ავტორი:

"სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს... " - როგორ უნდა მოვიქცეთ დიარეის დროს: ინფექციონისტის რეკომენდაციები

"სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს... " - როგორ უნდა მოვიქცეთ დიარეის დროს: ინფექციონისტის რეკომენდაციები

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დიარეული დაავადებების შესახებ პოტს წერს და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

"ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე. დიარეად კვალიფიცირდება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად თხიერი განავლით. რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით: პირველ რიგში, დიარეის დროს ნუ მივიღებთ ანტიბიოტიკს, თუ არ არის გაკეთებული განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და არ დადასტურდა ანტიბიოტიკის აუცილებლობა.

დღემდე აქტუალურია "ბისეპტოლის" მიღება, რომელიც ზოგს ანტიდიარეული მედიკამენტი გონია, სინამდვილეში კი ერთ-ერთი ანტიბიოტიკია და მისი მიღება მხოლოდ შესაბამისი ჩვენებით უნდა მოხდეს.

დიარეის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს უმი ხილის და ბოსტნეულის მიღებას, გამონაკლისს წარმოადგენს ბანანი. სასურველია მარილიანი საკვების მიღება (ცხადია, ზოგადად, მარილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიარეის დროს ხანმოკლე პერიოდით რეკომენდებულია, რადგან მარილის შევსებას ახდენს და ამავე დროს, ზრდის სითხის მოთხოვნილებას).

დიარეის დროს უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ყავას. მთავარია სითხის ადექვატურად მიღება. თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, არავითარი "გადასხმა" არ ჭირდება. ზაფხულში საკვებში ბაქტერიების გამრავლება ადვილად ხდება, რამაც შეიძლება დიარეული დაავადებები გამოიწვიოს.

ამიტომ მომზადებული საკვები მაცივრის გარეთ დიდხანს არ უნდა დავტოვოთ (არაუმეტეს 2 საათისა, ხოლო თუ გარემოს ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არაუმეტეს 1 საათისა). შესაბამისად, სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს." - წერს მაია ბუწაშვილი.