ავტორი:

სად არის ბჟანია? - აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ავადმყოფობის პარალელურად, ინალ არძინბა "მეფის გვირგვინის მორგებას" ცდილობს

სად არის ბჟანია? - აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის  ავადმყოფობის პარალელურად, ინალ არძინბა "მეფის გვირგვინის მორგებას" ცდილობს

რაც დრო გადის და აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია აღარ აქტიურობს, დროს არ კარგავს ახალგაზრდა "საგარეო საქმეთა მინისტრი" ინალ არძინბა, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში, ლამის მთელი აფხაზეთი შემოიარა. ენგურის ხიდზეც კი იმყოფებოდა. განცხადება გააკეთა საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე, ბელარუსის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მნიშვნელობაზე...

ოკუპირებულ რეგიონში ირონიულად ხუმრობენ, რომ ახალგაზრდა არძინბამ მეფის გვირგვინი უკვე მოირგო. დარჩა მხოლოდ ერთი რამ - სამართლებრივი გადაფორმება, რომელსაც ასე ელოდება, ოღონდ ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, თითქოს ბჟანიამ მისცა კურთხევა. ბჟანია კი, რომელსაც ვითომ მსუბუქი ოპერაცია გაუკეთეს და ყველაფერი კარგად აქვს, რატომღაც მოსკოვის კლინიკის დატოვებას არ ჩქარობს.

ე.წ. პრემიერ-მინისტრი ანქვაბი კი გავლენების მიუხედავად, მაინც ასაკშია და ძველებური რიხი არ აქვს. ამასობაში არძინბას პიარი გააქტიურდა. ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ახალი ემატება - პურის, საწვავის და შესაბამისად, სხვა პროდუქტების ფასი ყოველდღიურად მატულობს. ამის შესახებ წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში.

  • ekhokavkaza.com-თან საუბარში, ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი იმსახურებენ სიმართლე იცოდნენ, სინამდვილეში რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი, რათა გაიგონ, რისთვის უნდა იყვნენ მზად, რას აპირებენ და გეგმავენ მათი კონკურენტები.

"ოფიციალური, მშრალი ინფორმაცია, თითქოს ბჟანიას ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ყველამ ვიცით, რომ სიცრუეა. არავის სჯერა, რომ ამდენ ხანს რაღაც მსუბუქად მკურნალობს, მაშინ, როდესაც იცის, რა ვითარებაა მის ქვეყანაში, ჩასაფრებული არიან, შინ და გარეთ... ყველა ცდილობს, სარგებელი ნახოს, ჩააჩოჩოს და თავად გააქტიურდეს, ინალ არძინბა, არაოფიციალურ საარჩევნო კამპანიას ატარებს, მისი პიარი ძალისხმევას არ ზოგავს დაწინაურდეს, თავისი ძალა აჩვენოს, აფუთფუთდნენ. ხან ვის ხვდება, ხან ვის.

გარდა ამისა, ტურიზმის ქვეყანაში, არცერთი კურორტი გამართულად არ მუშაობს. ყველა მხარეს პრობლემებია და თურმე ბჟანია კარგად არის, მაგრამ ჯერ ჩამოსვლას არ ჩქარობს... მე ბჟანიას მეხოტბე არ ვარ, მაგრამ კიდევ უფრო არ მინდა არძინბას მოსვლა, მარტივი მიზეზის გამო - ის ლავროვის კაცია. მისი მოსვლისთანავე, უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის გადაცემის თემა დასრულდება", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი აიას წვინარია.

ასლან ბჟანია თითქმის ორი კვირაა მოსკოვის საავადმყოფოშია. ადგილობრივ საზოგადოებაში მის მოწამვლაზე ლაპარაკობენ. მოსკოვში ვიზიტის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

"წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტს აღენიშნება უროლიტიზის გამწვავება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში ეჭვი აქვთ, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოწამლეს.

2019 წლის აპრილის შუა რიცხვებში, იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს მოსკოვის კლინიკაში და მოგვიანებით - ბერლინში.

გერმანიაში ჩატარებული ანალიზების მიხედვით, ის მოწამლეს. ამის შესახებ თავად და მისმა მხარდამჭერებმა განაცხადეს. მის სისხლში ვერცხლისწყლის, კადმიუმის და ალუმინის დიდი კონცენტრაცია აღმოჩნდა, თუმცა, მოგვიანებით, აფხაზურმა მედიამ მოსკოვის კლინიკის პასუხები გაავრცელა, სადაც გადაჭრით ეწერა, რომ მას მოწამვლის არავითარი ნიშნები არ ჰქონდა და კვლევებმა მხოლოდ პნევმონია აჩვენა.

მოგვიანებით, აფხაზეთში ითქვა, რომ მას გალენ-ბარენის სინდრომი ჰქონდა, თუმცა, აფხაზური მედიის მოთხოვნისა და საზოგადოების ინტერესის მიუხედავად, მისი დიაგნოზი ოფიციალურად არ გავრცელებულა.

ასლან ბჟანია იმ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, მისი მთავარი კონკურენტი რაულ ხაჯიმბა იყო. მალევე, ბჟანიამ განაცხადა, რომ "იმ ხალხს, ვინც მისი მოწამვლა დაგეგმა, აპატია" და გამოძიებაც არ ჩატარებულა.