შოვში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიიდან 22 დღე გავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 31 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან ზაზა მესხი და მისი ორი შვილი. ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ გარდაცვლილებს შორის ნახეს ზაზას მეუღლე, უკრაინელი ჟურნალისტი ალინა პოლიკოვსკა. რამდენიმე დღის წინ კი დადასტურდა მისი უფროსი შვილის გარდაცვალებაც.
როგორც ცნობილია, ზაზა მესხი უწერაში დასასვენებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად ავტომობილით გავიდნენ, რის შემდეგაც მათთან კომუნიკაცია ვეღარ მოხერხდა.
დაკარგული სამი შვილიდან ორი - ზაზა მესხს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ყოფილი მეუღლე სინტა დეპონტი სოციალურ ქსელში ამჯერად ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის წერს, გუშინ დღის ბოლოს შეატყობინეს, რომ ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი დიდი ალბათობით ზაზა მესხს ეკუთვნის.
"დღის ბოლოსკენ სიახლე შემოვიდა: მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა. დნმ-ანალიზები ტარდება და უახლოეს დღეებში 100% დარწმუნებით გვეცოდინება. ასევე ნაპოვნია ბიჭის ცხედარი, ანალიზს ველოდებით, რომ გავიგოთ, ვის ეკუთნის" - წერს სინტა დეპონტი.
ცნობისთვის, ონში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი გუშინ იპოვეს. სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.
"მოგეხსენებათ, ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ“, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა.