ავტორი:

იაპონია ფუკუშიმას დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრას გეგმავს - მეზობელი ქვეყნები შეშფოთებას არ მალავენ

იაპონია ფუკუშიმას დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრას გეგმავს - მეზობელი ქვეყნები შეშფოთებას არ მალავენ

იაპონია ფუკუშიმას დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრას გეგმავს. გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ გაეროს ბირთვულმა ორგანიზაციამ დაამტკიცა. იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, წყლის გათავისუფლება 24 აგვისტოს დაიწყება.

მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია ქარხნის დეკომისაციის ხანგრძლივ და ძვირადღირებულ პროცესში. მათივე თქმით, იაპონია დაბინძურებულ წყალს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავდა, მაგრამ სივრცე იწურება.

ამჟამად ატომური სადგური დაახლოებით 1,34 მილიონ ტონა წყალს ინახავს, რაც საკმარისია 500 ოლიმპიური ზომის აუზის შესავსებად.

იაპონიის მეზობელი ქვეყნები შეშფოთებულნი არიან ამ გეგმით. ივლისში რუსეთმა და ჩინეთმა იაპონიას მოუწოდეს, განიხილოს დაგროვილი წყლის აორთქლების შესაძლებლობა. ეს, მათი აზრით, ნაკლებ გავლენას მოახდენს გარემოზე.

მეთევზეები შიშობენ, რომ ამ წყლის ჩაშვება გავლენას მოახდენს მათ საარსებო წყაროზე, ხოლო მთავრობის მტკიცებით, რადიოაქტიურ ნივთიერებებს ადამიანებსა და გარემოზე უმნიშვნელო გავლენა ექნება.

იაპონიის ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ აუცილებლად პერმანენტულად შეამოწმებს თევზს მახლობელ წყლებში და შედეგებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებსაიტზე გამოაქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ წყალი რადიოაქტიური ნივთიერებებისგან წლების განმავლობაში იწმინდებოდა, რადიაციისგან თავისუფალი მაინც არ არის - ის კვლავ შეიცავს წყალბადისა და ნახშირბადის ტრიტიუმს და ნახშირბად 14-ის რადიოაქტიურ იზოტოპებს.

22 აგვისტოს ტოკიოში, მინისტრის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა - მოსახლეობა მთავრობას წყლის ჩაღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. იაპონიის გადაწყვეტილებას აჟიოტაჟი ჩინეთშიც მოჰყვა - ჰონგ კონგის განცხადებით, "დაუყოვნებლივ გააქტიურდება" იმპორტის შეზღუდვები ზოგიერთ იაპონურ საკვებ პროდუქტზე - კერძოდ, აიკრძალება ზღვის პროდუქტების იმპორტი იაპონიის 10 პრეფექტურიდან, მათ შორის ფუკუშიმიდან და დედაქალაქ ტოკიოდან.

სამხრეთ კორეამ იაპონიის გეგმას მხარი დაუჭირა და მომიტინგეები შიშის პროვოცირებაში დაადანაშაულა, თუმცა ფუკუშიმიდან თევზის იმპორტი მაინც აკრძალა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს ცუნამმა ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგური დააზიანა. 15 მეტრის სიმაღლის ტალღამ 6 რეაქტორიდან 4 მწყობრიდან გამოიყვანა. ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა, რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.