ავტორი:

"ყირიმში ოკუპანტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს" - უკრაინის შეტევა და რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე

"ყირიმში ოკუპანტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს" - უკრაინის შეტევა და რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "რუსეთის ტერიტორიას" ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია.

  • "ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით. საჰაერო თავდაცვის სისტემამ 42 უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა.

დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციის საკითხზე კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ასეთი ახალი ამბები “რა თქმა უნდა, ძალიან კარგ ემოციებს იწვევს.”

"ყირიმში სამხედრო და სამოქალაქო ოკუპანტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ იქ ბევრი სამოქალაქო პირია, რომლებიც ასევე ოკუპანტები არიან, ისინი მოვიდნენ და უკრაინის მოქალაქეების საკუთრება და შენობები დაიპყრეს. ანუ, იმას ვგულისხმობ, რასაც რუსეთი სულ აკეთებს, როდესაც ამა თუ იმ ტერიტორიაზე მიდის, რომელსაც იპყრობს, ის ცდილობს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ჩაანაცვლოს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამ შემთხვევაში რუსეთი თავისი გადასახლებული პირების ხარჯზე იპყრობდა, რომლებიც ყირიმში თავისი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩაჰყავდა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ბოლო ინციდენტები ადასტურებენ, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიების გათავისუფლებაში არ გაჩერდება და ამისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოიყენებს.