ავტორი:

"კარგი იქნება თუ მედვედევის ამ პროვოკაციას მშვიდად შევხვდებით" - ირაკლი ქადაგიშვილი

"კარგი იქნება თუ მედვედევის ამ პროვოკაციას მშვიდად შევხვდებით" - ირაკლი ქადაგიშვილი

მედვედევის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა - ჩვენ რუსეთს საშუალებას არ ვაძლევთ, რომ ამ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს, - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ მედვედევის განცხადება პროვოკაციაა და მას საქართველო მშვიდად უნდა შეხვდეს.

„ეს არის მუქარა, შანტაჟი, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის მუქარა და შანტაჟი და ჩვენ ჩვენს პოლიტიკას აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით გავაგრძელებთ, როგორც ამას ვახორციელებთ. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ინტეგრაციის და დაახლოებით გაგრძელდება საქართველოს პოლიტიკა ამ ორ რეგიონთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არჩევანს, ეს არჩევანი საქართველოს დიდი ხანია გაკეთებული აქვს და გამომდინარე აქედან ამ არჩევანის ერთგულები ვართ. ჩვენ ვხედავთ თუ რა მძიმე მემკვიდრეობა აქვს საქართველოს ოკუპაციიდან გამომდინარე და მედვედევის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანა ააცილოს მაქსიმალურად ასეთი ტიპის მუქარებისგან და შანტაჟისგან, არის ერთადერთი სწორი გზა, რითაც საქართველო აგრძელებს განვითარებას.

იმ პოლიტიკით, რასაც 10 წელია ვატარებთ, არ ვაძლევთ რუსეთის ფედერაციას საშუალებას, რომ ამ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს, ჩვენ ამ პოლიტიკით საქართველოს ავაცილეთ და შემდეგშიც ავაცილებთ ამ განცხადებაში გამოთქმულ საფრთხეებს. კარგი იქნება თუ მედვედევის ამ პროვოკაციას მშვიდად შევხვდებით და გავაგრძელებთ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც სწორედ ამ პროვოკაციების განხორციელების საშუალებას არ აძლევს რუსეთის ფედერაციას,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.

„ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ,"- განაცხადა მედვედევმა.