ავტორი:

"რუსეთთან მიტმასნის პოლიტიკა არ მუშაობს... ჩვენ არავის მიმართ გვაქვს ფობია, მაგრამ ოკუპანტს ტაშს ვერ დავუკრავთ" - რის მიღწევას ცდილობს კრემლი მედვედევის აგრესიული განცხადებებით?

"რუსეთთან მიტმასნის პოლიტიკა არ მუშაობს... ჩვენ არავის მიმართ გვაქვს ფობია, მაგრამ ოკუპანტს ტაშს ვერ დავუკრავთ" - რის მიღწევას ცდილობს კრემლი მედვედევის აგრესიული განცხადებებით?

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, - განაცხადა მედვედევმა. მისივე თქმით, დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე თავდასხმა, როცა მოახერხა საფრთხეებისა აღმოფხვრა.

"დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს", - აღნიშნა მედვედევმა.

საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მუქარაზე ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია.

რას ემსახურება მედვედევის რადიკალური განცხადება და რას უნდა ველოდოთ ოკუპანტი რუსეთისგან საქართველოში უკრაინაში ომის პარალელურად, ამბები.გე-სთან GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე განმარტავს:

"მედვედევი თამაშობს ბანქოს იმ კარტს, რასაც ჰქვია უკიდურესი რადიკალიზმი. ეს ვერბალური რადიკალიზმი რუსულ პოლიტიკაში ვიღაცას უნდა აეღო თავის თავზე (რუსულ პოლიტიკურ ელიტაზე მაქვს საუბარი და არა პროპაგანდისტებზე) და ეს მედვედევმა იკისრა ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომამდე. ეს ყველაფერი სიმბოლურია თუნდაც იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთში მედვედევი პროგრესულ და უფრო რბილ პოლიტიკოსად მიაჩნდათ. ომის დაწყებისთანავე და მას შემდეგაც, ის 30-ჯერ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით, ასე რომ, მედვედევის ეს უცნაური განცხადებები პირველი არ არის. მეტიც, ერთი წლის წინ ის იმაზეც იმუქრებოდა, რომ შემდეგი იქნებოდა ყაზახეთი და ლაპარაკობდა ყაზახეთისა და საქართველოს (არა მხოლოდ რეგიონების, არამედ მთლიანად ქვეყნების) დამოუკიდებლობის ერთგვარ უკანონობაზეც, ამტკიცებდა რა, ეს ქვეყნები რუსული მონაქრიისა და იმპერიის ნაწილი უნდა იყოს, როგორც ოდესღაც იყოო.

მედვედევი თავის ერთგვარ მითოსურ ისტორიას ქმნიდა, რომელიც რეალურად არ ყოფილა. რაც შეეხება მის დღევანდელ განცხადებას, ზოგადად, რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოზე ზეწოლის მექანიზმის ერთ-ერთი უნიკალური გამოხატულება თავად ჩვენი ის ტერიტორიებია, რომელიც მას დიდი ხანია ოკუპირებული აქვს - ჯერ იყო, 2008 წლამდე, როცა ოფიციალური ოკუპაცია არ იყო მომხდარი, მაშინაც ამას იყენებდა ზეწოლისათვის და ახლა უკვე ოფიციალურად გამოცხადებულ ოკუპაციას იყენებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს აქვს შორსმიმავალი გეგმები, განსაკუთრებით, აფხაზეთთან მიმართებით, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს იქ შეისყიდოს ქონება რუსული კაპიტალის მეშვეობით, პრაქტიკულად, აფხაზეთში რუსული ბიზნესი გაჩნდეს, რომელსაც არა 1 და 2, მინიმუმ ნახევარი საუკუნით გააკონტროლებს, მოიპოვებს რესურსებს და მას ისე გამოიყენებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ამ პროცესში ის ეწევა რუსიფიკაციას და ვხედავთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა არც ერთი სხვა ენა არ იცის, გარდა რუსულისა. ის ცდილობს საქართველოზე ზეწოლას, ამასთანავე, მეორე ხელით ცდილობს ამ ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციას.

მეორე მხრივ, რუსეთის მხრიდან რაიმე სწრაფი ანექსია რთულად განსახორციელებელია, იმიტომ, რომ ერთი წლის წინ, როდესაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ცხინვალის ოლქში რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო, რუსეთის მოთხოვნით უარი ითქვა და ეს საკითხი თაროზე შემოდეს. ეს ზეწოლის მექანიზმია - როგორც კი ისინი შეეცდებიან საქართველოზე ზეწოლას, დაიწყებენ ამაზე ლაპარაკს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პროცესი არ არის მხოლოდ ზეწოლისთვის, ანუ რეალურად, ანექსიის პროცესი ნელია. ჩვენ თუ ლაპარაკი გვაქვს ყირიმზე, სადაც რუსები და რუსულენოვანი მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და თვითიდენტიფიცირებაც რუსული ჰქონდათ, ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთში მსგავსი რუსული იდენტობა ჯერ კიდევ არ არსებობს. ანუ თუკი ისინი ანექსიას შეეცდებიან, ეს ანექსია იქნება ძალიან ხისტი, აგრესიული, ისეთი არა, რომ მთელი მოსახლეობა ტაშს დაუკრავს (საუბარი მაქვს უფრო აფხაზეთზე)“.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთისთვის პრიორიტეტულია რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა "რია ნოვოსტის" განუცხადა. მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთი აღიარების თაობაზე დიალოგს სხვადასხვა ქვეყნებთან აწარმოებს. გიორგი კობერიძის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთ-ბელარუსის სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზე არსებობს და ამით საერთოდ არაფერი იცვლება. რუსეთის ეს პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მას სურს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია, მაგრამ ამის განხორციელება ამ ეტაპზე არის შორსმიმავალი გეგმა.

"დავიწყოთ იმით, რომ ეს ორი ოკუპირებული ტერიტორია, როგორც დამოუკიდებელი ერთეულები, ბელარუსს აღიარებული არ აქვს. მეორეც, რუსეთ-ბელარუსის ხსენებული ერთიანი სახელმწიფო ფურცელზე არსებობს. თუ კი ამ სახელმწიფოს სხვა ფორმით გარდაქმნას ვიხილავთ, მაშინ რუსეთმა ჯერ ბელარუსის სრული შესისხლხორცება და ანექსია უნდა მოახდინოს. ამ ეტაპზე ის მხოლოდ ფურცელზეა და ამით საერთოდ არაფერი იცვლება. თუმცა, რუსეთს ბელარუსთან დაკავშირებითაც შორსმიმავალი გეგმები აქვს - საუბარია იმაზე, რომ ამ ათწლეულის ბოლოს უნდა მოახდინონ მისი ანექსია, შესაძლოა, სულაც დაჩქარდეს ეს პროცესი. რაც შეეხება აფხაზეთს, აქ აზრი ორად არის გაყოფილი - აფხაზური დიასპორა, რომელიც მსოფლიოშია მიმობნეული, დიდად არ ემხრობა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიას, მეორეს მხრივ, აფხაზეთში მცხოვრები ძალები უფრო შეშინებულები არიან და ხედავენ იმ განზრახვას, რომ თუ კი ისინი რუსეთს რაიმეზე უარს ეტყვიან, რუსეთი მათ მრავალნაირი ფორმით დასჯის. ერთ-ერთია საქართველო, როგორც შემაშინებელი მონსტრი, სწორედ ასეთად წარმოაჩენს რუსეთი საქართველოს... ცდილობს, აფხაზებს დაანახოს საქართველოდან მომავალი საფრთხეები - თუკი თქვენ ისე არ მოიქცევით, როგორც მე მინდა, აგერ, საქართველო მოვაო, - იმუქრება. რუსეთის ეს პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მას სურს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია, მაგრამ ამის განხორციელება ამ ეტაპზე არის შორსმიმავალი გეგმა. მოკლე ვადაში აშკარაა, რომ რუსეთი ამ ყველაფერს ბრძოლის მექანიზმად იყენებს საქართველოს წინააღმდეგ და მეორე ხელით, რა თქმა უნდა, საქართველოს ანექსიას ნელ-ნელა ცდილობს“.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, რუსეთთან საქართველოს არგაღიზიანების პოლიტიკა უშედეგოა და როცა ოკუპანტ ქვეყანას იმპერიალისტური ზრახვები ამოძრავებს, მას წინ ვერაფერი დაუდგება:

"არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, როცა რუსეთს რომელიმე სახელმწიფომ დაუთმო და რუსეთმა მათ სანაცვლოდ რაღაც მისცა. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოსაც ჰქონდა პრორუსული განწყობები, როდესაც საქართველოს ლიდერშიფი ღიად ამბობდა, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, მოლდოვასაც ჰქონდა ოფიციალური განწყობები, პრორუსულად განწყობილი ხელისუფლებების მთელი წყება ჰყავდა, მაგრამ არაფერი შეიცვალა. უკრაინასაც ჰყავდა ისეთი პრორუსული მთავრობა, რომელიც რუსულ უშიშროების სამსახურებს უკრაინაში არბენინებდა, მას 2014 წლამდე ოფიციალური ნეიტრალიტეტიც კი ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ უკრაინაც დაისაჯა... ანუ რეალურად, ეს რაღაცა ნეიტრალიტეტის და რუსეთთან მიტმასნის პოლიტიკა არ მუშაობს. კარგად ვხედავთ, რომ ბელარუსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რუსეთთან არის მიტმასნილი, რეალურად ფსევდოსახელმწიფოდ იქცა და რუსეთი ღიად აცხადებს, რომ მას ერთიანი სახელმწიფოს შექმნა სურს. ყაზახეთმა, რომელიც წლების განმავლობაში პრორუსული მთავრობა ჰყავდა და რუსულ პოლიტიკას აწარმოებდა, პრაქტიკულად, თვითონ მოამზადა ნიადაგი, რომ დღეს რუსები იქით იმუქრებიან, ყაზახეთიც ჩვენი უნდა გახდესო. ამიტომ ჩვენ თუ ავიღებთ პრორუსული მთავრობის იდეალს, ამ იდეალის მთავრობებმა ყველგან სრული კრახი განიცადა. ეს პრაქტიკა რომ მუშაობდეს, მაშინ რუსეთი არა იმპერიული, სხვანაირი ტიპის სახელმწიფო იქნებოდა. რუსეთისთვის ეს ტერიტორიები არ არის მხოლოდ და მხოლოდ მეზობლებთან ურთიერთობა და რაღაცა მსგავსი პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხები. რუსეთისთვის მეზობლები წარმოადგენენ მხოლოდ ტერიტორიას, რომლის დაპყრობაც სურს - სულ ეს არის, დანარჩენი სიღრმისეული წვდომა არც არის საჭირო.

ზოგადად, მედვედევის მხრიდან სიგიჟეების გაცხადება მრავალნაირია და ხაზგასასმელია, რომ ესეც ზეწოლის მექანიზმია საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მეტად პრორუსული პოლიტიკა გაატაროს, თორემ, რეალურად, ჩვენ არავის მიმართ გვაქვს ფობია, მაგრამ საქართველოში ადამიანებს აქვთ რაციონალური განწყობა - როდესაც ხედავ მტერს, რომელსაც სურს შენი სახელმწიფოებრიობა, შენი სახლი და სიცოცხლე გააქროს, რა თქმა უნდა, ოკუპანტს ტაშს ვერ დაუკრავ... რუსები როცა ჩამოდიან და ღიად ამბობენ, რომ ჩვენი ტერიტორიები რუსეთს არ აქვს ოკუპირებული და რუსეთის საკუთრება ხართო, ქართველებს როგორ უნდა მოსთხოვო მათადმი კეთილგანწყობილი იყავიო? ეს არის უგუნურება და მიამიტობა, ეს იქნებოდა მონის ფსიქოლოგიის გამოხატულება. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს აქვს ჯანსაღი განწყობები, ამაში პრობლემა არ შეიძლება დავინახოთ. საქართველოში ადამიანები რაციონალურად აფასებენ ყველაფერს“.