„ხელმოცარულთა ბუნაგი“ - მიწისქვეშა ორგანიზაცია ლონდონში, რომელიც წარუმატებელ აგენტებს აერთიანებს

„ხელმოცარულთა ბუნაგი“ - მიწისქვეშა ორგანიზაცია ლონდონში, რომელიც   წარუმატებელ აგენტებს აერთიანებს

თუ ზაფხულის მიწურულს რამე მსუბუქის, თუმცა „ჩამთრევისა“ და საინტერესოს წაკითხვა გსურთ, არჩევანი მიკ ჰერონის ტრილერზე - „ხელმოცარულთა ბუნაგზე“ (Slough house) უნდა გააკეთოთ. წიგნი 2021 წელს გამოიცა და სწრაფადვე იქცა მსოფლიო ბესტსელერად.

დიდი პოპულარობით სარგებლობს ამავე რომანზე დაყრდნობით შექმნილი სატელევიზიო სერიალი Slow Horses, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა გერი ოლდმენი, ჯეკ ლოუდენი, კრისტინ სკოტ ტომასი, ოლივია კუკი და სხვები.

სიუჟეტი მოგვითხრობს ხელმოცარული ბრიტანელი აგენტების ისტორიას. იმის გამო, რომ მათ თავიანთ საიდუმლო კარიერაში სხვადასხვა შეცდომა დაუშვეს: საქმე ჩააფლავეს, მეწყვილეს ხელი შეუშალეს, არ გამოირჩეოდნენ დისციპლინით და სხვა, გზავნიან მიწისქვეშა დეპარტამენტ MI5-ში. რივერ კარტრაიტიც ერთ-ერთი მათგანია და ახლა ამ საიდუმლო გაერთიანებაში სატელეფონო საუბრების გაშიფვრა უწევს.

MI5-ში გადასვლიდან მის ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენა ხდება: უცნობი პირები იტაცებენ პაკისტანელ ახალგაზრდას და ინტერნეტით პირდაპირ ეთერში მისი თავის მოკვეთით იმუქრებიან. სწორედ აქ ეძლევა რივერს საშუალება, თავისი ცოდვა გამოისყიდოს. უფრო მეტს პერსონაჟების, მათი საიდუმლო ცხოვრების, რივერის დილემებისა და კვანძის გახსნის შესახებ მკითხველი რომანში შეიტყობს.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მოზარდებსა და ახალგაზრდებზეა გათვლილი, ის ნებისმიერი ასაკის მკითხველის გულს იპყრობს.

ცოტა რამ ავტორის შესახებ: მიკ ჰერონი ბრიტანელი ნოველისტია, რომელიც მისტიკისა და ტრილერის ჟანრში მოღვაწეობს. მისი ნოველები: Slow Horses, Dead Lions, Real Tigers, Spook Street და Bad Actors ბესტსელერთა სიას იკავებს.

ავტორს ნოველისთვის Dead Lions, 2013 წელს მიღებული აქვს Crime Writers Association-ის ჯილდო.

აღსანიშნავია, რომ ხელმოცარულთა ბუნაგი დაწერილია კორონავირუსის პანდემიამდე, თუმცა აქ რეალური მსოფლიოს გამოძახილს აუცილებლად იპოვით, მათ შორის ცნობებს Brexit-სა და 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლასთან დაკავშირებით.

ასევე, წიგნის ერთ-ერთ პერსონაჟი, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და მუდმივად ველოსიპედით გადაადგილდება, გარკვეული წრეებისთვის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ასოცირდება, თუმცა ეს ავტორს არ დაუდასტურებია.

„ხელმოცარულთა ბუნაგი“ გამოგზაურებთ ბრიტანეთის მიწისქვეშეთში, სადაც წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. მთავარი პერსონაჟების ისტორიებს კი სუნთქვაშეკრული წაიკითხავთ.

წიგნი ქართულ ენაზე „პალიტრა L-მა“ გამოსცა და ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებში. ქართული ვერსიის შესაძენად დააჭირეთ აქ.

R