებით 10-მა ბავშვმა მიიღო მაქსიმალური ქულა მათემატიკაში, წელს არა მგონია, რომ ამდენმა შეძლოს. მაღალი ქულის მიღება მართლაც გართულდა, აშკარად.