ავტორი:

"რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში თავს ისე გრძნობენ, როგორც ოაზისში... ის, რაც ხდება ბათუმში, მიზანმიმართული სპეცოპერაციაა" - რას შეიძლება ცდილობდეს კრემლი აჭარაში რუსების მასობრივი ჩასახლებით?

"რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში თავს ისე გრძნობენ, როგორც ოაზისში...  ის, რაც ხდება ბათუმში, მიზანმიმართული სპეცოპერაციაა" - რას შეიძლება ცდილობდეს კრემლი აჭარაში რუსების მასობრივი ჩასახლებით?

მოგეხსენებათ როგორ განვითარდა მოვლენები 15 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე, სადაც The Killers-ის კონცერტი სკანდალით დასრულდა მას შემდეგ, რაც ჯგუფმა სცენაზე დრამერად რუსი ახალგაზრდა აიყვანა. მსმენელთა თქმით, მუსიკოსმა დრამერს ჰკითხა, საიდან იყო, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსეთის მოქალაქეა, ამას კი დარბაზიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით The Killers-ის მუსიკოსმა ხალხს მიმართა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ძმები არიან და დრამერს დაკვრის საშუალება მისცა, რასაც პროტესტი მოჰყვა, მსმენელის ნაწილმა დატოვა დარბაზი. ამ საკითზე პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

- ლაპარაკი იმაზე, რომ ის დრამერი ვითომ შემთხვევითი პირი იყო და შემთხვევით აიყვანეს სცენაზე, ჩემი აზრით, ზღაპარია. ასეთი დონის კონცერტებზე ასეთი რამეები შემთხვევით არ ხდება. გასაგებია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, წინასწარ გაწერილი. კარგად ვიცით, პროფესიულ შოუს როგორ დგამენ.

- ვისგან იყო დაგეგმილი?

- დარწმუნებული ვარ, ეს იყო რუსული სპეცსამსახურების მიზანმიმართული ნამუშევარი, რათა ამ თემის შემოგდებით გაეტესტათ ქართველი ახალგაზრდობა. დღეს რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში თავს ისე გრძნობენ, როგორც ოაზისში, პირდაპირ ოპერირებენ, აღარც იმალებიან. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ხელისუფლებაში ჩაბუდებულებზე, გაოგნებული ვარ, რამდენი ყოფილან და რაებს ლაპარაკობენ.

ამ ყველაფერს შესაბამისი უწყებები ვერ თუ არ აკონტროლებენ. რუსები თბილისსაც ითვისებენ და მეტასტაზებივით ვითარდება ეს ყველაფერი, მაგრამ, ჩემი აზრით, ის, რაც ხდება ბათუმში, ეს უკვე მიზანმიმართული სპეცოპერაციაა. არ ვამბობ, რომ ყველა, ვინც ჩამოდის, ანგაჟირებულია, ან ყველამ, ვინც ბათუმში სახლდება, ამ სპეცოპერაციის შესახებ იცის, მაგრამ ამ პროცესს ჰყავს მოსკოველი კურატორები და სამწუხაროდ, აქაური ქართველებიც. ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. პატარა ბიჭი არა ვარ, ვიცი, როგორ აზროვნებს რუსული იმპერია, როგორი მოკლე და გრძელვადიანი ამოცანები აქვს. რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული ბათუმით. ეს არის ქალაქი, რომელიც ნატოს საზღვარზეა, მოგეხსენებათ, თურქეთი ნატოს წევრია. რუსეთ-უკრაინის ომი ხომ ლოკალური არ არის. ეს არის დიდი, გლობალური ომის ნაწილი და მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური განზომილებაა დაპირისპირება რუსეთსა და ნატოს შორის. რაც დრო გავა, ეს განზომილება მეტად აგრესიული და პრინციპული შეიძლება გახდეს. აქედან გამომდინარე, რუსეთი ახლა ცდილობს ბათუმი აქციოს ამ დიდი დაპირისპირების ფორპოსტად. ჩემი აზრით, ეს არის რუსეთის სტრატეგიული გეგმა. შესაბამისად, რაც მეტი რუსი დასახლდება ბათუმში, ეს ამოცანა მით მეტად ადვილად გადასაწყვეტი იქნება კრემლისთვის, მით უფრო, რუსეთს კონსტიტუციაში პირდაპირ უწერია, რომ დაიცავენ საკუთარ მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ვიმეორებ, ეს პროცესი სისტემური და მართულია. თუ ასე გაგრძელდა, ეს ყველაფერი საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდება.

დემოგრაფიულ განზომილებას თუ ავიღებთ, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, იქ ვიღაც ბრიყვია და ამას სერიოზულად არ უყურებს, ვიღაც ფინანსურად არის დაინტერესებული და ამ აქტივობით ხელს ითბობს, ვიღაც მიზანმიმართულად მუშაობს რუსეთზე. ამ პროცესს მრავალი ნეგატიური მხარე აქვს, ერთი სისტემურია, რაზეც უკვე ვილაპარაკე, აგრეთვე საყოფაცხოვრებოც - რუსებს ეკონომიკური გარყვნილება შემოაქვთ საქართველოში. შეუძლებელია ამ ყველაფერს ვერ ხედავდეს ქვეყნის არაფორმალური ხელისუფალი. მთავარი კითხვა მაქვს მასთან: ამას რატომ უშვებს? ამ კითხვაზე პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ რაღაც დოზით. თუ ასეთი რამ ხდებოდა, რამ დამაბრმავა, როგორ ვერ დავინახე? თუმცა, ვფიქრობ, მაშინ, როდესაც მე ივანიშვილის თანამებრძოლი ვიყავი. მთლად ასე არ იყო საქმე და მერე მოხდა რაღაც. წაიკითხეთ სტატია სრულად