ავტორი:

"აფხაზეთის ომის დროს, თვითმფრინავით მივდიოდით სოხუმში და დაშვებისას რაკეტა გვესროლეს..." - ქართველი ჟურნალისტის თავს გადახდენილი ამბები და ამერიკული ცხოვრება

"აფხაზეთის ომის დროს, თვითმფრინავით მივდიოდით სოხუმში და დაშვებისას რაკეტა გვესროლეს..." - ქართველი ჟურნალისტის თავს გადახდენილი ამბები და ამერიკული ცხოვრება

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ნანა ღონღაძე დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს. დღეს კი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვან მომენტებს ჩვენთან იხსენებს:

- ქალბატონო ნანა, გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს ცენტრალურ ტელევიზიაში მუშაობდით, საინტერესოა, ტელევიზიის რუსული რედაქცია ვის ემსახურებოდა და რა მიზანი ჰქონდა?

- მას სხვანაირად სამხედრო რედაქციას უწოდებდნენ, ის უმთავრესად საბჭოთა სამხედრო ბაზებზე განლაგებული თანამშრომლებისათვის იყო განკუთვნილი, რომლებიც ამიერკავკასიის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ამ რედაქციას მთავარი რედაქტორი ლევან მაჩაიძე ხელმძღვანელობდა, რეჟისორი კი მერი ჯინჭარაძე იყო. ჩვენი თანამშრომლების ამოცანა კი ის იყო, რომ საქართველო უკეთ გაგვეცნო და კარგად წარმოგვეჩინა...

- ეს ყოველთვის გამოგდიოდათ?

- რასაკვირველია, არა, მაგრამ მუდამ მახსოვდა, რომ ქართველი ვარ და მტერი არ უნდა გამეხარებინა. როდესაც კონფლიქტები იყო, მოსკოვი ზოგჯერ თავის ჟურნალისტებს აგზავნიდა ან საეთერო დროს ორივე მხარეს ერთნაირად უთმობდა. ჯერ ჩემი ხედვა, მერე საწინააღმდეგო მხარე იყო წარმოდგენილი, დასკვნა მაყურებელს უნდა გამოეტანა.

- ამ პერიოდიდან რა გახსენდებათ?

- 80-იანი წლები შედარებით წყნარი იყო. პარტიული ყრილობები და პლენუმები, შრომაში გამარჯვებულები ჩემი საქმიანობის მთავარ თემებს წარმოადგენდა, მაგრამ სხვა რამეებიც ხვდებოდა ჩვენი ყურადღების ცენტრში... იმჟამად ტელევიზიაში ახალი თავმჯდომარე ნუგზარ ფოფხაძე მოვიდა და ბევრი კარგი და სასარგებლო ცვლილებები შემოიტანა, უფრო თანამედროვე ტექნიკა შემოვიდა, ბევრი რამე განახლდა.

ვასილ ხუნდაძესთან ერთად

მახსოვს მფრინავი თეფშების თემამ წინ წამოიწია, ეს თბილისელი თალეს შონიას დამსახურება იყო. ასევე ხალხური მედიცინის აღორძინება დაიწყო, თან ტელესივრცეში ექსტრასენსები შეუდგნენ მუშაობას, გამოჩნდა ჩუმაკი, კაშპიროვსკი, რომლის მონაწილეობით თბილისში უნარკოზო ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა.

ჟანრობრივად მე რადიკალურად განსხვავებული რამეების კეთება მიწევდა. როდესაც ჩერნობილის ტრაგედია მოხდა, მე და ოპერატორი ვასილ ხუნდაძე უკრაინაში 5 მაისს ჩავედით, კიევის სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელზე, სადაც ჩვენი ქართველი მფრინავებიც სწავლობდნენ, დიდი გადაცემა უნდა მოგვემზადებინა. ქალაქის ქუჩებს რომ რეცხავდნენ, ძალიან გაგვიკვირდა, იმდენად ინფორმირებულები არ ვიყავით. როგორც ჩანს, მთავრობას პანიკის ეშინოდა და ხალხს ყველაფერს უმალავდა. იქ ერთ კვირა დავყავით, კიევში პატარა თუთიყუში შევიძინე, ქოჩო დავარქვი, მან მერე მარტოობა გადამატანინა, როცა ჩემი ქალიშვილი სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა. იმ ხანებში მე მეტი დრო გამიჩნდა და უარი ვერ ვუთხარი ცენტრალური ტელევიზიის კინომოგზაურთა კლუბის წამყვან - იური სენკევიჩს თხოვნაზე, სვანეთზე დიდი პროგრამა მომემზადებინა. გამზადებული ფირი მას მოსკოვში ჩავუტანე, რადგან პროგრამის შესავალი სტუდიაში ცოცხლად იური სენკევიჩთან ერთად უნდა გამეკეთებინა. ძალიან კი ვღელავდი, მაგრამ იურიმ ისეთი სიტყვებით შემამკო და იმდენად გულთბილი შეხვედრა მომიწყო, ჩემი ტექსტის უშეცდომოდ წარმოთქმა გამიადვილა.

"პერესტრიოკამ” თავისებური მოლოდინი მოგვიტანა, გვჯეროდა, რომ კომუნისტური რეჟიმისგან გათავისუფლება უმტკივნეულოდ მოხდებოდა და კერძო საკუთრების დროს უკეთ ვიცხოვრებდით. თენგიზ სულხანიშვილმა ქართულ-ამერიკული კომპანია გახსნა და ბიზნესში გადაინაცვლა, მე კი ისევ რედაქციაში დავრჩი. 1989 წელს, როდესაც ცენტრალური საკავშირო ტელევიზიის სტრუქტურა იცვლებოდა, მე საქართველოში საკორესპონდენტო პუნქტის უფროსობა შემომთავაზეს, რაც უფრო დამოუკიდებელს და ტექნიკით უზრუნველყოფილს მხდიდა.

გენო სტურუასთან ერთად

რედაქციაში სამი კაცი დავრჩით - მე, ოპერატორი, მემონტაჟე და მძღოლი. მოგვიანებით, ჩვენ ჯგუფს მემონტაჟე გიგილო ფეიქრიშვილი დაუმატეს.

9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს აკრძალული გაზი რომ იხმარეს რუსმა ჯარისკაცებმა, პირველად "ვრემიაში" ჩვენ დავადასტურეთ. მოწამლულ თბილისელებს საავადმყოფოში ვიღებდით, როცა დედა ტერეზა მათ სანახავად მოვიდა. საოცარი სითბო ვიგრძენი მასთან ურთიერთობისას, გულში ჩამიკრა და სახსოვრად ბიბლია მაჩუქა, რომელიც ახლაც შენახული მაქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ აპრილის ტრაგედიამ მოუღო ბოლო კომუნისტურ რეჟიმს. ცენზურა საერთოდ გაქრა. თითქმის ყოველ დღე ეთერში ვიყავით. ამას მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, პრეზიდენტის არჩევა, ზვიად გამსახურდიას ოჯახზე სპეციალური რეპორტაჟი გავაკეთე, ვცდილობდი სიმართლე მეჩვენებინა, ამიტომ ოპოზიციასაც ვუთმობდი დროს. შეიძლება ითქვას, დანის წვერზე დავდიოდი, სამოქალაქო ომის დროს შვილთან ვიყავი ამერიკაში, ვერ ვიფიქრებდი, რომ ოპოზიცია აქამდე მივიდოდა, თანაც საახალწლოდ?

მომდევნო წლებშიც დაძაბულად ვშრომობდი, რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში რომ იდგა, ამას თითქოს შეგუებულები ვიყავით და ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ როდესაც გორში მთვრალმა ჯარისკაცმა ტანკი გამოიყვანა და სპეციალურად გააოხრა ქუჩა, 16 წლის სკოლის მოწაფეს დაეტაკა, რომელიც გარდაიცვალა, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეც სასწრაფოდ გორში ჩავედი, ერთი კასეტა გადავიღე, მოსკოვში მივაწოდე რეპორტაჟი, მაგრამ ეთერში არ გაუშვეს, რადგან, როგორც ჩანს, სამხედრო ხელმძღვანელობამ ეს მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

სამაჩაბლოს კონფლიქტსაც ვაშუქებდი, ცხინვალის კომენდატი, მილიციის გენერალი კვანტალიანი იყო. მაშინ ამ რეგიონში უფრო შორს შევდიოდით, მაგრამ შემდგომში რატომღაც ჩვენს პოლიციელებს დაატოვებინეს ქალაქი და ქართველების, ოსების და რუსების შერეული ძალა შეიყვანეს. მერე გაჭირდა შესვლა, მე და ჩემს ოპერატორ გიორგი ბაზაძე მანქანაში, იატაკზე ჯდომა გვიხდებოდა, აქეთ-იქით ფანჯრებთან შეიარაღებული ჯარისკაცები გვახლდნენ.

უბედურებებიც მახსოვს: თბილისში ერთ-ერთი სახლის სადარბაზო საერთოდ გაქრა გაზის აფეთქებით, აეროპორტში ალექსეევკაში ახლად აფრენილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. "ტუ 104" თვითმფრინავი აფრენის დროს დაეცა, ყველა დაიღუპა. ქართული ჩაი მიჰქონდა რუსეთში. თბილისის სადგურზე სატვირთო შემადგენლობის 32 ვაგონში სამხედრო იარაღი აფეთქდა, ასევე 90-იან წლებში არნახული სიმძლავრის მიწისძვრა იყო რაჭა-ლეჩხუმში. ვერტმფრენით ვესტუმრეთ სხვადასხვა რეგიონებს და ყველაფერი ფირზე აღვბეჭდეთ. დღესაც მაქვს არქივში - უამრავი სახლი დაინგრა. რომელი ერთი მოგიყვეთ?

- რამხელა რისკზე მიდიოდით, არ გეშინოდათ?

- ამაზე არ ვფიქრობდით, ომი ყოველთვის რისკია, ჩვენ არც ჟილეტები გვეცვა, არც სპეციალური ქუდები, ეს მერე შემოიღეს. ერთხელ გადავიღე ნაღმზე რომ მუშაობდნენ გამნაღმველები, ჩვეულებრივად მეცვა, თეთრი ბლუზი ბაფთით და მოსკოვმა ჩემი კადრი ამოჭრა, - ისე გეცვა, გეგონება ოპერაში მიდიოდიო.

ომის დროს, აფხაზეთში თვითმფრინავით დავდიოდით... ერთ-ერთი გაფრენის დროს, თვითმფრინავში ჩემთან ერთად მოსკოველი კოლეგა - ლეონიდ პარფიონოვი იმყოფებოდა, სოხუმში დაჯდომის დროს რაკეტა გვესროლეს, თვითმფრინავს 3 დიდი ხვრელი ჰქონდა ცალ მხარეს, როგორც ამიხსნეს, მეორე მხარეს რომ მოხვედროდა, ავფეთქდებოდით!..

აფხაზეთში

აფხაზეთი ომის დროს კრიმინალი ძალიან გაიზარდა. ჩემი სახლის ავტომოპასუხეზე ხშირად ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან შემოსული ზარები და მუქარები მხვდებოდა. ერთხელ შეიარაღებული ახალგაზრდა შემომივარდა სახლში, მასთან ბრძოლაში 4 კბილი დავკარგე და ცხვირი დავიზიანე. სახლიც გამიქურდეს, მანქანა მომპარეს. ომი რომ წავაგეთ, მაშინ გადავწყვიტე ამერიკაში შვილთან წასვლა...

პირველ თბილისობაზე

- ამერიკაში სამსახურის მოძებნაში ვინმე დაგეხმარათ?

- არსებობს გამოთქმა, იყო საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ვფიქრობ, ეს ჩემზეა ნათქვამი, რადგან სამსახურის შოვნაში დიდი როლი ჩემმა დოკუმენტურმა ფილმმა "საბჭოთა მემკვიდრეობამ" ითამაშა. მისი პრემიერა მანჰეტენზე, ერთ-ერთ კინოკლუბში გაიმართა. როგორც ჩანს, იქ მყოფი ერთ-ერთი მაყურებელი რუსულენოვან ტელევიზია WMNB-ში მუშაობდა, რადგან მე ამ ტელევიზიის მფლობელი დევიდ მორო დამიკავშირდა და თავის არხზე ფილმის ჩვენება მთხოვა. იქ ჩემი მოსკოველი კოლეგები დამხვდნენ: დიქტორი მარინა ბურცევა, დიმა პოლეტაევი, საშა ბელიკოვი და სხვები. მთხოვეს ფილმის წინ პატარა შესავალი გამეკეთებინა, ხოლო მოგვიანებით სამუშაოდ მიმიწვიეს - ყოველკვირეული პროგრამისათვის “საღამო მშვიდობისა, ამერიკა” მასალები უნდა მომემზადებინა.

გარკვეული დროის შემდეგ, ქართული რადიო “ერთობა” დავაარსე. 30-წუთიანი პროგრამა ეთერში კვირაობით გადიოდა, ტექსტებს, ინტერვიუებს მარტო ვამზადებდი. პროგრამის მუსიკალური ქუდი ანსამბლ "მზიურის" ყოფილმა მომღერალმა, ლიკა როკეტლიშვილმა გამიკეთა. მიუხედავად იმისა, რომ რადიოს ჩვენი ემიგრანტების მოწონება ხვდა წილად, პროგრამამ მხოლოდ 6 თვე იარსება. ქართველი ემიგრანტები თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ და რადიოს დიდი რაოდენობის მსმენელი არ ჰყავდა.