ავტორი:

"კრემლში, სიზმარში, შეერთებულ აფხაზეთს ხედავენ, არ დაიჯეროთ, რომ ეს ქართველების გასაბრაზებლად თქვა, ჩვენი რეაქცია შეამოწმეს" - რა რეაქცია მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთში მედვედევის განცხადებას

"კრემლში, სიზმარში, შეერთებულ აფხაზეთს ხედავენ, არ დაიჯეროთ, რომ ეს ქართველების გასაბრაზებლად თქვა, ჩვენი რეაქცია შეამოწმეს" - რა რეაქცია მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთში მედვედევის განცხადებას

"აფხაზეთში რუსეთთან შეერთების სურვილი არ აქვთ და ამ იდეას არც განიხილავენ. ის (რუსეთი) ჩვენი სანდო მეგობარია და ამას ძალიან ვაფასებთ", - ასე პასუხობენ აფხაზები რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

  • რა თქვა მედვედევმა?

“15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ქცევა. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის განმეორება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოლაპარაკებებით გადავჭრათ პრობლემები, თუმცა, თუკი ჩვენი შეშფოთება რეალურ სახეს მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავაც პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს”, - განაცხადა დიდმიტრი მედვედევმა.

  • რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, უპასუხა:

"რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავდა. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. არასოდეს მიგვიმართავს რუსეთის ფედერაციასთვის შეერთების თხოვნით. არ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთოებების ასეთ ფორმას განიხილავენ", - განაცხადა შამბამ.

მედვედევის განცხადებიდან მალევე მიმართვა გაავრცელა რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა, რომლის თქმითაც, ამ რეგიონების მიერთების თემა რუსეთში აქტუალური არაა.

აფხაზებში მედვედევის განცხადებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ნაწილი ზატულინის პოზიციამ დაამშვიდა, თუმცა ყველა არა. ისინი მიიჩნევენ, რომ ვინაიდან მედვედევმა ამ იდეაზე ისაუბრა, საფრთხე არსებობს და "ამას ზატულინის განცხადება ვერ აფერმკრთალებს".

"მედვედევის განცხადებას ასე კრიტიკულად არ შევაფასებდი - აფხაზები, სამწუხაროდ, პატარა ერი ვართ და არჩევანის უფლებას გვაძლევენ - ან გადავრჩეთ ან გავქრეთ... და კიდევ, რა მოგვიტანა ამ დამოუკიდებლობამ, მუდმივი არასტაბილურობა, შიში, სიღარიბე, კორუფცია და კლასებად დაყოფილი მოსახლეობა. რაიმე საფრთხის შემთხვევაში, შეგვიძლია თავის დაცვა? - არა. სიმართლეს თვალებში შეხედეთ",- მიაჩნია ირმა ხიშბას.

მას გამოეხმაურნენ სხვები და უპასუხს, რომ "აფხაზებს რუსეთთან შესაერთებლად არ უბრძოლიათ".

"აქ ვიღაცები წერდნენ, რომ ზატულინი ყოველთვის ჩვენს მხარეს იყო, თავს მოიტყუებთ, ხალხო, უბრალოდ, მან უკეთესად იცის შიდა სიტუაცია. მთლიანობაში კი, ყველაფერი ამისკენ მიდის, რა თქმა უნდა, თუ სირაქლემას პოზას არ მივიღებთ. ყველაფერი ნათელია. ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, რომ რეაქციებს ამოწმებენ. ეტყობა მედვედევს ყირიმი ვგონივართ", - მიაჩნია სოხუმელ ალა თარბას.

"ჩვენს მაღალიჩნოსნებში, ბევრისთვის, მოსკოვი დედასამშობლოა და ერთი სული აქვთ, სოციალურ ქსელში აფხაზეთი - რუსეთი ჩაწერონ. კრემლშიც სძინავთ და სიზმრად შეერთებულ აფხაზეთს ხედავენ, მაგრამ ჩვენ ამისთვის არ დაგვიღვრია სისხლი. არ დაიჯეროთ, რომ მედვედევმა ეს განცხადება ქართველების გასაბრაზებლად გააკეთა, ჩვენი რეაქცია შეამოწმეს.

თუ ვინმე აინტერესებს, დიახ, ის აღიარება აფიორა იყო და როცა მოუნდებათ, მაშინ წაიღებენ უკან. თანაც ამას ისე შეფუთავენ, თითქოს აფხაზეთის მოსახლეობამ მოითხოვა რუსეთთან ყოფნა, საქართველოს შიშით. თქვენ რა გგონიათ, ფასების ზრდის ტენდენცია რომ არ შეჩერდეს და რუსეთმა ხელფასებისა და პენსიების გადახდა რომ შეგვიწყვიტოს, ეს მოთხოვნა არ გაჩნდება?

ან ერთი საათით წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ბაზების გაყვანა რომ დაიწყონ, მოსაჩვენებლად, იმის დასამტკიცებლად, რომ მათ გარეშე დაუცველები ვართ. თან იმ ფონზე, როდესაც ამდენი სომეხი და რუსი იღებს ორმაგ, აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეობას", - მიაჩნია ლარა წვიჟბას.