ავტორი:

"არასრულწლოვანზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირდა... თეას თავად დასჭირდა ექიმების დახმარება" - რას ამბობს გოდოლაძის ადვოკატი არასრულწლოვანის უფლებადამცველის ბრალდებაზე?

"არასრულწლოვანზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირდა... თეას თავად დასჭირდა ექიმების დახმარება" - რას ამბობს გოდოლაძის ადვოკატი არასრულწლოვანის უფლებადამცველის ბრალდებაზე?

ფოტოზე: ნინო ბარაჩაშვილი, თეა გოდოლაძე, ლიკა ბითაძე

დღეს "კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული.

მათი ინფორმაციით, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს და თეა გოდოლაძეს 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება. თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მისი დისკრედიტაცია ხდება და შოვის ტრაგედიის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს ვერ პატიობენ. (წაიკითხეთ: "ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე... ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ!" - რას წერს თეა გოდოლაძე?)

"პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ამის გამო, მე გამოვიძახე პოლიცია, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული მის წინააღმდეგ, მას უწევდა ციხეში წასვლა და ეს რომ არ მომხდარიყო, ათქმევინეს, რომ თითქოს მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე და ასე აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ. არადა, ეს სიცრუეა" - თქვა გოდოლაძემ. მისი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული თეიმურაზ შერგელაშვილია.

ცოტა ხნის წინ შერგელაშვილის შვილის ადვოკატმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ფაქტი მოხდა არასრულწლოვნის საცხოვრებელ სახლში და თეა გოდოლაძემ მას სახის არეში გაარტყა.

"თეა გოდოლაძე იმყოფებოდა ამ სახლში და როგორც უკვე აღვნიშნე, მას სურდა არასრულწლოვნის კუთვნილი ნივთების გადაყრა, რაზეც წინააღმდეგობა გაუწია ბავშვმა, რომ არ გადაეყარა. აქვე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბავშვს ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამის შესახებ თეა გოდოლაძისთვის ცნობილი იყო. ვინაიდან, თეა გოდოლაძე და თვითონ ამ არასრულწლოვნის მამა დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, თეა გოდოლაძემ ხელი გაარტყა სახის არეში არასრულწლოვანს და ბავშვმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე სულიერი აღელვება, ფსიქოლოგიური სტრესი. იმ მდგომარეობაში იყო მისული, რომ მისთვის წამლის დოზის გაზრდაც კი გახდა საჭირო. ბავშვმა ჩვენება მისცა მას შემდეგ, როდესაც მის მამაზე განხორციელდა ძალადობა. მაგრამ, აქ საინტერესო მომენტი გახლავთ ის, რომ ამ ეტაპზე ამ ბავშვის მამა არის ბრალდებული და დაზარალებული გახლავთ თეა გოდოლაძე," - აცხადებს ადვოკატი, ნინო ბარაჩაშვილი "კურიერთან" საუბრისას.

ცნობილია, რომ თეა გოდოლაძის ინტერესებს ორგანიზაცია "საფარი" და მისი ადვოკატები იცავდნენ. AMBEBI.GE ადვოკატ ლიკა ბითაძეს დაუკავშირდა:

- სამართლებრივად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვინაიდან საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ და მტკიცებულებების დეტალებში ვერ შევალთ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დაცვის მხარეს მოპოვებული აქვს მტკიცებულებები და დამატებითი მტკიცებულების მოპოვებისთვის მოთხოვნილი გვაქვს გარკვეული ვადა, რომ სასამართლომ დაგვიკმაყოფილოს. ვითხოვთ წინა სასამართლო სხდომის გაგრძელებას და ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმეზე ყველა მტკიცებულების მოპოვების შემდეგ აუცილებლად დადგება ობიექტური ჭეშმარიტება. სხვა დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ.

- არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობს, რომ თეა გოდოლაძემ ბავშვი სცემა...

- სისულელეა, საქმეში მაქვს ყველა მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ყველაფერი არის მოწყობილი, შეთითხნილი თემა.

- არასრუწლოვანს ნივთებიც გადაუყარაო, ამბობს ადვოკატი...

- არაფერი არ გადაუყრია. პარტნიორი ჰყავდა თეას, თეიმურაზ შერგელაშვილი, რომელიც 2022 წლის 18 მაისს თვითონ ბრალდებულად სცნეს ოჯახური ძალადობისთვის და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ბრალი წაუყენეს. დააკავეს, მერე აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა და გირაოთი გამოვიდა. თეა გოდოლაძის მიმართ ერთი წელი მიმდინარეობდა გამოძიება და ერთი წლის მერე მიხვდნენ, რომ ძალადობა იყო? ერთი წლის მერე აკავებენ პირს? თქვენ თვითონაც ხომ ხვდებით, მყარი მტკიცებულებები პროკურატურას რომ ჰქონოდა, რისთვის უნდოდა ერთი წელი გამოძიებას ძალადობაზე, მითუმეტეს არასრულწლოვანის მიმართ. ერთი წლის მერე, 8 ივლისს უყენებენ ბრალს. რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება, კანონი არ მაძლევს უფლებას, რომ არსებით დეტალებში შევიდე, ამიტომ უფრო მეტს ვერ გეტყვით. თეა გოდოლაძე თვითონ არის ძალადობის მსხვერპლი, მას ექიმების დახმარებაც დასჭირდა და სისტემატურად დადიოდა ექიმებთან. თეა არის ძალადობის მსხვერპლი. იმ არასრულწლოვანზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირდა. მეტი ვერაფერზე ვისაუბრებ.

წაიკითხეთ ასევე: