ავტორი:

გადამწვარ ტყეში 18 ცხედარი იპოვეს - ძლიერი ხანძრები რამდენიმე ლოკაციაზე მძვინვარებს: აპოკალიფსური ფოტოები საბერძნეთიდან

გადამწვარ ტყეში 18 ცხედარი იპოვეს - ძლიერი ხანძრები რამდენიმე ლოკაციაზე მძვინვარებს: აპოკალიფსური ფოტოები საბერძნეთიდან

საბერძნეთში ტყის ხანძრები ისევ მძვინვარებს, არის მსხვერპლი. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის განცხადებით, მათ დადიას ტყის მიდამოებში 18 გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულები შესაძლოა მიგრანტები იყვნენ. ვარაუდის მიზეზად ის სახელდება, რომ ევროსის რეგიონი, სადაც დადიას ტყე მდებარეობს, სირიელი და აზიელი მიგრანტებისთვის ევროკავშირში შესასვლელად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტია.

ალექსანდრუპოლისის ჩრდილოეთით მდებარე დადიას ეროვნულ პარკში ცეცხლი ორშაბათს გაჩნდა. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს ტექსტური შეტყობინებებით ურჩიეს სასწრაფოდ ევაკუირებულიყვნენ. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. ისინი მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.

ტყის ხანძრები საბერძნეთის რამდენიმე ლოკაციაზე მძვინვარებს. მათ გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, რომელიც სამშაბათის მონაცემებით, რამდენიმე ადგილზე 40 გრადუსს აღემატებოდა.

საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი - 112, საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166

მოამზადა: ანა სიბოშვილმა