ავტორი:

დაძაბულობა იაპონია-ჩინეთს შორის: ფუკუშიმას ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრა დაიწყო - როგორია ჩინეთის პასუხი?

დაძაბულობა იაპონია-ჩინეთს შორის: ფუკუშიმას ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრა დაიწყო - როგორია ჩინეთის პასუხი?

იაპონიამ ფუკუშიმას დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრა დაიწყო და წყლის პირველი პარტია უკვე გაუშვა. ამაზე სწრაფი რეაგირება ჰქონდა ჩინეთს და პროტესტის ნიშნად, იაპონიიდან ზღვის პროდუქტის შეტანა აკრძალა.

Tokyo Electric Power Company Holdings-მა წყლის ჩაღვრის ამსახველი ვიდეო პირდაპირ ეთერში გაუშვა, რაც საკამათო პროექტის დაწყებას ნიშნავს, რომელიც სავარაუდოდ, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება.

წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრას ეწინააღმდეგებოდნენ ასევე იაპონელი მეთევზეებიც იმ შიშით, რომ ეს მათი ზღვის პროდუქციის რეპუტაციას შებღალავდა. შეშფოთება გამოხატეს ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში მყოფმა ჯგუფებმაც, რამაც ეს პოლიტიკურ და დიპლომატიურ პრობლემად აქცია.

წყლის ოკეანეში ჩაღვრის საპასუხოდ, ხუთშაბათს, ჩინეთის საბაჟო ორგანოებმა განაცხადეს, რომ იაპონიიდან ზღვის პროდუქტების შეტანას დაუყოვნებლივ შეწყვეტდნენ. ჩინეთის ხელისუფლებამ კი პირობა დადო, რომ ისინი აქტიურად მიიღებენ მარეგულირებელ ზომებს, რათა თავიდან აიცილონ ბირთვული წყლის რისკები.

მაგრამ მეზობელი ქვეყნების კრიტიკაზე იაპონიას თავისი პასუხი აქვს. იაპონიის მთავრობა და TEPCO აცხადებენ, რომ წყალი აუცილებლად უნდა ჩაიღვაროს ოკეანეში, რათა გაუქმდეს ატომური ელექტროსადგური და თავიდან აირიდონ წყლის შემთხვევითი გაჟონვა. მათი თქმით, რადიოაქტიური წყლის დამუშავება და ოკეანის წყალთან გაზავება ჩამდინარე წყლებს საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით უსაფრთხოს გახდის და მისი გარემოზე ზემოქმედება უმნიშვნელოდ მცირე იქნება.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ დაბალი დოზის რადიოაქტიურობა, რომელიც ფუკუშიმას ელექტროსადგურის წყალშია დარჩენილი, გრძელვადიან ზემოქმედებას მოახდენს და ყურადღება სჭირდება.

ხუთშაბათს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა: "ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ადგილზე იმყოფებიან, რათა რადიოაქტიური წყლის გეგმის მიხედვით ჩაღვრა უზრუნველყონ”.

გაეროს სააგენტომ ცალკე განცხადება გააკეთა, რომელშიც ამბობს, რომ სპეციალურ ვებგვერდს შექმნის, რათა ხალხს შეეძლოს ლაივ-რეჟიმში ადევნოს თვალი წყლის ჩაღვრას. გაერომ დასძინა, რომ ადგილზე იმუშავებს IAEA და მთელ პროცესს თვალს ადევნებს.

ფუკუშიმას მეთევზეობა, ტურიზმი და ეკონომიკა ჯერ კიდევ არაა კატასტროფისგან სრულიად რეგენერირებული. მაცხოვრებლები შიშობენ, რომ წყლის წყნარ ოკეანეში ჩაღვრა ახალ სირთულეებს წარმოშობს.

წყარო: euronews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა