ავტორი:

"კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ" - რატი იონათამიშვილი

"კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ" - რატი იონათამიშვილი

კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობაში არა მხოლოდ მათი, არამედ მრავალმხრივი პასუხისმგებლობა არსებობს.

"ცალკეული განცხადებები ბევრი აქტორისგან გვახსოვს, რაც კელი დეგნანის მიმართ დისკრიმინაციული კონტექსტით გაჟღენთილი იყო. ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. მთავარია თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებდეთ, რომ საქართველოს და ამერიკის პარტნიორობა არის მრავალმხრივი პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენი მხარის, ისე სხვა მხარეების. მე პირადად ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ელჩს ვიცნობდი, მათ შორის, ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. მის [კელი დეგნანის] მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება ელექტრონული არჩევნების შესახებ კელი დეგნანის განცხადებას, უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ელექტრონულ არჩევნებს სანდოობის მაღალი გარანტია აქვს, საჭიროებას აღარ ტოვებს, რომ ეგზიტპოლები, პარალელური დათვლა ჩატარდეს და ნებისმიერი, ვინც მის დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს.

კითხვაზე, რატომ გამორიცხავს ელექტრონული არჩევნები პარალელური დათვლის საჭიროებას, იონათამიშვილი ამბობს, რომ პარალელური დათვლა შეიძლება მოხდეს, უბრალოდ "ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში პასუხები არის სწრაფად და მანიპულაციების სივრცე არ რჩება“.

"ელექტრონულ არჩევნებს სანდოობის და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია აქვს, ასრულებს ყოველგვარ მანიპულაციას ცდომილებას, "კარუსელთან“, დისბალანსთან დაკავშირებით. ელექტრონული არჩევნები უკვე საჭიროებას აღარ ტოვებს იმისა, რომ ეგზიტპოლები ჩატარდეს, იყოს პარალელური დათვლა, ვინაიდან ძალიან სწრაფად ობიექტურ შედეგებს აქვეყნებს. პლუს, ხდება მისი გადათვლა და დადარება შესაბამისი კომისიების მიერ. დატრეინინგებულია უკვე 15 ათასზე მეტი ადამიანი ამ საკითხთან დაკავშირებით. გვაქვს გამოცდილება საპილოტე დონეზე ელექტრონული არჩევნების ჩატარების. დამკვირვებლების, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და ანგარიშებს რომ გადავხედოთ, ეს არის ძალიან მაღალ დონეზე შეფასებული, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ისე თვითმმართველობის არჩევნებზე. ასე რომ, სპეკულაციებისთვის სივრცე არ რჩება და ნებისმიერი, ვინც საზოგადოებაში ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს, ერთი მაგალითი, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მანიპულაციები შექმნა ელექტრონულმა არჩევნებმა და სად რა პრობლემა იყო. არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში ისე, რომ მიზანმიმართულად ხდება ამის ტირაჟირება მათგან, ვისაც არ აწყობს, რომ ობიექტური სურათი ნახოს საზოგადოებამ,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ "ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“. როგორც დეგნანი რადიო "თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა ხდება არჩევნების დღემდე და ეს ტაქტიკა საქართველოშიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გამოიყენებოდა.