ავტორი:

სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს: შოვში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს: შოვში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

ონში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

"მოგეხსენებათ, ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ძიებას აზრი ექნება და ყველა იმედი არ გადაიწურება.

"მაქსიმუმი არის, რომ ინახოს თითოეული ცხედარი. ამ ეტაპზე უკვე ორ ადამიანზე გვაქვს საუბარი. რაც შეეხება თეორიულ შანსებს, როგორც პირველივე დღეებში გავაჟღერეთ, გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე საბოლოოდ არ ამოიწურება ყველანაირი იმედი და სამუშაოების გაგრძელებას აზრი აღარ ექნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ შედეგები ალბათ იქნება ბოლომდე მიყვანილი, რაც ჩაფიქრებული გვაქვს“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.